Sunday, February 23, 2014

ფიქრნი ბრდღვნის პირას

დამოუკიდებელი საქართველოს რაგბის ისტორიაში მე არ მახსენდება სხვა მეტოქე, რომელსაც იმდენი გულშემატკივარი მოჰყავს სტადიონზე, რამდენიც რუსეთის ეროვნული ნაკრების თბილისში ჩამოსვლას. ტრადიცია არც ამჟამად დაირღვა და ეროვნული (ოფიციალურად "დინამო არენა") ლასლასით, მაგრამ სრულად შეივსო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები

მატჩისწინა პერიოდი

როდესაც საქართველოს რაგბის კავშირმა თებერვალ-მარტის თამაშების მასპინძელი სტადიონების სია გამოაქვეყნა, მაშინვე ატყდა ვაი-ვიში. რაგბის დარბაისელი* გულშემატკივარი მწუხარებით იუწყებოდა, რომ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე ბევრი "სემიჩკის მჭამელი" გულშემატკივარი მოვიდოდა და ტრიბუნებზე რაგბისთვის შეუფერებელი ატმოსფერო შეიქმნებოდა. სიტყვა "დარბაისელს" პირობითად ვიყენებ, თორემ სინამდვილეში ახალგაზრდებიც ბევრნი არიან სტაჟიან, გათვითცნობიერებულ გულშემატკივართა რიგებში. მათი პროგნოზი და წუხილი საფუძვლიანი იყო, განსაკუთრებით 23 ნოემბრის მატჩის შემდეგ, როცა "სემიჩკის მჭამელმა" გულშემატკივრებმა სამოას "სივა ტაუ"-ზე გამაყრუებელი სტვენა მორთეს.

მართლაც, თამაშამდე ორი კვირით ადრე forum.ge-ზე გამოჩნდა თემა, სადაც იგეგმებოდა მასშტაბური სტვენა რუსეთის ჰიმნის შესრულებისას. რაც არ უნდა მოსალოდნელი იყოს, მაინც აღვნიშნავ, რომ თემის ავტორი ფეხბურთის გულშემატკივარი იყო. ეს იყო და ამის შემდეგ რაგბის გულშემატკივართა მთავარი ონლაინ პლაცდარმი ფრონტის ხაზად გადაიქცა. ერთნი "სემიჩკის მჭამელ" მხოლოდ რუსეთთან თამაშზე მოსიარულეებს ეძახდნენ საპირისპირო ბანაკს, ხოლო მეორენი კარჩაკეტილობაში ადანაშაულებდნენ რაგბის დარბაისელ ქომაგებს.

ჯამში, ერთი კარგი შოუ დაიდგა, რამაც პირადად მე რამდენიმე საღამო გამიხალისა.

წარსული

რუსეთთან აქამდე 17-ჯერ გვეთამაშა და მხოლოდ ერთხელ, ისიც შორეულ 1993-ში დავმარცხდით პოლონეთში. ამის შემდეგ მხოლოდ ერთი ფრე გაუვარდათ რუსებს და დანარჩენი 15 თამაში ჩვენ მოვიგეთ. სრულად წარსული

ერთა თასის თამაშები ისეთ დროს იმართება, რომ რუსეთს უთოვლო სტადიონები ამ პერიოდში ცოტა აქვს, ისიც სამხრეთის მიყრუებულ ქალაქებში. ამიტომ ჩვენებს ჯერ იქამდე ჩაღწევის პრობლემა აქვთ ხოლმე, მერე კიდევ გულშემატკივრები ხანდახან მოხალისე გულშემატკივრების ვიდეო-სტრიმის იმედად ვართ, რადგან პირდაპირ ტრანსლაციას მასპინძლები არ უზრუნველყოფენ.

2008 წლის ომის შემდეგ ნეიტრალურზე მოგვიწია რუსეთთან თამაში. ჩვენ ტრაბზონში "ვუმასპინძლეთ" 2010-ში, მანამდე კი მათ რუსულ-უკრაინულ მარიუპოლში 2009 წელს.

რადგან რუსეთთან 1993-ის შემდეგ არ წაგვიგია, რადგან 2008 წლის ომი ყველას გვახსოვს და თვითონ რადგან რუსეთი, როგორც ასეთი, არავის გვიყვარს, ამიტომ ყველანი, მეც, "სემიჩკის მჭამელებიც" და "დარბაისელი" გულშემატკივრებიც ბრდღვნას ველოდებოდით შაბათს ეროვნულზე.

თამაშის დღე

თამაშზე, ტრადიციულად, ერთი საათით ადრე მივედი და მედიაცენტრში ფოტოგრაფის მაისური მოვირგე. ტექნიკის გამართვის შემდეგ საქმეს შევუდექი და გეგმიური პირველი ფოტო გადავიღე. ამ დროს თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი და ტრიბუნებზე 5 ათასი კაცი თუ იქნებოდა ჯერ.

