Thursday, October 30, 2014

განხილვა: Sigma 24-105mm f/4 OS Art ლინზა

სიგმას ლინზებს არასდროს ვწყალობდი. რამდენჯერმე განვიხილე 24-70მმ 2.8-ის შეძენა, აგრეთვე 70-300 მაკრო და 70-200 2.8, თუმცა ყველა დავიწუნე. ყველაზე მისაღები ამ ლინზებში იყო მათი ფასი, თუმცა ხარისხი (ოპტიკური და კონსტრუქცია) სწორედ ფასის შესაბამისი გახლდათ. შემდეგ სიგმამ დაიწყო ახალი კონცეფციის ლინზების გამოშვება Art, Sport და Contemporary სახელებით. 35 მილიმეტრიანმა პრაიმმა მაშინვე დაიმსახურა საყოველთაო აღიარება და მეც უკვე სერიოზულად შევხედე სიგმას. გასულ თვეში, როცა ფულფრეიმ კამერა ვიყიდე და მისთვის მინდოდა რამე უნივერსალი ლინზა, სწორედ სიგმაზე შევაჩერე არჩევანი. ამ პოსტში განვიხილავ ერთი თვის განმავლობაში დაგროვებულ შთაბეჭდილებებს სიგმას 24-105mm F/4 OS Art ლინზაზე.


როცა ეს ლინზა მივიღე, პირველი შთაბეჭდილება იყო მისი ზომა/წონა. F/4-ის კვალობაზე არ მეგონა, თუ ასეთი მძიმე იქნებოდა. უნდა ვაღიარო, ყოველდღიურად D750-თან ერთად სატარებლად არც ისე კომფორტულია. რომ შევადარო, ნიკონის 24-70 2.8 მხოლოდ 15 გრამით უფრო მძიმეა, ხოლო ნიკონის 70-300 VR ვერსია საერთოდაც 140 გრამით მსუბუქია, ვიდრე სიგმა. ძალიან ბევრი უარყოფითი გამომივიდა თავიდანვე, თუმცა ჯამში ცუდი აზრის ჯერჯერობით ნამდვილად არ ვარ.

ე.წ. "pixel peep" არ ვარ და ეს განხილვაც უფრო მომხმარებლის მიერ დაწერილი შთაბეჭდილებებია, ვიდრე ექსპერტის დასკვნა. ამიტომ ახლა მინდა აღვნიშნო, თუ რა მომწონს ყველაზე მეტად ამ ლინზაში. ეს არის ფოკუსური მანძილის დიაპაზონი. ფართე კუთხე 24 მილიმეტრზე საკმარისად ფართეა იმისთვის, რომ გადაიღო თუნდაც ინტერიერი (გარკვეული შეზღუდვებით), ხოლო 105 მილიმეტრი ძალიან მეხმარება ლაშქრობებში, როცა რამე საინტერესოს ვხედავ მოშორებით. ყოველდღიური მოხმარებისთვის ძალიან კომფორტული დიაპაზონია. თუ 24-70 2.8 არ გაქვს, ალბათ რამე ასეთი მაინც უნდა გეგდოს ჩანთაში, როგორც "all around" ლინზა.

სტაბილიზატორი
სიგმას ენაზე ოპტიკურ სტაბილიზატორს ძალიან ადამიანური სახელი ჰქვია და პირდაპირ ასევე იწოდება - Optical Stabilizer (OS). განსხვავებით ნიკონისა და ქენონისგან, რომელთა მარკეტოლოგებმაც ფრიად დამაბნევლად მონათლეს ეს ფუნქცია და, შესაბამისად, VIbration Reduction (VR)  და Image Stabilization-ს (IS) უწოდებენ.
სიგმას 24-105 ლინზას საკმაოდ ხარისხიანი სტაბილიზატორი აქვს. თითქმის იდეალურად ჩუმია და დაბალ განათებაში უშტატივოდ სამუშაოდ ძალიან მეხმარება, რომ სურათი არ გაიდღაბნოს.
უშტატივოდ. Nikon D750 | ISO 6,400 | f/4.0 | 1/15 sec.

უშტატივოდ, Nikon D750 | ISO 6,400 | f/4.0 | 1/50 sec.

უშტატივოდ, Nikon D750 | ISO 6,400 | f/4.0 | 1/60 sec.

