Sunday, February 23, 2014

ფიქრნი ბრდღვნის პირას

დამოუკიდებელი საქართველოს რაგბის ისტორიაში მე არ მახსენდება სხვა მეტოქე, რომელსაც იმდენი გულშემატკივარი მოჰყავს სტადიონზე, რამდენიც რუსეთის ეროვნული ნაკრების თბილისში ჩამოსვლას. ტრადიცია არც ამჟამად დაირღვა და ეროვნული (ოფიციალურად "დინამო არენა") ლასლასით, მაგრამ სრულად შეივსო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები

მატჩისწინა პერიოდი

როდესაც საქართველოს რაგბის კავშირმა თებერვალ-მარტის თამაშების მასპინძელი სტადიონების სია გამოაქვეყნა, მაშინვე ატყდა ვაი-ვიში. რაგბის დარბაისელი* გულშემატკივარი მწუხარებით იუწყებოდა, რომ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე ბევრი "სემიჩკის მჭამელი" გულშემატკივარი მოვიდოდა და ტრიბუნებზე რაგბისთვის შეუფერებელი ატმოსფერო შეიქმნებოდა. სიტყვა "დარბაისელს" პირობითად ვიყენებ, თორემ სინამდვილეში ახალგაზრდებიც ბევრნი არიან სტაჟიან, გათვითცნობიერებულ გულშემატკივართა რიგებში. მათი პროგნოზი და წუხილი საფუძვლიანი იყო, განსაკუთრებით 23 ნოემბრის მატჩის შემდეგ, როცა "სემიჩკის მჭამელმა" გულშემატკივრებმა სამოას "სივა ტაუ"-ზე გამაყრუებელი სტვენა მორთეს.

მართლაც, თამაშამდე ორი კვირით ადრე forum.ge-ზე გამოჩნდა თემა, სადაც იგეგმებოდა მასშტაბური სტვენა რუსეთის ჰიმნის შესრულებისას. რაც არ უნდა მოსალოდნელი იყოს, მაინც აღვნიშნავ, რომ თემის ავტორი ფეხბურთის გულშემატკივარი იყო. ეს იყო და ამის შემდეგ რაგბის გულშემატკივართა მთავარი ონლაინ პლაცდარმი ფრონტის ხაზად გადაიქცა. ერთნი "სემიჩკის მჭამელ" მხოლოდ რუსეთთან თამაშზე მოსიარულეებს ეძახდნენ საპირისპირო ბანაკს, ხოლო მეორენი კარჩაკეტილობაში ადანაშაულებდნენ რაგბის დარბაისელ ქომაგებს.

ჯამში, ერთი კარგი შოუ დაიდგა, რამაც პირადად მე რამდენიმე საღამო გამიხალისა.

წარსული

რუსეთთან აქამდე 17-ჯერ გვეთამაშა და მხოლოდ ერთხელ, ისიც შორეულ 1993-ში დავმარცხდით პოლონეთში. ამის შემდეგ მხოლოდ ერთი ფრე გაუვარდათ რუსებს და დანარჩენი 15 თამაში ჩვენ მოვიგეთ. სრულად წარსული

ერთა თასის თამაშები ისეთ დროს იმართება, რომ რუსეთს უთოვლო სტადიონები ამ პერიოდში ცოტა აქვს, ისიც სამხრეთის მიყრუებულ ქალაქებში. ამიტომ ჩვენებს ჯერ იქამდე ჩაღწევის პრობლემა აქვთ ხოლმე, მერე კიდევ გულშემატკივრები ხანდახან მოხალისე გულშემატკივრების ვიდეო-სტრიმის იმედად ვართ, რადგან პირდაპირ ტრანსლაციას მასპინძლები არ უზრუნველყოფენ.

2008 წლის ომის შემდეგ ნეიტრალურზე მოგვიწია რუსეთთან თამაში. ჩვენ ტრაბზონში "ვუმასპინძლეთ" 2010-ში, მანამდე კი მათ რუსულ-უკრაინულ მარიუპოლში 2009 წელს.

რადგან რუსეთთან 1993-ის შემდეგ არ წაგვიგია, რადგან 2008 წლის ომი ყველას გვახსოვს და თვითონ რადგან რუსეთი, როგორც ასეთი, არავის გვიყვარს, ამიტომ ყველანი, მეც, "სემიჩკის მჭამელებიც" და "დარბაისელი" გულშემატკივრებიც ბრდღვნას ველოდებოდით შაბათს ეროვნულზე.

თამაშის დღე

თამაშზე, ტრადიციულად, ერთი საათით ადრე მივედი და მედიაცენტრში ფოტოგრაფის მაისური მოვირგე. ტექნიკის გამართვის შემდეგ საქმეს შევუდექი და გეგმიური პირველი ფოტო გადავიღე. ამ დროს თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი და ტრიბუნებზე 5 ათასი კაცი თუ იქნებოდა ჯერ.

ეროვნული სტადიონი aka "დინამო არენა"
თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადამყიდველები სალაროსთან მისულ გულშემატკივრებს ატყუებდნენ, რომ ბილეთები გაიყიდა. ჰოდა მეც გულმა რეჩხი მიყო და ვიფიქრე, ვაითუ მართლა სანახევროდ შევსებულ სტადიონზე გვიხილოს მეთქი IRB-ის თავმჯდომარემ, ბატონმა ლაპასმა.

წუთებიღა რჩებოდა თამაშის დაწყებამდე, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნები შეივსო. ალაგ-ალაგ უკრაინის დროშები შევნიშნე. ქართველმა ხალხმა ორგანიზებულად გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ერის მიმართ. რუსეთის ჰიმნის დაწყებისთანავე აპოკალიპტური სტვენა ატყდა ეროვნულზე. გაიშალა უკრაინის მოზაიკური დროშაც.
რაც მე ყველაზე მეტად არ მომეწონა და რაც გულშემატკივრების დიდ კომპლექსად რჩება, არის სამარისებური სიჩუმე ჩვენს საკუთარ ჰიმნზე. ნუთუ ასე ძნელია ორი სტროფის ომახიანად სიმღერა?

სოლიდარობა უკრაინას
ცეცხლი აინთო და თამაში ჩვენი შეტევით დაიწყო. მე-4 წუთზე მეკოს უბრდღვნელესი დრიბლინგი რაღაც ეშმაკების გამო არ დასრულდა ლელოთი. სამაგიეროდ, მეკოსავე დაკიდებულ ბურთზე დაუფარეს რუსებმა და პირველი ლელო სწორედ მათ დაგვიდეს. გარდასახვის შემდეგ ტაბლოზე 0:7 და გამაყრუებელი სტვენა ტრიბუნებზე. არსაც ჩანდა ის ბრდღვნა, რასაც ასე ველოდით ყველა. პირველი ტაიმი უღიმღამოდ მოვიგეთ 10-7.

მეკო დრიბლინგის შემდეგ ვერ დებს ლელოს

შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა საქართველოს ნაკრები გამოვიდა. ამასობაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნებიც შევსებულიყო და ნამდვილი სარაგბო ატმოსფერო ტრიალებდა ეროვნულზე. ჩვენმა მწვრთნელებმა რუსებს ის ერთადერთი კოზირი წაართვეს, რის გამოყენებასაც მთელი პირველი ნახევარი ცდილობდნენ - ბურთის გადაკიდება და უამინდობის გამო ჩვენი უკანახაზელების შეცდომებით ხეირი. მეორე ტაიმში ოთხი ლელო დავდეთ, მათ შორის ერთი ტექნიკური. თითოჯერ დაალელოეს ნაკრებში დაბრუნებულმა გორგოძემ და ზირაქამ. ბეკებიდან გუშინ მხოლოდ ზიბზიბაძემ დადო ლელო, რაც მიანიშნებს, რომ თამაში (ისევ) უფრო ძალისმიერი იყო, ვიდრე ხელდახელ.

მამუკა გორგოძის ლელო
ჯამში, ბრდღვნა შედგა. ხუთი ლელო ერთის წინააღმდეგ. ყველა ტიპის გულშემატკივარმა გული მოიოხა. გამწარებული რუსული ფორუმი თამაშის შემდეგ წერდა, 55 ათასი ქართველი 15 რუსის წინააღმდეგ თამაშობდაო. ეს ერთი და სხვა მრავალი, რაგბის ყველანაირო გულშემატკივარო!

მორაგბეები მადლობას უხდიან გულშემატკივარს
ამ გამარჯვებით საქართველო ზედიზედ მეოთხედ გავიდა რაგბის მსოფლიო თასზე (ინგლისი, 2015). თუმცა ერთა თასის მიმდინარე გათამაშებაში კიდევ ორი შეხვედრა გვაქვს: 8 მარტს მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა ერთა თასის გამარჯვებულის გამოსავლენად 15 მარტს, თბილისში, მ.მესხის სტადიონზე შედგება რუმინეთის წინააღმდეგ.

გახსოვდეთ, რაგბი რუსეთთან მოგებით არ მთავრდება. მწვრთნელთა და მორაგბეთა თხოვნაა, რომ რუმინეთის წინააღმდეგ 15 მარტს ისევე შეივსოს ტრიბუნები, როგორც გუშინ ეროვნულზე. გაიყიდება უამრავი "სემიჩკა" და იქნება მორიგი ბრდღვნა, ამიტომ გელოდებით რაგბის ყველა გულშემატკივრას 15 მარტს, 17:00 საათზე, მიხეილ მესხზე.

No comments:

Post a Comment