ეროვნული სტადიონი aka "დინამო არენა"
თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადამყიდველები სალაროსთან მისულ გულშემატკივრებს ატყუებდნენ, რომ ბილეთები გაიყიდა. ჰოდა მეც გულმა რეჩხი მიყო და ვიფიქრე, ვაითუ მართლა სანახევროდ შევსებულ სტადიონზე გვიხილოს მეთქი IRB-ის თავმჯდომარემ, ბატონმა ლაპასმა.

წუთებიღა რჩებოდა თამაშის დაწყებამდე, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნები შეივსო. ალაგ-ალაგ უკრაინის დროშები შევნიშნე. ქართველმა ხალხმა ორგანიზებულად გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ერის მიმართ. რუსეთის ჰიმნის დაწყებისთანავე აპოკალიპტური სტვენა ატყდა ეროვნულზე. გაიშალა უკრაინის მოზაიკური დროშაც.
რაც მე ყველაზე მეტად არ მომეწონა და რაც გულშემატკივრების დიდ კომპლექსად რჩება, არის სამარისებური სიჩუმე ჩვენს საკუთარ ჰიმნზე. ნუთუ ასე ძნელია ორი სტროფის ომახიანად სიმღერა?

სოლიდარობა უკრაინას
ცეცხლი აინთო და თამაში ჩვენი შეტევით დაიწყო. მე-4 წუთზე მეკოს უბრდღვნელესი დრიბლინგი რაღაც ეშმაკების გამო არ დასრულდა ლელოთი. სამაგიეროდ, მეკოსავე დაკიდებულ ბურთზე დაუფარეს რუსებმა და პირველი ლელო სწორედ მათ დაგვიდეს. გარდასახვის შემდეგ ტაბლოზე 0:7 და გამაყრუებელი სტვენა ტრიბუნებზე. არსაც ჩანდა ის ბრდღვნა, რასაც ასე ველოდით ყველა. პირველი ტაიმი უღიმღამოდ მოვიგეთ 10-7.

მეკო დრიბლინგის შემდეგ ვერ დებს ლელოს

შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა საქართველოს ნაკრები გამოვიდა. ამასობაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნებიც შევსებულიყო და ნამდვილი სარაგბო ატმოსფერო ტრიალებდა ეროვნულზე. ჩვენმა მწვრთნელებმა რუსებს ის ერთადერთი კოზირი წაართვეს, რის გამოყენებასაც მთელი პირველი ნახევარი ცდილობდნენ - ბურთის გადაკიდება და უამინდობის გამო ჩვენი უკანახაზელების შეცდომებით ხეირი. მეორე ტაიმში ოთხი ლელო დავდეთ, მათ შორის ერთი ტექნიკური. თითოჯერ დაალელოეს ნაკრებში დაბრუნებულმა გორგოძემ და ზირაქამ. ბეკებიდან გუშინ მხოლოდ ზიბზიბაძემ დადო ლელო, რაც მიანიშნებს, რომ თამაში (ისევ) უფრო ძალისმიერი იყო, ვიდრე ხელდახელ.

მამუკა გორგოძის ლელო
ჯამში, ბრდღვნა შედგა. ხუთი ლელო ერთის წინააღმდეგ. ყველა ტიპის გულშემატკივარმა გული მოიოხა. გამწარებული რუსული ფორუმი თამაშის შემდეგ წერდა, 55 ათასი ქართველი 15 რუსის წინააღმდეგ თამაშობდაო. ეს ერთი და სხვა მრავალი, რაგბის ყველანაირო გულშემატკივარო!

მორაგბეები მადლობას უხდიან გულშემატკივარს
ამ გამარჯვებით საქართველო ზედიზედ მეოთხედ გავიდა რაგბის მსოფლიო თასზე (ინგლისი, 2015). თუმცა ერთა თასის მიმდინარე გათამაშებაში კიდევ ორი შეხვედრა გვაქვს: 8 მარტს მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა ერთა თასის გამარჯვებულის გამოსავლენად 15 მარტს, თბილისში, მ.მესხის სტადიონზე შედგება რუმინეთის წინააღმდეგ.

გახსოვდეთ, რაგბი რუსეთთან მოგებით არ მთავრდება. მწვრთნელთა და მორაგბეთა თხოვნაა, რომ რუმინეთის წინააღმდეგ 15 მარტს ისევე შეივსოს ტრიბუნები, როგორც გუშინ ეროვნულზე. გაიყიდება უამრავი "სემიჩკა" და იქნება მორიგი ბრდღვნა, ამიტომ გელოდებით რაგბის ყველა გულშემატკივრას 15 მარტს, 17:00 საათზე, მიხეილ მესხზე.

