Sunday, November 30, 2014

დღეიდან ვოდპრესზე

გადავედი ვორდპრესზე. გთხოვთ მეწვიოთ ახალ მისამართზე:

Thursday, November 20, 2014

მგლის თავზე საკითხავი სახარება

ორ წელს მოვუყარე თავი, რაც რაგბის ვიღებ. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, რაგბის ეროვნული ნაკრების საშინაო თამაშებს. მერე მოვდივარ სახლში და ვიწყებ სურათების გადარჩევას. და გული მწყდება, რომ მიუხედავად ხშირად სავსე ტრიბუნისა, გაცეცხლებული თამაშის ფონზე სრულად შავბნელი ქომოგობა მოსჩანს სურათებზე.
საქართველო-რუმინეთი, თბილისი, 2014

Thursday, November 6, 2014

სიპი ტაუ(რი)

ამ სპორტის ყველაზე არმცოდნემაც იცის, რომ ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრებს აქვს წინასამატჩო რიტუალი "ჰაკა". მაგრამ, მგონი გაცილებით ნაკლებმა იცის, რომ ოკეანეთის ქვეყნების სხვა გუნდებსაც აქვთ მსგავსი რიტუალი. ერთ-ერთი ასეთი უახლოეს წარსულში, შარშან, თბილისშიც ვიხილეთ და ვისმინეთ, როცა სამოას ნაკრები გვესტუმრა. მიუხედავად ბევრი თხოვნისა, მაშინ სივა ტაუს შესრულებას მაყურებელთა მხრიდან სტვენის გარეშე არ ჩაუვლია. ამჯერად ჩვენთან ტონგა ჩამოდის, რომელსაც თავისი საბრძოლო რიტუალი მოაქვს თან - სიპი ტაუ.
სამოას ნაკრები ასრულებს "სივა ტაუს" (თბილისი, მესხი, 2013)

Thursday, October 30, 2014

განხილვა: Sigma 24-105mm f/4 OS Art ლინზა

სიგმას ლინზებს არასდროს ვწყალობდი. რამდენჯერმე განვიხილე 24-70მმ 2.8-ის შეძენა, აგრეთვე 70-300 მაკრო და 70-200 2.8, თუმცა ყველა დავიწუნე. ყველაზე მისაღები ამ ლინზებში იყო მათი ფასი, თუმცა ხარისხი (ოპტიკური და კონსტრუქცია) სწორედ ფასის შესაბამისი გახლდათ. შემდეგ სიგმამ დაიწყო ახალი კონცეფციის ლინზების გამოშვება Art, Sport და Contemporary სახელებით. 35 მილიმეტრიანმა პრაიმმა მაშინვე დაიმსახურა საყოველთაო აღიარება და მეც უკვე სერიოზულად შევხედე სიგმას. გასულ თვეში, როცა ფულფრეიმ კამერა ვიყიდე და მისთვის მინდოდა რამე უნივერსალი ლინზა, სწორედ სიგმაზე შევაჩერე არჩევანი. ამ პოსტში განვიხილავ ერთი თვის განმავლობაში დაგროვებულ შთაბეჭდილებებს სიგმას 24-105mm F/4 OS Art ლინზაზე.

Tuesday, October 28, 2014

სარაგბო ნოემბერი: მედია აკრედიტაცია და აქვე ერთი იდეა!


რამდენიმე წელია ნოემბერი სარაგბო თვედ იქცა. წელსაც, შარშანდელის არ იყოს, ძლიერი მეტოქეები გვყავს. 8 ნოემბერს თბილისში, მესხზე მივიღებთ ტონგას (IRB-ის რეიტინგში ამჟამად #13), შემდეგ 16 ნოემბერს დუბლინში, ავივა სთედიუმზე ირლანდიის წინააღმდეგ ვითამაშებთ (რეიტინგში #5), ხოლო 23 ნოემბერს კვლავ თბილისში, მესხზე იაპონიის ნაკრებს შევხვდებით (#11 რეიტინგში). ჟურნალისტებისთვის მედია აკრედიტაცია უკვე დაიწყო და 6 ნოემბრამდე გაგრძელდება. მეტი ინფო იხილეთ საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე. დამწყებ ფოტოგრაფთა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, თუ რაგბის გადაღება გინდათ, აკრედიტაციის გასავლელად მხოლოდ თქვენი სურვილიც საკმარისი იქნება. გამოცდილება, გადასახდელი თანხა - არ მოითხოვება. თუმცა საქმეს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ და ის წესები დაიცვათ, რასაც კავშირში აგიხსნიან. იქამდე, მე მაქვს ერთი იდეა, რაც განსაკუთრებით დამწყებ ფოტოგრაფებს დაგაინტერესებთ:

Monday, October 20, 2014

მე ავტოსტოპერი გავხდი


ბავშვობაშივე მივხვდი, რომ ბუნებასთან სიახლოვე მიყვარდა. მთაში „ხეტიალი“ მეგობრებთან ერთად და იმ ადგილების ხილვა, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია ნახო, თუკი „იხეტიალებ“. შეიგრძნო ის, რისი შეგრძნებაც არც თუ ისე ბევრს შეუძლია...))) ამ მხრივ ბედნიერი ვიყავი ყოველთვის, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხის - რაჭის „შვილი“ ვარ. ალბათ ჩემმა ადგილმდებარეობამ განაპირობა, რომ ბუნება ბავშვობიდანვე მიყვარდა. ჰოდამ, დავხეტიალობდი სკოლის პერიოდში რაჭის მთებში და მათი სილამაზით ვტკბებოდი.

