Friday, January 17, 2014

როგორ გადავიღე სურათი

ეს პირველი ჩანაწერია ამ სერიიდან. სერიის არსი მარტივია და, როგორც სათაურიდანაც ჩანს, მოგიყვებით ერთი სურათის გადაღების ისტორიას.
ამ სურათის გადაღების იდეა www.boredpanda.com-ის დათვალიერებისას გაჩნდა და მოვინდომე, მეც მეცადა რაღაც ასეთივე. რამდენიმე წარუმატებელი კადრის შემდეგ გამომივიდა ის, რაც მინდოდა. მე ამ სურათს დავარქვი "ფილარმონია". სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ადამიანს მართლა ეგონა, რომ ეს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სურათი იყო.
ფილარმონია (c) ლევან ვერძეული
პარამეტრები: ISO 200, F3.5, დაყოვნება 5 წამი

გადაღებისთვის საჭიროა:
1) ფოტოაპარატი (სასურველია ციფრული ფოტოაპარატი, რომელზეც შესაძლებელია დაყოვნების კონტროლი)
2) ზუმ ობიექტივი (თუმცა ეს კონკრეტული სურათი ფიქსირებული ობიექტივით გადავიღე)
3) კლავიატურა, რომელიც ანათებს
4) შტატივი

გადაღების ინსტრუქცია:
ეს სურათი ბნელ ოთახში უნდა გადაიღოთ. ფოტოაპარატი მოათავსეთ კლავიატურის ზემოთ და მის პარალელურად. ფოტოაპარატი დააყენეთ "Manual" რეჟიმზე და ბნელ ოთახში გადაიღეთ სატესტო კადრი, რომ გაიგოთ ზუსტი ექსპოზიციისთვის საჭირო პარამეტრები. ამ ეფექტის მისაღებად დაყოვნება 3 წამზე მეტი უნდა იყოს. თუ თქვენი ოთახის განათება ამის საშუალებას არ იძლევა, დახურეთ დიაფრაგმა ან შეამცირეთ ISO მგრძნობიარობა. ექსპოზიციის ზუსტი პარამეტრების შეყვანის შემდეგ გადაღების დროს ობიექტივის ზუმის გამოყენებით მიიღებთ ასეთ შედეგს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადაღების დროს კადრი უნდა მოაახლოვოთ.
როგორც ზემოთ ვთქვი, ეს სურათი ზუმ ობიექტივის გარეშე გადავიღე. "ამობურცული" ეფექტის მისაღებად გამოვიყენე ე.წ. "თევზის თვალი" ობიექტივი. კადრის მოსაახლოვებლად გადაღების მომენტში შტატივი მე თავად ხელით მივაახლოვე განათებულ კლავიატურას.

გამოყენებული ტექნიკა:
Nikon D90
Rokinon 8mm fisheye
Oben Tripod, Ball head
Asus laptop

წარმატებებს გისურვებთ და, თუ თქვენც გადაიღებთ, არ დაგავიწყდეთ შედეგების გაზიარება!

No comments:

Post a Comment