როგორი არ უნდა იყოს რაგბის სურათები

ხარისხიანი სურათების გადაღების ერთ-ერთი გზაა იცოდე, როგორი სურათები არ უნდა გადაიღო. ასე რომ, ბევრი შესავლის გარეშე - რას უნდა ერიდოთ რაგბის სურათების გადაღებისას:


1) ცარიელი ტრიბუნები. არც ერთ გუნდს და არც გულშემატკივარს არ სურს იხილოს, როგორ თამაშობს მისი გუნდი ცარიელი ტრინუმენის ფონზე.
ცუდი კადრი

კარგი კადრი

2) მიეცით მოთამაშეს სამოძრაო სივრცე, თორემ ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ახლა კედელს ან სურათის ჩარჩოს უნდა დაეჯახოს... თუ გრძნობ თამაშის განვითარების მიმართულებას, კომპოზიცია ისე უნდა შეარჩიო, რომ მოთამაშე(ები) კადრის ერთ მესამედში ჩატიო, ორი მესამედი კი ღიად დატოვო.
ცუდი კადრი
კარგი კადრი


3) არ გადაიღოთ მოთამაშეები ზედხედით (ტრიბუნიდან ან ფეხზე დამდგარმა), რადგან ისინი მინიატურულები გამოჩნდებიან. პროფესიონალი ფოტოგრაფები მუდამ მუხლებზე დგანან სურათების გადაღებისას, რათა სპორტსმენები გიგანტურები გამოჩნდნენ.
ცუდი კადრი
კარგი კადრი


4) საერთო ხედი - ეს არავის აინტერესებს, ისედაც ხედავს მაყურებელი საკუთარი თვალით. ხალხს ახლო ხედები უნდა! ერთადერთი საერთო ხედი, რაც ეფექტური შეიძლება იყოს, ეს არის "თევზის თვალით" გადაღებული პანორამა.
ცუდი კადრი

კარგი კადრი
5) მოედნის კიდიდან გადაღებული კადრები არც ისე ეფექტური გამოდის, როგორც ლელოს (რომელსაც ჩათვლის მოედანსაც ეძახიან ხშირად და არასწორად) უკნიდან. თამაში სწორედ მეტოქის ლელოს მიმართულებით ვითარდება და თუ სწორედ აქ ჩასაფრდები, აუცილებლად გამოვა ეფექტური კადრი.
ცუდი კადრი

კარგი კადრი

როგორ გადავიღე სურათი #3

5 წამი, f/22, ISO 320

ეს სურათი 2012 წლის ოქტომბერში გადავიღე, იუსტიციის სახლის [ნაწილობრივ] გახსნიდან ცოტა ხნის შემდეგ. სურათის გადასაღებად "გრძელი ექსპოზიცია" გამოვიყენე, რათა გამვლელი მანქანებისგან ასეთი ეფექტი შემეფმნა.

გამოყენებული ტექნიკა:

  • NIkon D90
  • Nikkor 18-200mm VR II
  • შტატივი

ზოგადად, გრძელი ექსპოზიციით გადაღებისას დისტანციური პულტის გამოყენება სასურველია. თუმცა, როცა ის თან არ მაქვს, ვიყენებ ტაიმერს, რათა კამერას სურათის გადაღებისას რყევა არ ჰქონდეს.

ფორმატის გამო ეს სურათი პანორამას ჰგავს, სინამდვილეში უბრალოდ სტანდარტული 4x3 ზომის სურათი მოვჭერი ისე, რომ 16x9 ფორმატს დამსგავსებოდა.

თუ გაქვთ გრძელი ექსპოზიციით გადაღებული საინტერესო კადრები, გაგვიზიარეთ კომენტარებში.

Saturday, February 22, 2014

Tuesday, February 18, 2014

ნიკონის ლინზების TOP 3

თუ თქვენ აპირებთ მორიგი ლინზის შეძენას და არ გაქვთ გადაწყვეტილი, რომელი შეიძინოთ, იმედია ეს შედარება დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.



ამჟამად ნიკონი DSLR კამერებისთვის აწარმოებს და ყიდის 79 სხვადასხვა ლინზას და 4 კონვერტორს. მათ შორის:

მაკრო ლინზები - 10
თევზის თვალი - 2
ფართო კუთხიანი - 32
200mm ან მეტი წვდომით - 22
შუქმგრძნობელი (f/2.8 ან ნაკლები) - 48
DX ლინზები - 18
FX ლინზები - 61
და ა.შ.

ამ ჩანაწერში მოცემული ლინზების შედარება ეფუძნება ჩემ მიერ მოგონილ მოდელს. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს არ არის ლინზების ოპტიკური ხარისხის შედარება. ამის არც ტექნიკური და არც მატერიალური საშუალება ამ ბლოგის ავტორს არ გააჩნია. ქვემოთ მოკლედ მოგიყვებით იმ ძრითად დაშვებებზე, რაც გამოვიყენე მოდელში. კითხვების ან იდეების შემთხვევაში, დატოვეთ კომენტარი. ახლა კი ლინზები TOP სამეულები:

ყველაზე ყველაზე TOP-3

  1. Nikon AF-S VR Micro-Nikkor 105mm f/2.8G ($799.95)
  2. Nikon AF-S Micro-Nikkor 60mm f/2.8G ($599.95)
  3. Nikon AF-S NIKKOR 200mm f/2G ED VR II (5,999.95)

