Thursday, November 6, 2014

სიპი ტაუ(რი)

ამ სპორტის ყველაზე არმცოდნემაც იცის, რომ ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრებს აქვს წინასამატჩო რიტუალი "ჰაკა". მაგრამ, მგონი გაცილებით ნაკლებმა იცის, რომ ოკეანეთის ქვეყნების სხვა გუნდებსაც აქვთ მსგავსი რიტუალი. ერთ-ერთი ასეთი უახლოეს წარსულში, შარშან, თბილისშიც ვიხილეთ და ვისმინეთ, როცა სამოას ნაკრები გვესტუმრა. მიუხედავად ბევრი თხოვნისა, მაშინ სივა ტაუს შესრულებას მაყურებელთა მხრიდან სტვენის გარეშე არ ჩაუვლია. ამჯერად ჩვენთან ტონგა ჩამოდის, რომელსაც თავისი საბრძოლო რიტუალი მოაქვს თან - სიპი ტაუ.
სამოას ნაკრები ასრულებს "სივა ტაუს" (თბილისი, მესხი, 2013)
რა არის სიპი ტაუ? რას ამბობს ამ რიტუალის სიტყვები? არის თუ არა ის შეურაცხმყოფელი და როგორ უნდა მოვიქცეთ გულშემატკივრები რიტუალის დროს?

რაგბის კავშირისა და ეროვნული ნაკრების არაოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არის მოწოდება, რომ ამჯერად მაინც არ შევხვდეთ სტვენით ოკეანელთა საბრძოლო რიტუალს. თუ მაინცდამაინც გვინდა რამე მოვიმოქმედოთ ამ დროს, თხოვნაა, ინგლისელი გულშემატკივრის მსგავსად ეროვნული ჰიმნი დავაგუგუნოთ!

ჩემი აზრია, რომ ამ მოწოდებას შარშანდელივით მცირე შედეგი ექნება, რადგან ბურძგლდაყრილი ქართველი გულშემატკივარი ვინმე გადამთიელის მიერ ნაყვირს ჩუმად ვერ შეხვდება. მხოლოდ ერთი ვარიანტია, ავუხსნათ გულშემატკივრებს, თუ რა არის სინამდვილეში ეს საბრძოლო რიტუალი და არის თუ არა ის შეურაცხმყოფელი.

ტექსტის ვარიაციები ალბათ არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ქვემოთ ვეცადე მეთარგმნა.

სიპი ტაუ (ჩემი თარგმანი, მცირე ინტერპრეტაციით)
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ,
ზღვის არწივები მშიერი მოდიან!
გვიფრთხილდეს ყველა, უცხოელი და სტუმარი,
დღეს ჩვენ ვართ ყველას სულის განმგმირავი!
ჰავბეკს და მცველებს ვაფრთხილებთ,
დანდობას დღეს არ დავიწყებთ!
ფორვარდებს მოლში დავჩაგრავთ,
შერკინებას უმოწყალოდ გავიტანთ.
ოკეანის წყალს ვსვამთ და სადილად მივირთმევთ ცეცხლს
გამარჯვება ან სიკვდილი, არ ვჩივით ჩვენს ბედს.
ტონგა თავის დევიზს ასე ერთგულებს,
დევიზის დასაცავად ვდებთ სულებს და გულებს!

ქართულად ნათარგმნი ცოტაარიყოს და სასაცილოა, მაგრამ ტონგელებს ალბათ ბურძგლი აყრით ამის მოსმენაზე. იმედია დამეთანხმებით, რომ ჩვეუელბრივი საბრძოლო სიმღერაა, როგორიც მაგალითად ჩვენებური "ბრძოლის ყიჟინა მომესმა" ან რამე სხვა, "შავლეგო". ჰოდა, მოდით, ნუ ვიგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად სიპი ტაუს მოსმენაზე და მივიღოთ ის როგორც შოუ, სახელად სიპიტაური. დავუკრათ ტაში და მერე მთელი თამაშის განმავლობაში დავაგუგუნოთ ჰიმნიც და თუგინდ შავლეგოც.

და ბოლოს, ეს გამორჩეული ვიდეო ნახეთ. ახალი ზელანდიისა და ტონგას თამაშიდან:

No comments:

Post a Comment