Thursday, January 23, 2014

პროდუქტის მიმოხილვა: X-Mini II Portable Capsule Speaker

პროდუქტის სახელი: X-Mini II Portable Capsule Speaker

აღწერა: პორტაბელური დინამიკი
ფასი: $15-$20
ბმული: შეიძინეთ ამაზონზე

ეს არის პორტაბელური დინამიკი. იდეალურია მოგზაურობისთვის, ლაშქრობებისთვის, პიკნიკებისთვის ან ოფისისთვის. პირველად 6 თვის წინ შევიძინე და დღემდე გამართულად მუშაობს. ხმა საკმაოდ ძლიერი აქვს და, ამავდროულად, ხარისხიანი. ამ დინამიკის მთავარი ხიბლი ალბათ იმაშია, რომ ბასები ძალიან კარგად ისმის. ამავდროულად, თუ რამდენიმე მათგანს შეიძენთ, შესაძლებელია ერთმანეთს დაუკავშიროთ და სტერეო ეფექტი შექმნათ.

კომპლექტში შედის ერთი დინამიკი, ერთი შალითა და USB კაბელი მის დასატენად.



ერთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ - არ შეინახოთ დინამიკი დახურულ მდგომარეობაში დიდხანს, თორემ მერე აღარ გაიშლება ბოლომდე და ბასების ეფექტს დაკარგავს. ამ სურათზე მარცხნივ ახალი დინამიკია, ხოლო მარჯვნივ ძველი, რომელსაც გარკვეული დროით ვინახავდი დახურულს.

დინამიკები როცა გახსნილია, ბასები უკეთ ისმის. დახურული კი ძალიან კომპაქტურია.

 ეს კი ვიდეო, თუ როგორ შეიძლება დაუკავშიროთ ორი ასეთი დინამიკი ერთმანეთს უკეთესი ხმის მისაღებად:

რაგბის ფოტოგრაფია

რაგბი, როგორც სპორტი, სკოლის ასაკიდან მომწონდა, მაგრამ სერიოზულად გარკვევა მოგვიანებით დავიწყე. ნაკრების თამაშებს უკვე დიდი ხანია არ ვტოვებ (შინ) და როცა თამაში გასვლაზეა, სადაც არ უნდა ვიყო, რა დროც არ უნდა იყოს, ეკრანს ვარ მიჯაჭვული. მე თავად პირველად რამდენიმე წლის წინ ვითამაშე - ბათუმში ქვიშის რაგბის სამოყვარულო ტურნირი იმართებოდა და სწორედ იქ მოვიწამლე საბოლოოდ რაგბით. 

რაგბის გადაღებაში ჩემი სტაჟი გაცილებით მოკრძალებულია. პირველად 2013 წლის მარტში გავბედე, ერთა თასის თამაშებზე, მიმეწერა რაგბის კავშირისთვის აკრედიტაციის მიღებაზე. თავი წარვადგინე, როგორც Freelance ფოტოგრაფი და ძალიან გამიკვირდა, რომ დამთანხმდნენ (გადაღებული სურათების უსასყიდლოდ მიცემის "საფასურად"). მაშინ ჩემი აღჭურვილობა, რაც შესაძლოა გამომდგომოდა, იყო Nikon D90 და 18-200მმ ობიექტივი. თამაში დღისით იმართებოდა და ადვილად "გამოვძვერი". სურათები მეტ-ნაკლებად ნორმალური გამოვიდა, მე კი თითქმის იმდენი ვირბინე გადაღებისას, რამდენიც კიდის მსაჯმა.