საუკეთესო ზუმ ლინზა

  1. Nikon AF-S Nikkor 14-24mm f/2.8G ($1,999.95)
  2. Nikon AF-S Nikkor 70-200mm f/2.8G ED VR II ($2,399.95)
  3. Nikon AF-S Nikkor 17-35mm f/2.8D ($1,954.95)

საუკეთესო ტელეფოტო ლინზა $3,000-მდე

  1. Nikon AF-S Nikkor 70-200mm f/2.8G ED VR II Lens ($2,399.95)
  2. Nikon AF-S Nikkor 300mm f/4D ED-IF ($1,494.95)
  3. Nikon AF Nikkor 80-200mm f/2.8D ED ($1,224.95)

საუკეთესო ფიქსირებული ლინზა $500-მდე

  1. Nikon AF-S NIKKOR 85mm f/1.8G ($399.95)
  2. Nikon AF Nikkor 50mm f/1.8G ($199.95)
  3. Nikon 40mm Micro-Nikkor f/2.8G AF-S DX  ($249.95)

საუკეთესო Zoom ლინზა $500-მდე (DX)

  1. Nikon AF-S DX VR Zoom-Nikkor 55-200mm f/4-5.6G ($249.95)
  2. Nikon AF-S DX NIKKOR 18-55mm f/3.5-5.6G VR II  ($249.95)
  3. Nikon AF-S DX Nikkor 18-105mm f/3.5-5.6G ED VR ($399.95)

საუკეთესო Zoom ლინზა $1,000-მდე (FX)

  1. Nikon AF-S Nikkor 16-35mm f/4G ED VR ($959.95)
  2. Nikon AF-S NIKKOR 24-85mm f/3.5-4.5G ED VR ($499.95)
  3. Nikon AF-S NIKKOR 18-35mm f/3.5-4.5G ED ($749.95)

თუ თქვენ რამე სხვა დანიშნულებით ეძებთ ლინზას და აქ მე არ მიწერია, მომწერეთ ან დატოვეთ კომენტარი. ქვემოთ კი მოკლედ მოგიყვებით ჩემი მოდელის შესახებ, რის მიხედვითაც დავწერე ეს პოსტი.

ნიკონის ტექნოლოგიები

FX / DX
თუ თქვენ ჯერ არ იცით, მაშინ უპირველესად ეს უნდა გაიგოთ. ნიკონი აწარმოებს ლინზებს DSLR კამერების ორი ხაზისთვის - მცირე (crop) სენსორიანი და სრული (full frame) ზომის სენსორიანი კამერებისთვის. crop კამერებზე მიდის ორივე ტიპის ლინზა - FX და DX, თუმცა სრული ზომის სენსორებს მთელი ეფექტის მისაღებად ესაჭიროებათ მხოლოდ FX ლინზები. 
ჩემს მოდელში FX ლინზები უფრო ხარისხიანად ითვლება, ვიდრე DX.

VR - ვიბრაციის შემცირება
ლინზის შიგნით მოძრავი ოპტიკური ელემენტების საშუალებით ამცირებს უნარჩუნებს სურათს სიმკვეთრეს და ამცირებს "blur"-ს. ჩემს მოდელში VR ლინზები უფრო ხარისხიანად ითვლება.

SWM - ლინზის ავტოფოკუსის მოტორი
ეს ტექნოლოგია ითვლება ავტოფოკუსის ყველაზე სწრაფ, ჩუმ და დახვეწილ სისტემად. ჩემს მოდელში SWM ლინზები უფრო ხარისხიანად ითვლება

N - ნანო-კრისტალური ფენა
კრისტალური დონის ფენა ლინზის ოპტიკურ ელემენტებზე, რომელიც ამცირებს არა-საჭირო ანარეკლს და იძლევა უმაღლესი ხარისხის ოპტიკურ გამოსახულებას. ჩემს მოდელში N ლინზები უფრო ხარისხიანად ითვლება

IF - შიდა ფოკუსირება
ფოკუსირება ხდება ლინზის შიდა ოპტიკური ელემენტების მოძრაობით, ისე, რომ ლინზა ფორმას არ იცვლის. ჩემს მოდელში IF ლინზები უფრო ხარისხიანად ითვლება

სპეც-მოხმარების ლინზები (Micro, Fisheye, PC)
ნიკონი თავის მაკრო ლინზებს უწოდებს Micro ლინზებს. ამ ტიპის ლინზები იძლევა 1:1 ფარდობის სურათს.
თევზისთვალი ლინზები განსაკუთრებით ფართოკუთხიანი ლინზებია (180 გრადუსამდე ხედვის კუთხით), რომლებიც ძალიან განსხვავებულ, "ამობურცულ" გამოსახულებას იძლევა.
PC ლინზები, ანუ პერსპექტივის მაკონტროლებელი ლინზები, როგორც სახელიც გვეუბნება, საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ გამოსახულების ფონი.
ჩამოთვლილი სამივე სპეც-მოხმარების ლინზა ჩემს მოდელში უფრო ხარისხიანად ითვლება.

