Friday, February 14, 2014

ლაშქრობა და ფოტოგრაფია

არ მახსოვს რომელმა უფრო ადრე მომწამლა - ლაშქრობამ, თუ ფოტოგრაფიამ. დღეს ეს ორი ჩემთვის განუყოფელია. ყველაფერი, რასაც აქ წაიკითხავთ, ან ჩემი გამოცდილებით ვისწავლე, ან ჩემზე უფრო გამოცდილმა ხალხმა მასწავლა, როგორებიც არიან მაგალითად www.molashqre.ge-ზე, სხვა უცხოურ საიტებზე (ამ რესურსებს ცალკე სტატიას მივუძღვნი) და კიდევ ბევრნი ჩემი მეგობრები.

პირველ რიგში, მინდა ავხსნა, რას ვგულისხმობ ლაშქრობაში და რით განსხვავდება ეს სხვა ტიპის ქალაქგარეთ/ქალაქშიგნით გასვლებისგან (ექსკურსია, პიკნიკი და ა.შ.). ლაშქრობა არის საფეხმავლო სათავგადასავლო მოგზაურობა, რომლის დროსაც მანძილს A პუნქტიდან B პუნქტამდე გაივლი ფეხით, ხოლო ტვირთი (საგზალი და სხვა აღჭურვილობა) დაგაქვს ზურგით (ან ცხენით, მაგრამ არა ავტოტრანსპორტით). სიტყვა "ლაშქრობა" ძველად ხომ მეომართა სწორედ ასეთ მოგზაურობას აღნიშნავდა. 
პანორამების ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ლაშქრობა მოგზაურობის სპეციფიკური სახეობაა და წარმატებული ლაშქრობისთვის შესაბამისი აღჭურვილობა აუცილებელია. არასწორად შერჩეული სალაშქრო ნივთები მთელ მოგზაურობას გაგიფუჭებენ და, რაღაც ალბათობით, ჯანმრთელობასაც დაგიზიანებენ. თუ თქვენ ახლა იწყებთ ამუნიციის შეძენას, ილუზია ნუ გექნებათ, რომ ერთ დღეში ყველაფერს მოუყრით თავს: 1) კარგი სალაშქრო აღჭურვილობა ძვირია; 2) ჩვენთან ყველაფერი არ იშოვება; 3) ჯერ თქვენ არ იცით, კიდევ რა დაგჭირდებათ.

ერთ-ერთი უმთავრესი, რაც ლაშქრობას დაუვიწყარს ხდის, არის ფოტოაპარატი. ჩემთვის ყველა გასვლა წინასწარვე ასოცირდება იმ კადრებთან, რასაც სახლში დაბრუნებული ჩამოვიტან. როცა მიზნამდე 10 კილომეტრი და  სიმაღლეში ასაკრეფი 1 კილომეტრი ვერტიკალი გაშორებს, ერთადერთი, რაც გიმსუბუქებს ზურგზე აკიდებულ 25 კილოგრამ ტვირთს და ტალახისგან დამძიმებულ ფეხსაცმელს, არის სწორედ ის კადრები, რომელსაც მიზანთან მისული გადაიღებ.

ჩვენი კარავი ოხოჯეს ტბასთან, ფონზე - ცაშკიბული

ხარისხიანი სურათების გადაღება ლაშქრობისას ადვილი არ არის რამდენიმე მიზეზის გამო:
  • წასაღებ ნივთებს ზომა/წონის მიხედვით არჩევ და ყოველი დამატებითი გრამი ნიშნავს უფრო გამრუდებულ ხერხემალს და უფრო დიდ დატვირთვას მუხლებისთვის. ამიტომ აპარატი კომპაქტური უნდა იყოს.
  •  კომპაქტური აპარატები, როგორც წესი, ვერ გაძლევენ ისეთ ხარისხიან შედეგს, როგორსაც მოზრდილი DSLR ფოტოაპარატები
  •  ლაშქრობისას კლიმატური პირობები ისე შეიძლება შეიცვალოს, რომ DSLR ფოტოაპარატი ჩანთიდანაც ვერ ამოიღო.
  •  თუ ღამით აპირებ სურათების გადაღებას, შტატივი დაგჭირდება, რაც დამატებითი წონაა ზურგით სათრევი
  •  თუ ჩიტუნების და ცხოველუკების გადაღებაც გინდათ, მაშინ დიიიიდი მძიმე ლინზების თრევაც დაგჭირდებათ = დამატებითი წონა და ადგილი თქვენს ზურგჩანთაში.
(ახლა იმედია ხვდებით, რატომ ვბრაზდები, როცა ჩემს სურათს რომელიმე საიტზე აღმოვაჩენ გამოჭენებულს, ავტორის მითითების გარეშე)

ჩემი უმთავრესი საფიქრალი ყოველთვისმაინც ფოტოაპარატის უსაფრთხოება იყო. წვიმის დროს, როცა ჩემს თვალწინ პანორამულ ხედზე ცისარტყელა გამოჩნდება, გული ვერ მითმენს და ვრისკავ ფოტოაპარატის გამოჩენას. როცა ფეხი დამიცდება და ვვარდები, წამოსგომისას პირველი ფოტოაპარატს ვამოწმებ, ხომ არ დაზიანდა.
ბოლოს მივხვდი, რომ მე ამდენი იღბალიც არ მაქვს და ერთხელაც ფოტოაპარატს გავაფუჭებ. ამიტომ GoPro ვიყიდე.