მაშინ მივხვდი, რომ ეს საქმე საერთოდ არ არის მარტივი და არაფრით გავს ფოტოგრაფიის სხვა ჟანრებს, სადაც აქამდე გამომიცდია საკუთარი თავი. ახლა უკვე გადაღებული მაქვს 6 თამაში, განვაახლე ჩემი აღჭურვილობა და გარკვეული ცოდნაც შევიძინე. ინტერნეტ-რესურსები რომ უსაზღვროა, არახალია. ამავდროულად, კარგი ის არის, რომ წყაროების უმეტესობა სრულიად უფასოა. ამან მე საშუალება მომცა ბევრი რამე მესწავლა ჩემთან შედარებით გამოცდილი ხალხისგან და ბევრი დრო და კამერის რესურსიც დამაზოგინა.
იმედია, რაგბის ფოტოგრაფიის შესახებ პოსტების სერია სხვა დამწყებ ფოტომოყვარულებს დაეხმარება, მე კი მივიღებ მეტ რჩევას უფრო გამოცდილი ფოტოგრაფებისგან, თუკი ვინმე წააწყდება ამ პოსტს.

რითი გადავიღოთ?
ამბსოლუტური მინიმუმი არის ფოტო აღჭურვილობა 100მმ-იანი ფოკუსური მანძილით. თუმცა ამ საქმით სერიოზულად დაკავების სურვილი თუ გაქვთ, გარკვეული ინვესტიციის განხორციელება მოგიწევთ.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ $20,000-ის დახარჯვის გარეშე რაგბის გადაღების მცდელობა უშედეგოა. მე მინახავს სტადიონზე აკრედიტებული ფოტოგრაფები სამოყვარულო, კომპაქტური ფოტოაპარატებით (სუპერ-ზუმები). მინახავს აგრეთვე საოცნებო ტექნიკით აღჭურვილი ჟურნალისტებიც. მთავარი მაინც მონდომებაა და ალღო. უკეთესი ტექნიკა მხოლოდ საქმეს ამარტივებს.
ჩემი ამჟამინდელი აღჭურვილობა:
Nikon D90 (ძირითადი აპარატი)
Lumix FZ-50 (სათადარიგო აპარატი)
Nikon 80-200mm f/2.8
Nikon SB-700
Oben ACM-1400 Monopod + Ball Head
ვერ ვიტყვი, რომ ეს იდეალური ნაკრებია, მაგრამ საქმეს თავს ვართმევ. 2 აპარატი დამაქვს თან. რადგან 80-200მმ ლინზით ახლო კადრებს ვერ გადაიღებ (თანაც პატარა სენსორის გამო რეალურად ფოკუსური მანძილი 120-300მმ-ია). მეორე აპარატს სწორედ ახლო კადრებისთვის ვიყენებ. სისწრაფე რაგბის გადაღების დროს უმთავრესია, ამიტომ მთავარ კამერაზე ლინზის შეცვლის დრო არ არის. თუ თქვენ კამერას ახლა არჩევთ, ბიუჯეტის გათვალისწინებით, გირჩევდით Nikon D300-ს ან D300s-ს. თუ ჯიბე გაწვდება, Nikon D3, D3s ან D4. არ გირჩევდით Nikon D800-ს. ცხადია, ეს ძალიან კარგი კამერაა, მაგრამ სპორტისთვის არა - გადაღების მაქსიმალური სისწრაფე 5 კადრი წამში ცოტაა. შედარებით ხელმისაწვდომი დიდ სენსორიანი (36x24მმ) D610-ც კარგი ვარიანტი უნდა იყოს (6 კადრი წამში), თუმცა მის წინამორბედს (D600) სენსორზე მტვერი და სხვა ლაქები აჩნდებოდა 5000 კადრის შემდეგ, ამიტომ მე ფრთხილად ვიქნებოდი, სანამ $2,000-ს გადავიხდიდი ფოტოაპარატში.