სხვა დაშვებები: 
ფიქსირებული ფოკუსური მანძილის მქონე ლინზები უფრო ხარისხიანია, ვიდრე ე.წ. "zoom" ლინზები. რაც მეტია "zoom", მით უხარისხოა ლინზა.
ფიქსირებული დიაფრაგმის მქონე ლინზები უფრო ხარისხიანია, ვიდრე ცვალებადი დიაფრაგმის მქონე ლინზები;
შუქმგრძნობელი ლინზები უფრო ხარისხიანია, ვიდრე არა-შუქმგრძნობელი ლინზები

ვრცლად ნიკონის ყველა ტექნოლოგიაზე : http://imaging.nikon.com/lineup/lens/glossary.htm

Friday, February 14, 2014

ლაშქრობა და ფოტოგრაფია

არ მახსოვს რომელმა უფრო ადრე მომწამლა - ლაშქრობამ, თუ ფოტოგრაფიამ. დღეს ეს ორი ჩემთვის განუყოფელია. ყველაფერი, რასაც აქ წაიკითხავთ, ან ჩემი გამოცდილებით ვისწავლე, ან ჩემზე უფრო გამოცდილმა ხალხმა მასწავლა, როგორებიც არიან მაგალითად www.molashqre.ge-ზე, სხვა უცხოურ საიტებზე (ამ რესურსებს ცალკე სტატიას მივუძღვნი) და კიდევ ბევრნი ჩემი მეგობრები.

პირველ რიგში, მინდა ავხსნა, რას ვგულისხმობ ლაშქრობაში და რით განსხვავდება ეს სხვა ტიპის ქალაქგარეთ/ქალაქშიგნით გასვლებისგან (ექსკურსია, პიკნიკი და ა.შ.). ლაშქრობა არის საფეხმავლო სათავგადასავლო მოგზაურობა, რომლის დროსაც მანძილს A პუნქტიდან B პუნქტამდე გაივლი ფეხით, ხოლო ტვირთი (საგზალი და სხვა აღჭურვილობა) დაგაქვს ზურგით (ან ცხენით, მაგრამ არა ავტოტრანსპორტით). სიტყვა "ლაშქრობა" ძველად ხომ მეომართა სწორედ ასეთ მოგზაურობას აღნიშნავდა. 
პანორამების ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ლაშქრობა მოგზაურობის სპეციფიკური სახეობაა და წარმატებული ლაშქრობისთვის შესაბამისი აღჭურვილობა აუცილებელია. არასწორად შერჩეული სალაშქრო ნივთები მთელ მოგზაურობას გაგიფუჭებენ და, რაღაც ალბათობით, ჯანმრთელობასაც დაგიზიანებენ. თუ თქვენ ახლა იწყებთ ამუნიციის შეძენას, ილუზია ნუ გექნებათ, რომ ერთ დღეში ყველაფერს მოუყრით თავს: 1) კარგი სალაშქრო აღჭურვილობა ძვირია; 2) ჩვენთან ყველაფერი არ იშოვება; 3) ჯერ თქვენ არ იცით, კიდევ რა დაგჭირდებათ.

ერთ-ერთი უმთავრესი, რაც ლაშქრობას დაუვიწყარს ხდის, არის ფოტოაპარატი. ჩემთვის ყველა გასვლა წინასწარვე ასოცირდება იმ კადრებთან, რასაც სახლში დაბრუნებული ჩამოვიტან. როცა მიზნამდე 10 კილომეტრი და  სიმაღლეში ასაკრეფი 1 კილომეტრი ვერტიკალი გაშორებს, ერთადერთი, რაც გიმსუბუქებს ზურგზე აკიდებულ 25 კილოგრამ ტვირთს და ტალახისგან დამძიმებულ ფეხსაცმელს, არის სწორედ ის კადრები, რომელსაც მიზანთან მისული გადაიღებ.

ჩვენი კარავი ოხოჯეს ტბასთან, ფონზე - ცაშკიბული

ხარისხიანი სურათების გადაღება ლაშქრობისას ადვილი არ არის რამდენიმე მიზეზის გამო:
  • წასაღებ ნივთებს ზომა/წონის მიხედვით არჩევ და ყოველი დამატებითი გრამი ნიშნავს უფრო გამრუდებულ ხერხემალს და უფრო დიდ დატვირთვას მუხლებისთვის. ამიტომ აპარატი კომპაქტური უნდა იყოს.
  •  კომპაქტური აპარატები, როგორც წესი, ვერ გაძლევენ ისეთ ხარისხიან შედეგს, როგორსაც მოზრდილი DSLR ფოტოაპარატები
  •  ლაშქრობისას კლიმატური პირობები ისე შეიძლება შეიცვალოს, რომ DSLR ფოტოაპარატი ჩანთიდანაც ვერ ამოიღო.
  •  თუ ღამით აპირებ სურათების გადაღებას, შტატივი დაგჭირდება, რაც დამატებითი წონაა ზურგით სათრევი
  •  თუ ჩიტუნების და ცხოველუკების გადაღებაც გინდათ, მაშინ დიიიიდი მძიმე ლინზების თრევაც დაგჭირდებათ = დამატებითი წონა და ადგილი თქვენს ზურგჩანთაში.
(ახლა იმედია ხვდებით, რატომ ვბრაზდები, როცა ჩემს სურათს რომელიმე საიტზე აღმოვაჩენ გამოჭენებულს, ავტორის მითითების გარეშე)

