Wednesday, April 30, 2014

მეორე ქუჩის N6

ბედიანი - დაბა ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში. პირველად ჩასვლისას იფიქრებთ, რომ ღმერთსაც კი დავიწყებია იქაურობა. ბედიანში მდებარეობს უძველესი სამონასტრო კომპლექსი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ფსიქიატრიული საავადმყოფო და ბედიანის ბავშვთა სახლი. ეს უკანასკნელი გახდა ჩემი პირველი ვიზიტის მიზეზი თავის დროზე.

აქ სულ 200-მდე მოსახლე ცხოვრობს. ქუჩებს სახელები არ აქვთ. უფრო სწორად აქვთ. აქ არის პირველი ქუჩა, მეორე ქუჩა და მესამე ქუჩა.

გთავაზობთ ჩემი ბოლო სტუმრობისას გადაღებულ ფოტორეპორტაჟს:

Tuesday, April 22, 2014

როგორ გადავიღე სურათი #6


Nikon D90; Tokina 11-16 f/2.8
16mm | ISO 200 | f/20 | 58 წამი
ელვის გადასაღებად საჭირო მინიმალური აღჭურვილობაა:
  • კარგი შტატივი
  • ფოტოაპარატი მართვადი ექსპოზიციით (სასურველია DSLR ტიპის კამერა)
  • ფართეკუთხიანი ლინზა
  • პულტი (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი)
  • წამზომი (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი)

Friday, April 18, 2014

le professionnel

წაიკითხეთ ამ მელოდიის ფონზე - le professionnel


არაფერი მაღიზიანებს ისე, როგორც სიტყვათა შეთანხმება "პროფესიონალი ფოტოგრაფი", განსაკუთრებით, თუ ის კითხვის ფორმითაა მოწოდებული - "პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ?". არა, არის კიდევ ერთი ასეთი, რაც მგონი უფრო მეტად მძაგს - "პროფესიონალური ფოტოაპარატი".

Thursday, April 17, 2014

როგორ შევარჩიოთ მეორადი ფოტოაპარატი

მეორადი ფოტოაპარატის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ამ სტატიაში მინდა მიმოვიხილო თითოეული მათგანი და გასწავლოთ, როგორ შეამოწმოთ ფოტოაპარატის მდგომარეობა.



Wednesday, April 16, 2014

მტვერი სენსორზე

2012 წლის ნოემბერში ნიკონმა განაცხადა ახალი FullFrame მოდელის გამოშვების შესახებ. ეს ყველაზე იაფი სრული ზომის სენსორიანი კამერა იქნებოდა იმ დროისთვის ბაზარზე. ნიკონისტების აღტაცება მას შემდეგ შეწყდა, რაც გახმაურდა ამ მოდელის საწარმოო ნაკლი: 8,000 კადრის გადაღების შემდეგ აპარატის სენსორზე მნიშვნელოვანი რაოდენობის მტვერი და ცხიმის ლაქები ჩნდებოდა. პრობლემა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ნიკონს მოუხდა ამ მოდელის ჩანაცვლება ახალი D610 მოდელით. თუმცა რეპუტაციას დღემდე ვერაფერი მოუხერხა.

მტვერი სენსორზე DSLR ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავის ტკივილია. მტვერი რამდენიმე გზით შეიძლება მოხვდეს ფოტოაპარატში. 
  • ქარხნიდან გამოსვლამდე საწარმოო მტვერი ხშირად სწორედ სენსორზე ჯდება და იქ ცხოვრობს მთელი დარჩენილი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები მაქსიმალურად აკონტროლებენ წარმოების პროცესს, ეს მაინც ხდება. ამაში მე თავად მაშინ დავრწმუნდი, როცა სულ ახალი Nikon D5200-ის სენსორი შევამოწმე. ნახეთ შედეგები ქვემოთ:
ახალი Nikon D5200-ის სენსორი
  •  თუკი ლინზას სახლის გარეთ, ან ისეთ ადგილას შეცვლით, სადაც მტვრისგან დაცული არ ხართ, დიდი ალბათობით მტვრის ნაწილაკები თქვენი აპარატის სარკეზე ან სენსორზე აღმოჩნდება. ქვემოთ მოცემული სურათი არის ჩემი ახლადჩამოსული ანტიკვარული Nikon D100-ის სენსორი. შავი წერტილები და ლაქები მტვერი და ცხიმია.


არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს სენსორზეც აღმოაჩენთ მტვერს. ეს ტრაგედია არ არის, რადგან გადაღებულ სურათებს ის იშვიათად ეტყობა. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია დღისით მოწმენდილი ცის გადაღება, სადაც აუცილებლად გამოჩნდება მტვრის ნაწილაკები, თუ სენსორი დაბინძურებულია.

როგორ შევამოწმოთ ფოტოაპარატის სენსორი სუფთაა თუ არა:
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ერთი სუფთა თაბახის ფურცელი; ნორმალურად განათებული გარემო და რომელიმე ფოტო-რედაქტორი (lightroom, photoshop ან სხვა) კომპიუტერში.
  1. ფოტოაპარატი გადაიყვანეთ Manual ექსპოზიციის რეჟიმზე
  2. სურათის ხარისხი დააყენეთ RAW-ზე
  3. ISO შეამცირეთ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე
  4. გათიშეთ auto ISO ფუნქცია
  5. გათიშეთ ავტოფოკუსი
  6. ფოკუსი გაასწორეთ უსასრულობაზე
  7. დახურეთ დიაფრაგმა ბოლომდე, სადამდეც შესაძლებელია
  8. დაყოვნება შეამცირეთ დაახლოებით 1 წამის ფარგლებში. ექსპოზიცია 0-თან ახლოს უნდა იყოს
  9. გადაუღეთ სურათი თანაბრად განათებულ სუფთა თაბახის ფურცელს.

ამის შემდეგ შეამოწმეთ ჰისტოგრამა ფოტოაპარატშივე. თუ ჰისტოგრამა მთლიანად უკიდურეს მარჯვება კუთხეშია, მაშინ გადაიღეთ ახალი სურათი ოდნავ უფრო სწრაფი დაყოვნებით, სანამ არ მიიღებთ დაახლოებით ასეთ ჰისტოგრამას:

Inline image 2
ჰისტოგრამა
ამის შემდეგ გადაიტანეთ სურათი კომპიუტერში.
ფოტო რედაქტორის საშუალებით შეამცირეთ Highlight-ები, შეამცირეთ ექსპოზიცია. სცადეთ სხვა პარამეტრების ცვლილებაც და შემდეგ ახლოდან დააკვირდით სურათს. თუ ხედავთ ლაქებს ან შავ წერტილებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სენსორი გასაწმენდია. არ აღელვდეთ, ნერვები არ აგეშალოთ, ეს ჩვეულებრივი რამ არის ფოტოგრაფიაში. სენსორები ისვრება, თუმცა 1) მათი გაწმენდა შესაძლებელია და 2) ლაქები საბედნიეროდ სურათების უმეტესობას არ ეტყობა. 

ჩემი რეკომენდაცია იქნება, არ სცადოთ სენსორის თქვენით გაწმენდა, შეიძლება ის მთლიანად დააზიანოთ. თბილისში მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც ვანდობდი ჩემს ფოტოაპარატს გასაწმენდად. ამიტომ საგულდაგულოდ ვუფრთხილდები და ვცდილობ დავიცვა მტვრისგან. ყველაზე კარგი გზა მაინც პრევენციაა და თუ აქამდე არ უფრთხილდებოდით თქვენს აპარატს, ამიერიდან იცოდეთ, თქვენთვის უხილავი მტვერი ფოტოაპარატისთვის დიდი საფრთხის წყაროა.

თუ არ დაგეზარებათ, შეამოწმეთ თქვენი ფოტოაპარატის სენსორი და დატოვეთ კომენტარი, რამდენად სუფთა ან დაბინძურებული ის :)

Thursday, April 3, 2014

ლაშქრობაში წასაღები ნივთები


მინდა, ისევ განმარტებით დავიწყო, თუ რას ვგულისხმობ ლაშქრობაში და რით განსხვავდება ეს სხვა ტიპის ქალაქგარეთ/ქალაქშიგნით გასვლებისგან (ექსკურსია, პიკნიკი და ა.შ.):