DX-ზე
ლინზა უპრობლემოდ მუშაობს მცირე სენსორიან აპარატებზეც. ამ დროს ლინზის ფოკუსური მანძილი იცვლება და ნაცვლად 24-105 მილიმეტრისა, "კროპიან" სენსორზე 36-158 მილიმეტრის ექვივალენტს ვიღებთ. ჩემს D90-ზე შემოწმებისას ლინზა ზუსტად ისევე მუშაობდა, როგორც D750-ზე. ყველა ფუნქცია (ავტოფოკუსი, ოპტიკური სტაბილიზატორი) წესრიგში იყო და ერთადერთი განსხვავება სწორედ ფოკუსური მანძილი გახლდათ, რაც, ჩემი აზრით, უმეტეს შემთხვევებში მოსაღები დიაპაზონია.
აქვე, კროპიან სენსორზე უკვე აღარ შეიმჩნევა ვინიეტირება.
VR ON | უშტატივოდ, Nikon D90 | ISO 200 | 105mm | f/11 | 1/10 sec.

VR ON | უშტატივოდ, Nikon D90 | ISO 200 | 105mm | f/11 | 1/13 sec.

VR ON | უშტატივოდ, Nikon D90 | ISO 200 | 58mm | f/18 | 1/60 sec.


შედარება სხვა მსგავს ლინზებთან
ამ ნაწილს მოგვიანებით ჩავამატებ

ფილტრის ზომა
რაც ყველაზე მეტ დისკომფორტს მიქმნის, არის ლინზის ფილტრის ზომა. განსხვავებით უმეტესობა პრო-კლასის ლინზებისგან, რომელთა დიამეტრი 77 მილიმეტრია, სიგმას 82 მილიმეტრიანი ფოლტრები სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი არსებული ფილტრები არაფერში გამომადგება ამ ლინზაზე და ახლები უნდა შევიძინო. უფრო დიდი ფილტრი კი ავტომატურად ნიშნავს უფრო ძვირსაც.
ფილტრის ზომა 82 მილიმეტრი


ლინზის კონსტრუქცია
მოგეხსენებათ, სიგმას ეს ლინზა ცვალებადი ფოკუსური მანძილისაა, ანუ ე.წ. "ზუმიანი". ზუმის დროს ლინზა ფორმას იცვლის, თუმცა მისი წინა ელემენტი არ ბრუნავს დაფოკუსების დროს (რაც ძალიან კარგია, თუ ფილტრებს ხმარობთ). მინიმალურ ფოკუსურ მანძილზე (ანუ, "ამოზუმებულზე") ლინზა კომფორტულად მაგრდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩამკეტი ღილაკი არ აქვს. სიარულის და ვიბრაციის დროს ჯერჯერობით შემთხვევა არ მქონია, რომ ლინზა თავისით "დაზუმებულიყოს". კონსტრუქციით კმაყოფილი ვარ. საკმაოდ გამძლე მასალისგან ჩანს დამზადებული და ზუმი/ფოკუსის რბოლებზეც ხარისხიანი რეზინია გადაკრული.
ლინზას გვერდით აქვს ორი გადამრთველი: ერთი ავტო-დან ხელით დაფოკუსებისთვის, ხოლო მეორე - სტაბილიზატორის ჩართვა-გამორთვის. ეს ღილაკებიც საკმაოდ ხარისხიანი ჩანს, არ მქონია შემთხვევა, რომ სიარულისას სხეულზე გამოდებით გადართულიყოს.



შეჯამება
ვერ ვიტყვი, მხოლოდ ეს ლინზა რომ მქონდეს, მეტი არაფერი დამჭირდებოდა მეთქი. მაგრამ "ფულფრეიმ" კამერასთან რამე ასეთი საშუალო დიაპაზონის ლინზა ძალიან მოსახერხებელია. სიგმას სხვა ლინზებთან შედარებით ხარისხში განსხვავება აშკარაა. ეს არის საკმაოდ მყარი კონსტრუქციის და ოპტიკურად ძალიან გამართული ლინზა. კროპიანი კამერისთვის ამ ლინზას არ გირჩევდით, ჯობს რამე სხვა ნახოთ. ჯამში, კმაყოფილი ვარ სიგმას ოჯახში შემოსვლით.

ლინზის ტექნიკური ასპექტებისა და ოპტიკური ხარისხის განხილვები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
1) http://cameralabs.com/reviews/Sigma_24-105mm_f4_DG_OS_HSM_Art/sharpness.shtml



2) http://www.lenstip.com/389.11-Lens_review-Sigma_A_24-105_mm_f_4_DG_OS_HSM_Summary.html


ლინზის დამატებითი სურათები





No comments:

Post a Comment