ჩემი უმთავრესი საფიქრალი ყოველთვისმაინც ფოტოაპარატის უსაფრთხოება იყო. წვიმის დროს, როცა ჩემს თვალწინ პანორამულ ხედზე ცისარტყელა გამოჩნდება, გული ვერ მითმენს და ვრისკავ ფოტოაპარატის გამოჩენას. როცა ფეხი დამიცდება და ვვარდები, წამოსგომისას პირველი ფოტოაპარატს ვამოწმებ, ხომ არ დაზიანდა.
ბოლოს მივხვდი, რომ მე ამდენი იღბალიც არ მაქვს და ერთხელაც ფოტოაპარატს გავაფუჭებ. ამიტომ GoPro ვიყიდე.

GoPro

GoPro ყველა მოლაშქრეს უნდა ჰქონდეს. ეს უბრალოებით გამორჩეული და სასწაულად გამძლე ფოტო/ვიდეო აპარატი ყველა გარემოებაში გამოგადგებათ. უძლებს წვიმას, ყინვას, ჩაყვინთვას, გადახტომას, ბწრიალს, წრიალს და არის სულ რაღაც 200 გრამი. სურათის ხარისხი - რევიცი, ისე რა, თუმცა 12 მეგაპიქსელი ცოტა არ არის. ვიდეო? სასწაული! ბევრი რეკლემა არ სჭირდება, შედით www.gopro.com-ზე და თავად ნახეთ. ეს კი ჩემი გადაღებული რეპორტაჟი ხულუტის ციხეში:



თავიდან ვფიქრობდი, რომ GoPro-ს ყიდვის შემდეგ ჩემს დიდ კამერას აღარ ვატარებდი, მაგრამ რეალურად ახლა ორივე თან დამაქვს ყოველთვის. სამაგიეროდ წვიმიან ამინდში DSLR მშვიდად ისვენებს ჩანთაში და GoPro-თი მშვენიერ სურათებს ვიღებ. მაღალი ხარისხის ყველაზე მნიშვნელოვანი კადრების გადასაღებად კი DSLR-ს ვიყენებ.

შტატივი
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ღამის კადრების გადასაღებად შტატივი აუცილებელია. ბევრი ძებნის შედეგად აღმოვაჩინე ის, რაც მოლაშქრე ფოტოგრაფს აუცილებლად უნდა ჰქონდეს - Joby-ს გორილაპოდი! ეს ძალიან კომპაქტური და ძალიან გამძლე შტატივი არც დიდ ადგილს დაიკავებს თქვენს ჩანთაში და არც დაგამძიმებთ. სიმაღლე? სულ რაღაც 30 სანტიმეტრი თუ იქნება სიმაღლეში, მაგრამ მისი დამაგრება მოქნილი ფეხების საშუალებით ნებისმიერ ზედაპირზე, ხის ტოტზე, გამოშვერილ კლდეზე შეგიძლიათ. 




ნურც დაფიქრდებით, უბრალოდ იყიდეთ! არ ინანებთ! ბმული B&H-ზე და ამაზონზე

ლინზები
ის, რასაც სხვა ალტერნატივა არ აქვს, არის ლინზები. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ არ წავიღო ლაშქრობაში 2 ლინზაზე მეტი. ერთ-ერთი, როგორც წესი, არის ლინზა "თევზის თვალი", მეორე კი საშუალო ფოკუსური მანძილის ლინზა, როგორც წესი - უნივერსალი 18-200mm.
ჩემი გატაცება ღამის ფოტოგრაფიაა და ახლა მოუთმენლად ველი სეზონის გახსნას, რადგან მინდა გამოვცადო ჩემი ახალი შუქმგრძნობელი 11-16mm f/2.8, რომლითაც "თევზის თვალის" ჩანაცვლებას ვაპირებ.

გადაღებულია "თევზის თვალი" ლინზით. ლომისმთის ტურიდტული თავშესაფარი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

აქსესუარები
სხვა აქსესუარები, რომლებიც არ უნდა დაგავიწყდეთ: წვიმისგან დამცავი, ფილტრები, სათადარიგო ელემენტები (მხოლოდ მრავალდღიანი ლაშქრობისას). არავითარ შემთხვევაში არ დაიმძიმოთ თავი ე.წ. booster-ით. ჯობს ცალკე წაიღოთ სათადარიგო ელემენტები.
არ დაგავიწყდეთ პულტის წაღებაც, რომელიც ინტერვალომეტრის ფუნქციას შეასრულებს, თუ ეს თქვენს აპარატს არ შეუძლია.
ფანარი - ეს ისედაც თან უნდა ატაროთ ლაშქრობისას, მაგრამ, ამავდროულად, შეგიძლიათ სინათლით ხატვისთვისაც გამოიყენოთ.