ლინზებში არჩევანი მეტია. მთავარია ის შუქმგრძნობელი იყოს, ან სტაბილიზატორი ჰქონდეს, ან ორივე ერთად (იდეალურია)

DX vs FX
ნიკონი თავისი კამერების ხაზს სენსორის ზომის მიხედვით ჰყოფს DX და FX ტიპად. DX-ის სენსორის ზომაა 24x16, ხოლო FX კამერებს კი 36x24 ზომის სენსორი აქვთ (35 მილიმეტრინი ფირის კადრის ზომის).
ბევრი სტატია მინახავს, სადაც საუბრობენ პატარა სენსორიანი კამერის უპირატესობაზე სპორტის გადაღებისთვის. თუმცა ეს უბრალოდ არასწორია. DX, ანუ მცირე ზომის სენსორიანი კამერები მხოლოდ იმის გამო მოიგონეს, რომ ცოფრული ფოტოაპარატების გამოჩენისას სენსორის დამზადება ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამიტომ მისი ზომა შეამცირეს და ამით ციფრული კამერა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს.
FX, ანუ Full Frame კამერების დიდი უპირატესობა არის მათი შუქმგრძნობელობა. სპორტის გადაღებისას კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თამაშები ხშირად დღის მეორე ნახევარში, ან საერთოდაც საღამოს იმართება. აღარაფერს ვამბობ სურათის სიღრმის შეგრძნებაზე, რაც სრულიად განსხვავებული ამ ორი ტიპის კამერებს შორის.

აქსესუარები
როცა ფოტოაპარატი ვიყიდე, მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ერთი აპარატის ფასს მოგვიანებით მის აქსესუარებში დავხარჯავდი. ფრთხილად იყავით! ნარკოტიკივით არის და ჩათრევა იცის! 
თუ ცხოვრების გამარტივება და ტექნიკის დაცვა გსურთ, აქსესუარების შემდეგი ნაკრები უნდა შეაგროვოთ:
UV ფილტრი ლინზისთვის - მას ოპტიკური ეფექტი არ აქვს, უბრალოდ იცავს ლინზას ნაკაწრებისა და მტვრისგან.
წვიმისგან დამცავი - რაგბის თამაშები ღია ცის ქვეშ იმართება და მე არ გავრისკავდი კადრების ხელიდან გაშვებას წვიმის გამო
მონოპოდი - თუ თქვენი ტექნიკა ისე დამძმდება, რომ 2 საათის განმავლობაში არ გინდათ კისერზე გედოთ მთელი სიმძიმე, მაშინ მონოპოდი უნდა შეიძინოთ.
კამერის საკიდი - რაც თქვენს ფოტოაპარატს მოყვა, ფრთხილად მოხსენით და უჯრაში შეინახეთ. თქვენ კი უფრო კომფორტული და მოსახერხებელი შეიძინეთ.

რა უნდა იცოდეთ
მხოლოდ ის ფაქტი, რომ თქვენ კარგი აპარატი გაქვთ, საკმარისი არ არის მოედანზე მოსახვედრად. ყოველი თამაშის ან ტურნირის წინ საქართველოს რაგბის კავშირი აცხადებს ჟურნალისტთა აკრედიტაციას. როგორც წესი, ეს პროცესი 2-3 კვირით ადრე იწყება და თამაშამდე 5-7 დღით ადრე მთავრდება. ამიტომ უნდა მოასწროთ და განაცხადი გააგზავნოთ.
აკრედიტაციის მიღების შემდეგ რაგბის კავშირიდან დაგიკავშირდებიან და გაგაცნობენ ღონისძიების განრიგს. როგორც წესი, თამაშის წინა დღეს იმართება ღია ვარჯიში, კაპიტნის ვარჯიში და/ან პრესკონფერენცია. თქვენ საშუალება გაქვთ მიხვიდეთ და გადაიღოთ. ეს კარგიც არის იმ შემთხვევაში, თუ თამაში იმავე მოედანზე იმართება - შეძლებთ დაზვეროთ პერიმეტრი, განათების წერტილები, ტრიბუნები და გადაღების გეგმა მოიფიქროთ წინასწარ.
თამაშის დღეს სტაგიონზე დროულად უნდა მიხვიდეთ და ფოტოგრაფებისთვის განკუთვნილი შესასვლელით ისარგებლოთ. აკრედიტაცია "ქსივა" არ არის, რომ სადაც მოისურვებთ, იქ იაროთ. მოედანზე გარკვეული შეზღუდვებია, რასაც იქვე აგიხსნიან - ძირითადა ტელეკამერების მხარეს მოძრაობაა შეზღუდული და, ცხადია, სათამაშო სივრცეში შესვლა.
არ შეიძლება მოედანზე საჭმლის წაღება. ერთხელ შესვენებისას სნიკერსს ვჭამდი ჩემთვის და საყვედური მივიღე ამის გამო.