ლაშქრობა: აბასთუმანი-ზეკარი

ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად პოპულარული ბილიკია. N5 სალაშქრო ბილიკი იწყება აბასთუმნის მცველთა საგუშაგოსთან და ჩრდილოეთით ზეკარის უღელტეხილისკენ მიდის. შემდეგ რუკა გვეუბნება, რომ ბილიკი ჯერ დასავლეთით, შემდეგ კი სამხრეთით მიდის და ისევ აბასთუმანში ბრუნდება. ბოლო ინფორმაციით სრული წრის გავლა შეუძლებელია და მოლაშქრეებს არ უშვებენ, რადგან გარკვეული მონაკვეთები დაზიანებულია. ამიტომ ორი ვარიანტია: ზეკარის უღელტეხილიდან ან იმერეთისკენ აიღოთ გეზი და სამანქანო გზას გაუყვეთ საირმემდე, ანდა უკან დაბრუნდეთ იმავე ბილიკით, ან სამანქანო გზით. სხვათაშორის, აბასთუმანსა და საირმეს შორის არის გრუნტის გზა და ძალიან პოპულარულია ჯიპ ტურებისთვის.

Sunday, October 19, 2014

პირისპირ D750 და D610

მადლობა სანდროს!
დღეს პირველად მქონდა შანსი, რომ ეს ორი კამერა გვერდიგვერდ მენახა და შემედარებინა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო სანდროს! ამ პოსტში მოკლედ მოგიყვებით ჩემს შთაბეჭდილებებს და მათ შორის განსხვავებებს. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კამერების ტექნიკური ნაწილის განხილვა, რადგან ინტერნეტში უკვე ისედაც მრავლად არის ხარისხიანი შედარებები. 

Saturday, October 11, 2014

Nikon D750 - გასათვალისწინებელი გარემოებები

ახალი ფოტოაპარატი ნამვილად კარგი რამ არის. ახალი ტექნოლოგიები, ახალი შესაძლებლობები, ახალი ფუნქციები - ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ჟღერს. მაგრამ, ახალი მოდელის ყიდვას თავისი კუდებიც აქვს. 2 კვირაა, რაც D750 შევიძინე და ბევრი გარემოება აღმოჩნდა, რაც წინასწარ შეიძლება არც მქონდა ნაფიქრი. რამდენიმე მათგანს ამ პოსტში მოგიყვებით და, იმედია, ოდესმე თქვენ გამოგადგებათ.

Sunday, September 28, 2014

ფრთხილად წინასწარი შეკვეთისას | Caution: Pre-order!

ოდესღაც მარკეტინგში, ან მასთან დაკავშირებულ საგანში ვისწავლე და არ მეგონა ოდესმე თუ გამოვიყენებდი ამ ტერმინს - early adopter. აი, ეგ ვარ ახლა მე. პროდუქტი ჯერ გამოსული არ იყო, მე რომ წინასწარი შეკვეთა, ანუ ფრეორდერი განვათავსე ჩემს საყვარელ B&H-ზე. არანაირი გამოცდილება იქამდე არ მქონია, უბრალოდ საჭიროება და ჩემი დაუოკებელი სურვილი მოითხოვდა, რაც შეიძლებოდა მალე მეყიდა ახალი კამერა. როგორც აღმოჩნდა, ბევრი რამ უნდა გამეთვალისწინებინა...

Saturday, September 27, 2014

Nikon #D750 პირველი შთაბეჭდილებები

სულ რამდენიმე საათია მივიღე ახალი Nikon D750 და ამ მოკლე პოსტით მინდა უცებ გაგიზიაროთ პირველი შთაბეჭდილებები. ვრცლად იმაზე, თუ რა განსჯის პროცესი გავიარე აქამდე, ცალკე პოსტად მინდა დავწერო.

Saturday, September 20, 2014

ისთანბულ ჰავა(არცისე)იოლარი


ახლო წარსულში რამდენჯერმე მომიწია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში საათობით ყურყუტი. ახლაც აქ ვარ და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა მომავალი მოგზაურებისთვის აქაურობის ავან-ჩავანის გაცნობა. მით უმეტეს, რომ, უმეტესობა შემთხვევაში, თბილისი მსოფლიოს სტამბოლის გავლით უკავშირდება. ორი სიტყვით რომ აღვწერო იქაურობა (აქაურობა), ეს ორი სიტყვა იქნებოდა "ყველაფერი ძვირია". თუმცა ეს ყველა აეროპორტისთვის საერთო დამახასიათებელი ღირსებაა. ამიტომ ორ სიტყვას ამაზე არ დავხარჯავ და სხვა ღირსების წარმოსჩენას ვეცდები. "მყრალი ქაოსი" არის, ჩემი აზრით, აქაურობის საუკეთესო დახასიათება. დღის ნებისმიერ მონაკვეთში აქაურობა გუგუნებს. დეზერტირების ბაზარში გეგონება თავი. დროის მეტ-ნაკლებად კომფორტულად გასატარებლად აქ რამდენიმე რამის ცოდნა გჭირდებათ. ქვემოთ ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და რამდენიმე მინიშნება მოგცეთ, რაც თქვენს აქ ყოფნას ცოტა კომფორტს მაინც შემატებს.