ჩანთა
ჩემი რჩევა იქნება, ფოტოაპარატისთვის ცალკე ჩანთა იქონიოთ და არ აურიოთ ფოტო აღჭურვილობა სხვა სალაშქრო ნივთებთან ერთ ზურგჩანთაში. რეკომენდაციას ვუწევ Lowepro-ს მხარზე გადასაკიდ ჩანთებს. გამძლეა, ზომებში დიდი არჩევანია, ყველაფერს ერთ ჩანთაში მოათავსებთ, უსაფრთხოა!

იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები. წარმატებულ ლაშქრობას და ბევრ კარგ სურათს გისურვებთ!
ამარათის ტურისტული თავშესაფარი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ტობავარჩხილზე. ირმის ნახტომი

ტობავარჩხილი

Tuesday, February 11, 2014

ლისი

ლისი დღეს
Nikon D90, tokina 11-16

Nikon D90, tokina 11-16


Sunday, February 9, 2014

პორტუგალია - საქართველო ENC2014

პოსტში გამოყენებულია ბაისო გუჯაბიძის სურათები ლისაბონიდან.
გამოყენებული სტატისტიკის წყარო: www.rugby.ge

პორტუგალიასთან ბოლო 9 წელია არ წაგვიგია და ეს ტრადიცია 8 თებერვალს გაგრძელდა. ევროპის 2014 წლის ერთა თასისა და მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა 9-34 დაამარცხა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები. სოლიდური ანგარიშის მიუხედავად, პრემიალური ქულის აღება ვერ მოვახერხეთ.


ბაისო გუჯაბიძის ფოტო


სტატისტიკა
გუშინდელამდე, პორტებთან გასვლაზე სულ 9 თამაში გვქონდა ჩატარებული. აქედან 5 მოგება, ერთი ფრე და 3 წაგება. მოგებული თამაშებიდან ყველაზე დიდი სხვაობით 2010 წელს მოვიგეთ და ისიც მხოლოდ 10 ქულით.

გუშინ სამი ლელო დავდეთ და მეოთხეზე რომ გავიწიეთ, მსაჯმა არ გვაცალა. 80 წუთი ჯერ არ იყო გასული, თამაში რომ დაამთავრა. საბოლოოდ 4 ქულა ავიღეთ და ჯამში 9 ქულით ვლიდერობთ ერთა თასის გათამაშებაში.


www.site.rugby.ge

შემდეგი შაბათ-კვირა დასვენებაა და 22 თებერვალს უკვე შინ, დინამო არენაზე ვუმასპინძლებთ რუსეთს.

ბაისო გუჯაბიძის ფოტო

ბაისო გუჯაბიძის ფოტო

ფასდაკლება ნიკონის ლინზებზე


წელიწადში ერთხელ, მათი ფინანსური წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, ნიკონი ფასდაკლებას აცხადებს ხოლმე ლინზებზე, რათა წელი მოგებით დახუროს.
როგორც წესი, ფასდაკლება მხოლოდ მაშინ არის ძალაში, თუ DSLR კორპუსთან ერთად შეიძენთ ლინზას. თუმცა, თებერვალში, 1 მარტამდე, ფასდალება მხოლოდ ლინზის შეძენის შემთხვევაშიც მოქმედებს. ეს ფასდაკლება დღეიდან უკვე ძალაშია და შეგიძლიათ ისარგებლოთ რამდენიმე ონლაინ მაღაზიაში: B&H , Adorama და Amazon

ზოგიერთ ლინზაზე ფასდაკლება სასაცილოა (-$20), მაგრამ უფრო სოლიდური ფასდაკლებებიც არის. ყველაზე დიდი ფასდაკლება ახალ 80-400mm ობიექტივზეა (-$400).

წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!

Thursday, February 6, 2014

როგორ გადავიღე სურათი #2

Nikon F100, ფირი - Kodak ektar 100 
მითხარით, რას ხედავთ ამ სურათზე?

ავტორს?
კიდევ ერთხელ, ავტორს?
მანქანას?
შენობებს?
თუ კარგად დააკვირდებით, ველოსიპედისტსაც აღმოაჩენთ.

ეს სურათი გადაღებულია ნიკონის ფირის აპარატით (F100). გამოყენებული ფირი: Kodak Ektar 100. არანაირი ფოტო-მაქინაცია, დამუშავება და რედაქტირება არ ჩამიტარებია.