1 თებერვლიდან ერთა თასის თამაშები იწყება. ასე რომ მოემზადეთ - ზოგი საქომაგოდ, ზოგიც გადასაღებად!

ქართველი მორაგბეები ზეიმობენ გამარჯვებას. საქართველო - სამოა

Friday, January 17, 2014

როგორ შევარჩოთ ახალი ფოტოაპარატი

ბოლო დროს გახშირდა "რომელ აპარატს მირჩევდი" ტიპის შეკითხვები. ამიტომ გადავწყვიტე ორიოდ სიტყვით დამეწერა ჩემი ზოგადი პასუხი ამ და ყველა სხვა მსგავსი ტიპის კითხვაზე. 

დასაწყისშივე უნდა გითხრათ, რომ ქვემოთ მოცემული ტესტი არ არის არც რჩევა და არც რეკომენდაცია. ეს არის ჩემი აზრი, რა უნდა გაითვალისწინოთ ახალი (ა-ხ-ა-ლ-ი) ციფრული ფოტოაპარატის ყიდვისას.

მთავარი, რაზეც პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, არის ფოტოაპარატის თქვენთვის შესაფერისი ტიპი. საუბარია მხოლოდ ფოტოაპარატის ტიპზე და არა კონკრეტულ მოდელზე. მოდელის შერჩევა უკვე შემდეგი ეტაპია, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ეცადეთ გულწრფელი პასუხი გასცეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვას და გაიგეთ, რა სახის აპარატი გჭირდებათ სინამდვილეში

რა არის თქვენი მთავარი მიზანი ფოტო აპარატის ყიდვისას:
ა) ვაპირებ ფოტოგრაფიის სერიოზულად შესწავლას და მესაჭიროება ფოტოაპარატი
ბ) მჭირდება ზოგადი მოხმარებისთვის, გარკვეული ვარ ფოტოგრაფიის საწყისებში, თუმცა პროფესიონალურად არ ვაპირებ ამ საქმის გაყოლას
გ) ფოტოგრაფიის აზრზე არ ვარ. უბრალოდ მინდა სულ თან მქონდეს აპარატი და დავაფიქსირო საინტერესო კადრები ყოველდღიური ცხოვრებიდან.
დ) ხშირად მიწევს ბუნებაში სიარული, მიყვარს თხილამურებზე დგომა და ექსტრიმი. მინდა თან ვატარო ფოტოაპარატი, რომელიც არ დამამძიმებს და არც უამინდობაში ან ძირს დავარდნისას გაფუჭდება
ე) ძალეან ძერსკად მინდა გამოვიყურებოდა და პროფესიონალს ვგავდე სურათებისა გადაღებისას


თუ თქვენი პასუხია:

ა - თქვენ გჭირდებათ სარკული ფოტოაპარატი, ე.წ. DSLR აარჩიეთ ამ ჩამონათვალიდან თქვენთვის სასურველი: http://www.bhphotovideo.com/c/buy/DSLR-Cameras/ci/6222/N/4288586280

ბ - თქვენ გაქვთ არჩევანი უსარკო ფოტოაპარატებსა და გაუმჯობესებულ კომპაქტურ აპარატებს შორის. შეგიძლიათ აარჩიოთ აქედან http://www.bhphotovideo.com/c/buy/Mirrorless-System-Cameras/ci/16158/N/4288586281 ან აქედან http://www.bhphotovideo.com/c/search?atclk=Still+Image+format_RAW%2c+JPEG&ci=8612&N=4288586279+4236029800