Wednesday, September 10, 2014

თანა(მუქთად)მშრომლობა

თუ


  • ხართ ფოტოგრაფი და გინდათ თქვენი ფოტოამბების, ან საკუთარი ფოტოგრაფიული ტექნიკის გაზიარება, ან თქვენი ფოტოაპარატის და სხვა აღჭურვილობის განხილვა;
  • ხართ მოგზაური და გინდათ თქვენი თავგადასავალი მოუყვეთ სხვებს;


და

მზად ხართ ეს გააკეთოთ უსასყიდლოდ

Friday, September 5, 2014

განხილვა: Lowepro Fastpack 350 #review

ადრე თუ გვიან ყველა ფოტოგრაფის ცხოვრებაში დგება ზურგჩანთაში ინვესტირების დრო. როცა ფოტოაპარატის მხარზე გადასაკიდ ჩანთასთან ერთად გინდათ თან წაიღოთ ლეპტოპი, პირადი ნივთები, არჩევანი ორია: თან ატაროთ 2-3 ჩანთა, ან იყიდოთ ერთი, სადაც კომფორტულად და უსაფრთხოდ მოთავსდება ეს ყველაფერი. სამი წლის წინ მე პირველად გავიმეტე 100+ ლარი ამ კომფორტისთვის.

Thursday, September 4, 2014

მოგზაურობა შვეიცარიაში

როგორ წარმოგიდგენიათ მოგზაურობა შვეიცარიაში? ალბათ თვალწინ წარმოგიდგებათ მაღალი მთები, ვრცელი ტბები, ლამაზი სახლები და დიდ ცურიანი ძროხები. თქვენ კი, ზურგჩანთა მოკიდებული დააბიჯებთ ხან პატარა და ლამაზ ქალაქებში, ხან კი ლაშქრობთ ალპებში. საღამოობით კი მიირთმევთ შვეიცარულ ყველს და ჭიქა ღვინოს ამატებთ ზემოდან. ჰო, მეც ასე წარმომედგინა, მაგრამ ამჯერად ჩემი მოგზაურობის მიზანი სემინარზე დასწრება იყო. არც ისე კარგად ჟღერს, მაგრამ ვეცადე მაქსიმუმი გამეკეთებინა ერთ კვირაში.

Wednesday, August 13, 2014

რჩეული პროექტები Kickstarter-ზე #1

ჩემი რიგითი გასართობი არის ქიქსთართერის (Kickstarter) პროექტების დათვალიერება. განსაკუთრებით მომწონს ფოტოგრაფიასთან, დიზაინთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტები. გადავწყვიტე, პერიოდულად ბლოგზე დავდო ჩემი რამდენიმე რჩეული. ჯერ არ ვიცი, რა პერიოდულობით განვაახლებ ხოლმე ამ სერიას, სავარაუდ თვეში 2-ჯერ.

ამ დროისთვის ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული პროექტებიდან ჩემი ფავორიტების სამეული ასე გამოიყურება:

Thursday, August 7, 2014

რატომ არ ვარგა იაფი ფილტრები, ნაწილი 1

ბევრისგან გამიგია, რომ გადაღებისას დამცავ (ე.წ. ულტრაიისფერ, ანუ UV) ფილტრს  არ ხმარობენ, რადგან სურათს აფუჭებს. ამაში, ცხადია, უნდა იყოს სიმართლის მარცვალი, მაგრამ მე ფაქტობრივ დონეზე არ ვიცოდი, რა განსხვავება შეიძლება იყოს ფილტრით და მის გარეშე გადაღებულ სურათებს შორის. ამიტომ, ექსპერიმენტი ჩავატარე.
photo by Ashley Pomeroy

Monday, August 4, 2014

მოგზაურობა საქართველოს გარშემო #AcrossGeorgia


ასეთი მოგზაურობის სურვილი ყოველთვის მქონდა მაგრამ ხან თავს ვერ ვაბამდი, ხან იმდენად რთული მეგონა, რომ ვერ ვბედავდი. ამ მოგზაურობის ფარგლებში, რომელსაც მე Across Georgia დავარქვი, მოვიარეთ 4 რეგიონი, ვილაშქრეთ 100 კილომეტრამდე და ავტოსტოპით გავიარეთ 800 კილომეტრამდე.

Friday, August 1, 2014

ლაშქრობის შვიდი პრინციპი

ბოლო პერიოდში ერთი დიდი ლაშქრობა და ერთიც შაბათ-კვირის გასეირნება მოვასწარი. ნელნელა ვწერ ამ ლაშქრობების რეპორტაჟებს და იქამდე ერთი პატარა პოსტი მინდა ჩავაკვეტო.