რამდენიმე გამოსახულების ერთ კადრზე მოსახვედრად:

1) გათიშეთ ფირის გადახვევის ფუნქცია (film advance mode). იხილეთ სურათი:
ფირის გადახვევის ფუნქციის არჩევა Nikon F100
2) თუ ავტომატური ექსპოზიციით იღებთ, ექსპოზიციის კომპენსაციის გამოყენებით უნდა შეამციროთ სურათის ექსპოზიცია.
ექსპოზიციის კომპენსაცია Nikon F100

გაითვალისწინეთ, რაც მეტი კადრის გადაღებას აპირებთ, მით მეტად უნდა შეამციროთ თითოეული სურათის ექსპოზიცია. მაგალითად, თუ ორი კადრის გადაღებას აპირებთ, აირჩიეთ -1Ev, სამი კადრისთვის -1.5EV, ოთხისთვის -2EV და ასე შემდეგ.

სცადეთ თქვენც და არ დაგავიწყდეთ შედეგების გაზიარება


Wednesday, February 5, 2014

DIY ფოტოგრაფია

ახლა შევიძინე Camalapse 3 ჩემი GoPro-სთვის. ეს არის საკმაოდ იაფი საშუალება მოძრავი TimeLapse ვიდეოს გადასაღებად. ამ პროდუქტის აღწერას მოგვიანებით დავდებ, როცა ჩამოვა და კარგად გავერკვევი. იხილეთ ბმული პროდუქტზე ($30).

თუ თქვენც გიტაცებთ TimeLapse ფოტოგრაფია, ალბათ გიძებნიათ დამხმარე აღჭურვილობა და დამეთანხმებით, რომ ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ისინი ძალიან ძვირია (როლიკები, რელსები, სლაიდერები). იაფიანი ალტერნატივა კი ბაზარზე ცოტაა და ძირითადად უხარისხო. Camalapse 3 ძალიან მარტივი მოწყობილობაა, რომელიც საათის მექანიზმივით მუშაობს და მისი ერთადერთი დანიშნულებაა მასზე დამაგრებული კომპაქტური კამერის ნელა დატრიალება TimeLapse ვიდეოს გადასაღებად (360 გრადუსი ერთ საათში).

გაგიკვირდებათ და თურმე არსებობს ამავე ფუნციის და უფრო იაფი DIY მოწყობილობაც. დაჭიროა მხოლოდ შეიძინოთ სამზარეულოს საათი $11.95-ად. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, რადგან ამ საათთან ერთად ამაზონი ავტომადურად გვირჩევს შევიძინოთ GoPro-ს შტატივზე სამაგრი და მისი ელემენტები.


Sunday, February 2, 2014

საქართველო - ბელგია

2014 წელი საქართვეოს რაგბის ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. მატჩის შესახებ ვრცლად - site.rugby.ge

ფოტორეპორტაჟი ჩემი კომენტარებით:

მიუხედავად იმისა, რომ მატჩზე დასასწრბი ყველა ბილეთი თამაშამდე 5 დღით ადრე გაიყიდა, სტადიონზე ერთი სექტორი მაინც ცარიელი იყო. შეიძლება ამინდმა იმოქმედა. ზოგისგან მოვისმინე - გადამყიდველებს უყიდიათ და ვეღარ გაასაღესო.
საქართველო - ბელგია. ავჭალის სტადიონი

ყინვის მიუხედავად ტრიბულებზე მთელი თამაშის განმავლობაში ამაღლებული განწყობა იყო და გულმხურვალედ ქომაგობდნენ ჩვენს ნაკრებს
საქართველო - ბელგია. ავჭალის სტადიონი

თამაშამდე თბილისში გადაუღებლად თოვდა. თუმცა ავჭალის სტადიონი დილიდანვე გაწმინდეს თოვლის საფარისგან. მოედანი მაინც სრულად ატალახებული იყო, ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე
საქართველო - ბელგია. ავჭალის სტადიონი
საქართველოს ეროვნული ნაკრები


თამაშის დასაწყისში ცოტა გამოიდარა, მაგრამ მერე ისევ მოიღრუბლა და თოვლი წამოვიდა

ჩემი ფავორიტი კადრები ამ თამაშიდან:
ვიტო კოლელიშვილი

გიორგი ჩხაიძე

ლევან ჩილაჩავა
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ნაკრებს დაცვითი თამაშისთვის, რის შედეგადაც ბელგიის არც ერთი მორაგბე არ დაშავებულა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ხაზის მოთამაშეების მიერ დადებული ლელოები მიანიშნებს ნაკრების თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე. პირადად მე ამ მოსაზრებას ვეთანხმები, თამაში გაცილებით უფრო სანახაობრივია
ირაკლი მაჩხანელი
საქართველოს ნაკრების მორიგი თამაში 8 თებერვალს, ლისაბონში გაიმართება პორტუგალისს ნაკრების წინააღმდეგ. პორტებმა შაბათს რუმინეთში 24-0 წააგეს.
ჩვენი თამაშების განრიგი:

08/02, 19.00  პორტუგალია vs საქართველო (ლისაბონი)
22/02,  17.00 საქართველო vs რუსეთი (თბილისი, დინამო)
08/03,  19.00 ესპანეთი vs საქართველო (მადრიდი)
15/03,  17.00 საქართველო vs რუმინეთი (თბილისი, ვაკე)