გ - თქვენ გჭირდებათ მარტივი კომპაქტური ფოტოაპარატი http://www.bhphotovideo.com/c/search?atclk=Still+Image+format_JPEG&ci=8612&N=4288586279+4236029801

დ - წყალგამძლე, დარტყმაგამძლე და სპეციუალურად ექსტრემალური პირობებისთვის შექმნილი ფოტოაპარატები იხილეთ აქ http://www.bhphotovideo.com/c/search?atclk=Features_Waterproof%2fShockproof&ci=8612&N=4288586279+4294956508 ან პირდაპირ GoPro იყიდეთ, არ ინანებთ http://www.bhphotovideo.com/c/search?Ntt=gopro&N=0&InitialSearch=yes&sts=ma&Top+Nav-Search=

ე - თქვენ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა ხართ. რაც გინდათ ის იყიდეთ, მაინც iPhone-ით გადაიღებთ დაქფეისებს

როგორ გადავიღე სურათი

ეს პირველი ჩანაწერია ამ სერიიდან. სერიის არსი მარტივია და, როგორც სათაურიდანაც ჩანს, მოგიყვებით ერთი სურათის გადაღების ისტორიას.
ამ სურათის გადაღების იდეა www.boredpanda.com-ის დათვალიერებისას გაჩნდა და მოვინდომე, მეც მეცადა რაღაც ასეთივე. რამდენიმე წარუმატებელი კადრის შემდეგ გამომივიდა ის, რაც მინდოდა. მე ამ სურათს დავარქვი "ფილარმონია". სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ადამიანს მართლა ეგონა, რომ ეს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სურათი იყო.
ფილარმონია (c) ლევან ვერძეული
პარამეტრები: ISO 200, F3.5, დაყოვნება 5 წამი

გადაღებისთვის საჭიროა:
1) ფოტოაპარატი (სასურველია ციფრული ფოტოაპარატი, რომელზეც შესაძლებელია დაყოვნების კონტროლი)
2) ზუმ ობიექტივი (თუმცა ეს კონკრეტული სურათი ფიქსირებული ობიექტივით გადავიღე)
3) კლავიატურა, რომელიც ანათებს
4) შტატივი

გადაღების ინსტრუქცია:
ეს სურათი ბნელ ოთახში უნდა გადაიღოთ. ფოტოაპარატი მოათავსეთ კლავიატურის ზემოთ და მის პარალელურად. ფოტოაპარატი დააყენეთ "Manual" რეჟიმზე და ბნელ ოთახში გადაიღეთ სატესტო კადრი, რომ გაიგოთ ზუსტი ექსპოზიციისთვის საჭირო პარამეტრები. ამ ეფექტის მისაღებად დაყოვნება 3 წამზე მეტი უნდა იყოს. თუ თქვენი ოთახის განათება ამის საშუალებას არ იძლევა, დახურეთ დიაფრაგმა ან შეამცირეთ ISO მგრძნობიარობა. ექსპოზიციის ზუსტი პარამეტრების შეყვანის შემდეგ გადაღების დროს ობიექტივის ზუმის გამოყენებით მიიღებთ ასეთ შედეგს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადაღების დროს კადრი უნდა მოაახლოვოთ.
როგორც ზემოთ ვთქვი, ეს სურათი ზუმ ობიექტივის გარეშე გადავიღე. "ამობურცული" ეფექტის მისაღებად გამოვიყენე ე.წ. "თევზის თვალი" ობიექტივი. კადრის მოსაახლოვებლად გადაღების მომენტში შტატივი მე თავად ხელით მივაახლოვე განათებულ კლავიატურას.

გამოყენებული ტექნიკა:
Nikon D90
Rokinon 8mm fisheye
Oben Tripod, Ball head
Asus laptop

წარმატებებს გისურვებთ და, თუ თქვენც გადაიღებთ, არ დაგავიწყდეთ შედეგების გაზიარება!