Wednesday, July 2, 2014

[ენთუზიასტი] ფოტოგრაფის ცხოვრების ეტაპები


ბევრი ვიდეო და ინფოგრაფიკა მინახავს ფოტოგრაფის ცხოვრების ეტაპებზე, მაგრამ ყველას აკლდა რაღაც, რეალისტური და ჩვენს გარემოზე მორგებული. ეს პოსტი ჩემი ფოტოგრაფიული ავტობიოგრაფიასავითაა, თუმცა მგონია, უმეტესობა ენთუზიასთ ფოტოგრაფს ერთი გზა გვაქვს გავლილი და რაღაც საერთოდ აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენსა და ჩემს შორის. აი, ასე გამოიყურება ჩემნაირი ფოტოგრაფის ცხოვრება ეტაპებად:

Tuesday, June 24, 2014

შენი შემდეგი ლინზა - Nifty Fifty

ამ პოსტში მინდა ჩემს საყვარელ ლინზაზე ვისაუბრო. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილ ფოტოგრაფიაში (ანუ ყვავილების გადაღებას რაც შევეშვი) ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ ამ ლინზას უკავშირდება. ეს ერთ-ერთია იმ ლინზებს შორის, ყუთიდან ამოღებისთანავე რომ შეგიყვარდება. სიტყვას შევამოკლებ, მინდა 50 მილიმეტრიან ლინზაზე ვთქვა 2 სიტყვა.



Monday, June 23, 2014

იაგუარები (არგ) - ესპანეთი, ფოტორეპორტაჟი

არგენტინელმა იაგუარებმა IRB თბილისის თასის მესამე თამაშიც მოიგეს და თასს დაეუფლნენ. ესპანეთის ეროვნული ნაკრები მათ ადვილად, 41-7 დაამარცხეს.

საქართველო - მზარდი იტალია, ფოტორეპორტაჟი

საქართველოს ნაკრებმა მზარდი იტალიის გუნდი დღეს დამაჯერებლად დაამარცხა ანგარიშით 34 - 10 და IRB თბილისის თასის ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა.


Friday, June 20, 2014

ციფრული თაღლითობა


როგორც ანრი კარტიე-ბრესონმა თქვა, ფოტოგრაფის პირველი 10 ათასი სურათი ყველაზე ცუდია. ჰენრი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 35 მილიმეტრიანი ფირის გამოყენება დაიწყო, ამბობს, რომ მისი პირველი 280 ფირი ნაგავი იყო. თუ საშუალოდ კვირაში 2 ფირს ხარჯავდა, მაშინ მისი ფოტოგრაფიული ცხოვრების პირველ 2.5 წელიწადს ფუჭად ჩაუვლია.

Wednesday, June 18, 2014

საქართველო - იაგუარები (არგ) #IRBTC2014 ფოტორეპორტაჟი

გუშინ თბილისის თასის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოსა და იაგუარების (არგ) შორის შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 16-26 დასრულდა. ამ თამაშში საქართველოს ნაკრებს ახალი და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი ჰყავდა - 21 წლის მერაბ შარიქაძე. 

მატჩამდე:
გუნდები უკვე სტადიონზე არიან

Tuesday, June 17, 2014

როგორ გადავიღე სურათი #8

ღამის ფოტოგრაფია ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა და როცა ბუნწიაღში მივდივარ სალაშქროდ, ყოველთვის ვცდილობ ვისარგებლო გამჭვირვალე ჰაერით და კაშკაშა ვარსკვლავები გადავიღო. სამწუხაროდ, წელს გაზაფხული წვიმიანი აღმოჩნდა და თანაც ჩვენი ლაშქრობა ლომისმთისკენ სავსე მთვარეს დაემთხვა. ამიტომ იმ ღამეს რაღაც განსხვავებულის გადაღება გადავწყვიტე.
ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი

#IRBTC2014 დღე 2, შესავალი

ხვალ, 18 ივნისს, IRB თბილისის თასის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება

  • 17:00    საქართველო - იაგუარები
  • 19:00    მზარდი იტალია - ესპანეთი

Sunday, June 15, 2014

#IRBTC2014 მზარდი იტალია - არგენტინის იაგუარები, ფოტორეპორტაჟი

საავტორო უფლებები დაცულია


IRB თბილისის თასის მეორე შეხვედრა უფრო სანახაობრივი გამოდგა. არგენტინელმა იაგუარებმა 6 ლელო დაუდეს მზარდ იტალიას. თითო სინბინი დაიმსახურა ორივე გუნდმა და საბოლოოდ არგენტინამ პრემიალური ქულით გაიმარჯვა, რითაც ტურნირის პირველი დღე ცხრილის სათავეში დაამთავრა.
მატჩის ოქმი: http://site.rugby.ge/ka-GE/2014-iRB-Tbilisi-Cup/#2ITA-ARG


#IRBTC2014 საქართველო - ესპანეთი, ფოტორეპორტაჟი

სურათებზე საავტორო უფლებები დაცულია


თბილისი თასის პირველი დღე საქართველო-ესპანეთის მატჩით გაიხსნა. მიუხედავად გამარჯვებისა, საქართველოს ნაკრებმა ჯამში მთლად საუკეთესო შეხვედრა ვერ ჩაატარა. მატჩი 5 საათზე დაიწყო, როცა ჯერ კიდევ საკმაოდ ცხელოდა. თამაში რამდენჯერმე შეჩერდა წყლის შესვენების გამო. საბოლოოდ, ანგარიში 23-13 დაფიქსირდა.

თაზო მჭედლიძე

Friday, June 13, 2014

#IRBTC2014 საქართველო - ესპანეთი, ვიცნობდეთ მეტოქეს

ხვალ, 14 ივნისს, 17:00-ზე დაიწყება #IRBTC2014 გათამაშება. გუნდების შემადგენლობები უკვე ცნობილია:



რატომ არ უნდა წაშალოთ სურათები ფოტოაპარატში

"აუუ, მაჩვენე აბა რა გადამიღეეე". ეს ფრაზა ალბათ ყველას გეცნობათ. განსაკუთრებით ხშირად ისმის მდედრებისგან და ხშირად გრძელდება ფრაზით "აუუუ, ეს წაშალე რაა". ამას მოჰყვება ცივი უარი ჩემი მხრიდან და დაპირება, რომ არც ერთ ცუდ კადრს არ გამოვაქვეყნებ. ქვემოთ სტატიაში ვეცდები მოგიყვეთ, რატომ არასდროს ვშლი ფოტოაპარატიდან სურათებს.

სურათები ორ კატეგორიად შეიძლება დავყო: ერთი, რომლებსაც გადაღებისთანავე ვამჩნევ და ვიმახსოვრებ, რომ მომეწონა და მეორე, რომლებსაც მხოლოდ დიდ ეკრანზე ნახვისას აღმოვაჩენ და მერე მომწონს.

ზოგადად, ფოტოგრაფიული ჩვევაა, რომ გადაღებისთანავე შევამოწმო სურათი ფოტოაპარატის ეკრანზე. ხშირად ხდება ისე, რომ ამ პაწუკა ეკრანზე მოწონებული სურათი დიდ ეკრანზე უვარგისად მეჩვენება. გაქცეული ფოკუსი, გადღაბნილი კადრი, ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია, რის გამოც შეიძლება დიდ ეკრანზე სურათი დავიწუნო. თუმცა ხდება საპირისპიროც. ხანდახან ერთი უბრალო და შემთხვევითი კადრი აღმოჩნდება ხოლმე მთელი სესიის საუკეთესო სურათი.

ამიტომ არის, რომ არასდროს ვშლი სურათებს ფოტოაპარატიდან. უფრო მეტიც, კომპიუტერში ვაარქივებ ყველას. ჩემი არქივის ზომა ტერაბაიტს აღწევს.  რა იცი როდის გადაათვალიერებ და რას აღმოაჩენ. მახსოვს დრო, როცა 1 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათი 60 ლარად შევიძინე. დღეს უკვე კაპიკები ღირს და თან უფრო ხელმისაწვდომია. სურათები ღვინოსავითაა, რაც უფრო ძველდება, უფრო ემატება ფასიც და ღირებულებაც.

Thursday, June 12, 2014

IRB თბილისის თასი - პირველი პრესკონფერენცია (LIVE)

დასრულდა პირველი პრესკონფერენცია და გუნდები გაემართნენ საერთო სურათის გადასაღებად.

IRB თბილისი თასი 2014 #IRBTC2014

შაბათს იწყება IRB თბილისის თასის გათამაშება, რომელიც უკვე მეორედ იმართება. ამჯერად საქართველოს ნაკრებთან ერთად ტურნირში მონაწილეობას იღებენ მზარდი იტალიის, არგენტინელი იაგუარების და ესპანეთის ეროვნული ნაკრები გუნდები.
ამ ტურნირის თამაშებიდან ჩვენთვის მხოლოდ ერთია სარეიტინგო (ესპანეთის წინაღმდეგ).


დღეს ტურნირის ფარგლებში პირველი პრესკონფერენცია გაიმართება. თამაშები ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩატარდება 14, 18 და 22 ივნისს. 


ბილეთები იყიდება რაგბის კავშირში (12:00-18:00) და ავჭალის სტადიონის სალაროებში. თითო სათამაშო დღის ბილეთის ფასი 5 ლარია.

ვინც მოსვლას ვერ ახერხებთ, დაგეგმილია პირდაპირი ტრანსლაციები საზ.მაუ-ს 1 და 2 არხებზე. სრული ინფორმაცია ტურნირის შესახებ იხილეთ მის ოფიციალურ საიტზე http://site.rugby.ge/ka-GE/irbtc2014/

ამ ტურნირის სრული ფოტორეპორტაჟები ლაივ რეჟიმში დაიდება ამ ბლოგზე და ჩემს ფეისბუქზე

Sunday, June 1, 2014

როგორ გადავიღე სურათი #7

ეს არ არის ინდუსტრიის სტანდარტული ფოტოსურათი. ერთი ჩვეულებრივი პროდუქტის ფოტოა. უბრალოდ, ამ სურათით მინდოდა მეჩვენებინა, თუ რა შეიძლება გადაიღოთ სახლის პირობებში. ასევე, ნუ მიიღებთ ამ პოსტს, როგორც რეკომენდაციას ღვინის ბოთლის გადაღებისთვის. მთავარია, იყოთ შემოქმედებითი და სცადოთ ბევრი სხვადასხვა განლაგება სასურველი შედეგის მისაღებად. აქვე, მინდა მოგიწოდოთ ჯანსაღი კრიტიკისკენ, რადგან პროდუქტის ფოტოგრაფია სიახლეა ჩემთვის და ბევრი მაქვს სასწავლი.


ამ გადაღებაში გაწეული ინტელექტუალურ-მატერიალურ-და ა.შ. სახის დახმარების გაწევისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს თაკოს, ნიკოს და ლევანს!
ასევე ჩემს მშობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, თელასს, დურასელს და... ჰო, კაი, ვიწყებ პოსტის არსებითი ნაწილის წერას:

Friday, May 23, 2014

შავლეგ შენი შავი ჩოხა


აბუ შენი რაგბის ფორმა,
აბუუუ-კოოოო,
მტვერში ამოგიგვანგლია,
აბუუუ-კოოოო!

Wednesday, May 21, 2014

ლაშქრობა ლომისმთისკენ

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 11 მარკირებული ბილიკია. მათგან ყველაზე მეტად მონახულებადი ლომისმთის მარშრუტი გახლავთ. ეს ორ დღიანი სალაშქრო ბილიკი ლიკანის მცველთა საგუშაგოსთან იწყება და იქვე მთავრდება.
ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი

Tuesday, May 13, 2014

სენსორის გაწმენდა მტვრისა და ზეთისგან

ერთ-ერთ წინა პოსტში გიყვებოდით ციფრული ფოტოაპარატებისა და მტვრის მეგობრობაზე. ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ გავწმინდე ჩემი ანტიკვარი Nikon D100-ის სენსორი მტვრისა და ლაქებისგან.
Nikon D100

Thursday, May 8, 2014

ღამის ფოტოგრაფია

ჩემი ერთ-ერთი გატაცება ღამის ფოტოგრაფიაა. პირველად 4 წლის წინ ვცადე ვარსკვლავების გადაღება და ეგრევე მოვიწამლე. აღმოჩნდა, რომ ამ ტიპის სურათების გადაღებას დიდი ინვესტიცია სჭირდება როგორც ფოტო-ტექნიკაში, ისე დროში. ბევრი უნდა წაიკითხო ინტერნეტში; სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრები დაათვალიერო; იკითხო, როგორ გადაიღეს და, რაც მთავარია, შენითაც გაივარჯიშო პრაქტიკისთვის.

Tuesday, May 6, 2014

ფოტოაპარატის უსაფრთხოება ლაშქრობაში

ლაშქრობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ის არის, რომ შეიძლება მოხდეს ყველაფერი გაუთვალისწინებელი.
  • ამინდი წინასწარ შეამოწმეთ და 50 კილომეტრში ღრუბელიც კი არ უნდა ყოფილიყო? ლაშქრობაში მაინც იწვიმებს! 
  • რუკაზე დატანილი ბილიკის არსებობის დაიჯერეთ? ეს ბილიკი შარშან მეწყერმა წაიღო, მოგიწევთ გაუკვალავში დაშვება. 
  • ბავშვობიდან გახსოვდათ, რომ იქ მხოლოდ პაწაწინა ღელე ჩამოდიოდა? ახლა ეს ღელე დაკაცდა და უკვე მდინარეა. 
  • და ა.შ.


თუ თქვენ ტოპ კლასის სუპერ ძვირი ციფრული ფოტოაპარატი არ გაქვთ, მაშინ მოგიწევთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და დაიცვათ ის მტვრისკან, წყლისგან, ნესტისგან, დაცემისგან და ავი თვალისგანაც. Nikon-ის მხოლოდ რამდენიმე არსებულ მოდელს აქვს წვიმისგან და მტვრისგან დაცვის მიზნით შექმნილი კორპუსი. მთი ფასი $2,900-დან იწყება. აი ლინზები კი, განსაკუთრებით ზუმ-ლინზები, თითქმის დაუცველია მტვრისა და წყლისგან. ამ პოსტში ხიფათის შესაძლო წყაროებისგან დაცვაზე ცალცალკე ვისაუბრებ.

Monday, May 5, 2014

მეგაპიქსელებზე

Nikon D90 | Nikkor 50mm f/1.4
მინდა მარტივი კითხვა დაგისვათ: მოგწონთ ეს სურათი?

ბევრი მიზეზის გამო შეიძლება დაიწუნოთ. ექსპოზიცია, კომპოზიცია და ა.შ. რამდენიმე მათგანია. თუმცა, 90% შემთვევაში არც ერთი იტყვით, რომ ეს სურათი მისი გაფართების გამო არ ვარგა.

Thursday, May 1, 2014

ლეიბორისტული პოსტი

პოსტი 1 მაისთან დაკავშირებით
დაჰკარ დაჰკარ
მე წინა ცხოვრებაშიც ვვლოგერობდი. ცოტა უხარისხოდ, მაგრამ რაღაცები შემომრჩა იქედან მაინც. ეს ერთ-ერთია (დაწერილია 2010 წელს). მცირე კვლევის შედეგები:

ირგვლივ სულ წუწუნი მესმის – რამდენს ვმუშაობთ, ძალიან ვიღლებით და ა.შ. წუწუნი მესმის ჩემი თავიდანაც. ჰოდა რომ გამეგო, რამდენად გამართლებულია ჩვენი წუწუნ–ბუზღუნი, პატარა მოკვლევა ჩავატარე ინტერნეტში.
აღმოჩნდა, რომ კვირაში საშუალოდ  სამუშაო საათების ხანგრძლივობით ლიდერი ქვეყნები არიან ჰონგ კონგი, კოლუმბია, ინდოეთი, მექსიკა, ნეპალი, პერუ და ტაილანდი. ამ ქვეყნებში კვირაში 48 საათს მუშაობენ! შედარებისთვის, ჩვენი კვირეული სამუშაო საათების რაოდენობა განსაზღვრულია 40 საათით. 

Wednesday, April 30, 2014

მეორე ქუჩის N6

ბედიანი - დაბა ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში. პირველად ჩასვლისას იფიქრებთ, რომ ღმერთსაც კი დავიწყებია იქაურობა. ბედიანში მდებარეობს უძველესი სამონასტრო კომპლექსი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ფსიქიატრიული საავადმყოფო და ბედიანის ბავშვთა სახლი. ეს უკანასკნელი გახდა ჩემი პირველი ვიზიტის მიზეზი თავის დროზე.

აქ სულ 200-მდე მოსახლე ცხოვრობს. ქუჩებს სახელები არ აქვთ. უფრო სწორად აქვთ. აქ არის პირველი ქუჩა, მეორე ქუჩა და მესამე ქუჩა.

გთავაზობთ ჩემი ბოლო სტუმრობისას გადაღებულ ფოტორეპორტაჟს:

Tuesday, April 22, 2014

როგორ გადავიღე სურათი #6


Nikon D90; Tokina 11-16 f/2.8
16mm | ISO 200 | f/20 | 58 წამი
ელვის გადასაღებად საჭირო მინიმალური აღჭურვილობაა:
  • კარგი შტატივი
  • ფოტოაპარატი მართვადი ექსპოზიციით (სასურველია DSLR ტიპის კამერა)
  • ფართეკუთხიანი ლინზა
  • პულტი (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი)
  • წამზომი (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი)

Friday, April 18, 2014

le professionnel

წაიკითხეთ ამ მელოდიის ფონზე - le professionnel


არაფერი მაღიზიანებს ისე, როგორც სიტყვათა შეთანხმება "პროფესიონალი ფოტოგრაფი", განსაკუთრებით, თუ ის კითხვის ფორმითაა მოწოდებული - "პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ?". არა, არის კიდევ ერთი ასეთი, რაც მგონი უფრო მეტად მძაგს - "პროფესიონალური ფოტოაპარატი".

Thursday, April 17, 2014

როგორ შევარჩიოთ მეორადი ფოტოაპარატი

მეორადი ფოტოაპარატის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ამ სტატიაში მინდა მიმოვიხილო თითოეული მათგანი და გასწავლოთ, როგორ შეამოწმოთ ფოტოაპარატის მდგომარეობა.



Wednesday, April 16, 2014

მტვერი სენსორზე

2012 წლის ნოემბერში ნიკონმა განაცხადა ახალი FullFrame მოდელის გამოშვების შესახებ. ეს ყველაზე იაფი სრული ზომის სენსორიანი კამერა იქნებოდა იმ დროისთვის ბაზარზე. ნიკონისტების აღტაცება მას შემდეგ შეწყდა, რაც გახმაურდა ამ მოდელის საწარმოო ნაკლი: 8,000 კადრის გადაღების შემდეგ აპარატის სენსორზე მნიშვნელოვანი რაოდენობის მტვერი და ცხიმის ლაქები ჩნდებოდა. პრობლემა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ნიკონს მოუხდა ამ მოდელის ჩანაცვლება ახალი D610 მოდელით. თუმცა რეპუტაციას დღემდე ვერაფერი მოუხერხა.

მტვერი სენსორზე DSLR ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავის ტკივილია. მტვერი რამდენიმე გზით შეიძლება მოხვდეს ფოტოაპარატში. 
  • ქარხნიდან გამოსვლამდე საწარმოო მტვერი ხშირად სწორედ სენსორზე ჯდება და იქ ცხოვრობს მთელი დარჩენილი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები მაქსიმალურად აკონტროლებენ წარმოების პროცესს, ეს მაინც ხდება. ამაში მე თავად მაშინ დავრწმუნდი, როცა სულ ახალი Nikon D5200-ის სენსორი შევამოწმე. ნახეთ შედეგები ქვემოთ:
ახალი Nikon D5200-ის სენსორი
  •  თუკი ლინზას სახლის გარეთ, ან ისეთ ადგილას შეცვლით, სადაც მტვრისგან დაცული არ ხართ, დიდი ალბათობით მტვრის ნაწილაკები თქვენი აპარატის სარკეზე ან სენსორზე აღმოჩნდება. ქვემოთ მოცემული სურათი არის ჩემი ახლადჩამოსული ანტიკვარული Nikon D100-ის სენსორი. შავი წერტილები და ლაქები მტვერი და ცხიმია.


არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს სენსორზეც აღმოაჩენთ მტვერს. ეს ტრაგედია არ არის, რადგან გადაღებულ სურათებს ის იშვიათად ეტყობა. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია დღისით მოწმენდილი ცის გადაღება, სადაც აუცილებლად გამოჩნდება მტვრის ნაწილაკები, თუ სენსორი დაბინძურებულია.

როგორ შევამოწმოთ ფოტოაპარატის სენსორი სუფთაა თუ არა:
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ერთი სუფთა თაბახის ფურცელი; ნორმალურად განათებული გარემო და რომელიმე ფოტო-რედაქტორი (lightroom, photoshop ან სხვა) კომპიუტერში.
  1. ფოტოაპარატი გადაიყვანეთ Manual ექსპოზიციის რეჟიმზე
  2. სურათის ხარისხი დააყენეთ RAW-ზე
  3. ISO შეამცირეთ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე
  4. გათიშეთ auto ISO ფუნქცია
  5. გათიშეთ ავტოფოკუსი
  6. ფოკუსი გაასწორეთ უსასრულობაზე
  7. დახურეთ დიაფრაგმა ბოლომდე, სადამდეც შესაძლებელია
  8. დაყოვნება შეამცირეთ დაახლოებით 1 წამის ფარგლებში. ექსპოზიცია 0-თან ახლოს უნდა იყოს
  9. გადაუღეთ სურათი თანაბრად განათებულ სუფთა თაბახის ფურცელს.

ამის შემდეგ შეამოწმეთ ჰისტოგრამა ფოტოაპარატშივე. თუ ჰისტოგრამა მთლიანად უკიდურეს მარჯვება კუთხეშია, მაშინ გადაიღეთ ახალი სურათი ოდნავ უფრო სწრაფი დაყოვნებით, სანამ არ მიიღებთ დაახლოებით ასეთ ჰისტოგრამას:

Inline image 2
ჰისტოგრამა
ამის შემდეგ გადაიტანეთ სურათი კომპიუტერში.
ფოტო რედაქტორის საშუალებით შეამცირეთ Highlight-ები, შეამცირეთ ექსპოზიცია. სცადეთ სხვა პარამეტრების ცვლილებაც და შემდეგ ახლოდან დააკვირდით სურათს. თუ ხედავთ ლაქებს ან შავ წერტილებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სენსორი გასაწმენდია. არ აღელვდეთ, ნერვები არ აგეშალოთ, ეს ჩვეულებრივი რამ არის ფოტოგრაფიაში. სენსორები ისვრება, თუმცა 1) მათი გაწმენდა შესაძლებელია და 2) ლაქები საბედნიეროდ სურათების უმეტესობას არ ეტყობა. 

ჩემი რეკომენდაცია იქნება, არ სცადოთ სენსორის თქვენით გაწმენდა, შეიძლება ის მთლიანად დააზიანოთ. თბილისში მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც ვანდობდი ჩემს ფოტოაპარატს გასაწმენდად. ამიტომ საგულდაგულოდ ვუფრთხილდები და ვცდილობ დავიცვა მტვრისგან. ყველაზე კარგი გზა მაინც პრევენციაა და თუ აქამდე არ უფრთხილდებოდით თქვენს აპარატს, ამიერიდან იცოდეთ, თქვენთვის უხილავი მტვერი ფოტოაპარატისთვის დიდი საფრთხის წყაროა.

თუ არ დაგეზარებათ, შეამოწმეთ თქვენი ფოტოაპარატის სენსორი და დატოვეთ კომენტარი, რამდენად სუფთა ან დაბინძურებული ის :)

Thursday, April 3, 2014

ლაშქრობაში წასაღები ნივთები


მინდა, ისევ განმარტებით დავიწყო, თუ რას ვგულისხმობ ლაშქრობაში და რით განსხვავდება ეს სხვა ტიპის ქალაქგარეთ/ქალაქშიგნით გასვლებისგან (ექსკურსია, პიკნიკი და ა.შ.):

Monday, March 31, 2014

პეიზაჟების ფოტოგრაფია: ძირითადი შეცდომები

პანორამების ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ვერ ვიტყვი, რომ ამ ჟანრში ჭიპი მაქვს მოჭრილი, მაგრამ ჩემი ფოტოების უმეტესობა სწორედ პეიზაჟებია. დროთა განმავლობაში ბევრი რამე ვისწავლე და ძირითადად საკუთარი შეცდომების ხარჯზე. მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მათგანი.

Thursday, March 20, 2014

როგორ გადავიღე სურათი #5

Paris_mockup
Champs-Élysées, გადაღებული ტრიუმფალური თაღის სახურავიდან
თქვენც თუ ჩემსავით ლინზების (ბოდიშიდა) ჭია ბრძანდებით, აუცილებლად შეამჩნევდით უცნაური ფორმისა და აგებულების ლინზებს, რომელსაც Tilt-Shift ჰქვია. სამწუხაროდ, ეს ლინზები ძალიან ძვირი ღირს. საბედნიეროდ კი ამ ლინზის შესაძლებლობების მანიპულაცია ფოტოშოფის დახმარებით ჩვეულებრივი ლინზებითაც შეიძლება.