GoPro

GoPro ყველა მოლაშქრეს უნდა ჰქონდეს. ეს უბრალოებით გამორჩეული და სასწაულად გამძლე ფოტო/ვიდეო აპარატი ყველა გარემოებაში გამოგადგებათ. უძლებს წვიმას, ყინვას, ჩაყვინთვას, გადახტომას, ბწრიალს, წრიალს და არის სულ რაღაც 200 გრამი. სურათის ხარისხი - რევიცი, ისე რა, თუმცა 12 მეგაპიქსელი ცოტა არ არის. ვიდეო? სასწაული! ბევრი რეკლემა არ სჭირდება, შედით www.gopro.com-ზე და თავად ნახეთ. ეს კი ჩემი გადაღებული რეპორტაჟი ხულუტის ციხეში:



თავიდან ვფიქრობდი, რომ GoPro-ს ყიდვის შემდეგ ჩემს დიდ კამერას აღარ ვატარებდი, მაგრამ რეალურად ახლა ორივე თან დამაქვს ყოველთვის. სამაგიეროდ წვიმიან ამინდში DSLR მშვიდად ისვენებს ჩანთაში და GoPro-თი მშვენიერ სურათებს ვიღებ. მაღალი ხარისხის ყველაზე მნიშვნელოვანი კადრების გადასაღებად კი DSLR-ს ვიყენებ.

შტატივი
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ღამის კადრების გადასაღებად შტატივი აუცილებელია. ბევრი ძებნის შედეგად აღმოვაჩინე ის, რაც მოლაშქრე ფოტოგრაფს აუცილებლად უნდა ჰქონდეს - Joby-ს გორილაპოდი! ეს ძალიან კომპაქტური და ძალიან გამძლე შტატივი არც დიდ ადგილს დაიკავებს თქვენს ჩანთაში და არც დაგამძიმებთ. სიმაღლე? სულ რაღაც 30 სანტიმეტრი თუ იქნება სიმაღლეში, მაგრამ მისი დამაგრება მოქნილი ფეხების საშუალებით ნებისმიერ ზედაპირზე, ხის ტოტზე, გამოშვერილ კლდეზე შეგიძლიათ. 




ნურც დაფიქრდებით, უბრალოდ იყიდეთ! არ ინანებთ! ბმული B&H-ზე და ამაზონზე

ლინზები
ის, რასაც სხვა ალტერნატივა არ აქვს, არის ლინზები. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ არ წავიღო ლაშქრობაში 2 ლინზაზე მეტი. ერთ-ერთი, როგორც წესი, არის ლინზა "თევზის თვალი", მეორე კი საშუალო ფოკუსური მანძილის ლინზა, როგორც წესი - უნივერსალი 18-200mm.
ჩემი გატაცება ღამის ფოტოგრაფიაა და ახლა მოუთმენლად ველი სეზონის გახსნას, რადგან მინდა გამოვცადო ჩემი ახალი შუქმგრძნობელი 11-16mm f/2.8, რომლითაც "თევზის თვალის" ჩანაცვლებას ვაპირებ.

გადაღებულია "თევზის თვალი" ლინზით. ლომისმთის ტურიდტული თავშესაფარი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

აქსესუარები
სხვა აქსესუარები, რომლებიც არ უნდა დაგავიწყდეთ: წვიმისგან დამცავი, ფილტრები, სათადარიგო ელემენტები (მხოლოდ მრავალდღიანი ლაშქრობისას). არავითარ შემთხვევაში არ დაიმძიმოთ თავი ე.წ. booster-ით. ჯობს ცალკე წაიღოთ სათადარიგო ელემენტები.
არ დაგავიწყდეთ პულტის წაღებაც, რომელიც ინტერვალომეტრის ფუნქციას შეასრულებს, თუ ეს თქვენს აპარატს არ შეუძლია.
ფანარი - ეს ისედაც თან უნდა ატაროთ ლაშქრობისას, მაგრამ, ამავდროულად, შეგიძლიათ სინათლით ხატვისთვისაც გამოიყენოთ.

ჩანთა
ჩემი რჩევა იქნება, ფოტოაპარატისთვის ცალკე ჩანთა იქონიოთ და არ აურიოთ ფოტო აღჭურვილობა სხვა სალაშქრო ნივთებთან ერთ ზურგჩანთაში. რეკომენდაციას ვუწევ Lowepro-ს მხარზე გადასაკიდ ჩანთებს. გამძლეა, ზომებში დიდი არჩევანია, ყველაფერს ერთ ჩანთაში მოათავსებთ, უსაფრთხოა!

იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები. წარმატებულ ლაშქრობას და ბევრ კარგ სურათს გისურვებთ!
ამარათის ტურისტული თავშესაფარი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ტობავარჩხილზე. ირმის ნახტომი

ტობავარჩხილი

4 comments: