Thursday, January 23, 2014

რაგბის ფოტოგრაფია

რაგბი, როგორც სპორტი, სკოლის ასაკიდან მომწონდა, მაგრამ სერიოზულად გარკვევა მოგვიანებით დავიწყე. ნაკრების თამაშებს უკვე დიდი ხანია არ ვტოვებ (შინ) და როცა თამაში გასვლაზეა, სადაც არ უნდა ვიყო, რა დროც არ უნდა იყოს, ეკრანს ვარ მიჯაჭვული. მე თავად პირველად რამდენიმე წლის წინ ვითამაშე - ბათუმში ქვიშის რაგბის სამოყვარულო ტურნირი იმართებოდა და სწორედ იქ მოვიწამლე საბოლოოდ რაგბით. 

რაგბის გადაღებაში ჩემი სტაჟი გაცილებით მოკრძალებულია. პირველად 2013 წლის მარტში გავბედე, ერთა თასის თამაშებზე, მიმეწერა რაგბის კავშირისთვის აკრედიტაციის მიღებაზე. თავი წარვადგინე, როგორც Freelance ფოტოგრაფი და ძალიან გამიკვირდა, რომ დამთანხმდნენ (გადაღებული სურათების უსასყიდლოდ მიცემის "საფასურად"). მაშინ ჩემი აღჭურვილობა, რაც შესაძლოა გამომდგომოდა, იყო Nikon D90 და 18-200მმ ობიექტივი. თამაში დღისით იმართებოდა და ადვილად "გამოვძვერი". სურათები მეტ-ნაკლებად ნორმალური გამოვიდა, მე კი თითქმის იმდენი ვირბინე გადაღებისას, რამდენიც კიდის მსაჯმა.

მაშინ მივხვდი, რომ ეს საქმე საერთოდ არ არის მარტივი და არაფრით გავს ფოტოგრაფიის სხვა ჟანრებს, სადაც აქამდე გამომიცდია საკუთარი თავი. ახლა უკვე გადაღებული მაქვს 6 თამაში, განვაახლე ჩემი აღჭურვილობა და გარკვეული ცოდნაც შევიძინე. ინტერნეტ-რესურსები რომ უსაზღვროა, არახალია. ამავდროულად, კარგი ის არის, რომ წყაროების უმეტესობა სრულიად უფასოა. ამან მე საშუალება მომცა ბევრი რამე მესწავლა ჩემთან შედარებით გამოცდილი ხალხისგან და ბევრი დრო და კამერის რესურსიც დამაზოგინა.
იმედია, რაგბის ფოტოგრაფიის შესახებ პოსტების სერია სხვა დამწყებ ფოტომოყვარულებს დაეხმარება, მე კი მივიღებ მეტ რჩევას უფრო გამოცდილი ფოტოგრაფებისგან, თუკი ვინმე წააწყდება ამ პოსტს.

რითი გადავიღოთ?
ამბსოლუტური მინიმუმი არის ფოტო აღჭურვილობა 100მმ-იანი ფოკუსური მანძილით. თუმცა ამ საქმით სერიოზულად დაკავების სურვილი თუ გაქვთ, გარკვეული ინვესტიციის განხორციელება მოგიწევთ.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ $20,000-ის დახარჯვის გარეშე რაგბის გადაღების მცდელობა უშედეგოა. მე მინახავს სტადიონზე აკრედიტებული ფოტოგრაფები სამოყვარულო, კომპაქტური ფოტოაპარატებით (სუპერ-ზუმები). მინახავს აგრეთვე საოცნებო ტექნიკით აღჭურვილი ჟურნალისტებიც. მთავარი მაინც მონდომებაა და ალღო. უკეთესი ტექნიკა მხოლოდ საქმეს ამარტივებს.
ჩემი ამჟამინდელი აღჭურვილობა:
Nikon D90 (ძირითადი აპარატი)
Lumix FZ-50 (სათადარიგო აპარატი)
Nikon 80-200mm f/2.8
Nikon SB-700
Oben ACM-1400 Monopod + Ball Head
ვერ ვიტყვი, რომ ეს იდეალური ნაკრებია, მაგრამ საქმეს თავს ვართმევ. 2 აპარატი დამაქვს თან. რადგან 80-200მმ ლინზით ახლო კადრებს ვერ გადაიღებ (თანაც პატარა სენსორის გამო რეალურად ფოკუსური მანძილი 120-300მმ-ია). მეორე აპარატს სწორედ ახლო კადრებისთვის ვიყენებ. სისწრაფე რაგბის გადაღების დროს უმთავრესია, ამიტომ მთავარ კამერაზე ლინზის შეცვლის დრო არ არის. თუ თქვენ კამერას ახლა არჩევთ, ბიუჯეტის გათვალისწინებით, გირჩევდით Nikon D300-ს ან D300s-ს. თუ ჯიბე გაწვდება, Nikon D3, D3s ან D4. არ გირჩევდით Nikon D800-ს. ცხადია, ეს ძალიან კარგი კამერაა, მაგრამ სპორტისთვის არა - გადაღების მაქსიმალური სისწრაფე 5 კადრი წამში ცოტაა. შედარებით ხელმისაწვდომი დიდ სენსორიანი (36x24მმ) D610-ც კარგი ვარიანტი უნდა იყოს (6 კადრი წამში), თუმცა მის წინამორბედს (D600) სენსორზე მტვერი და სხვა ლაქები აჩნდებოდა 5000 კადრის შემდეგ, ამიტომ მე ფრთხილად ვიქნებოდი, სანამ $2,000-ს გადავიხდიდი ფოტოაპარატში.

ლინზებში არჩევანი მეტია. მთავარია ის შუქმგრძნობელი იყოს, ან სტაბილიზატორი ჰქონდეს, ან ორივე ერთად (იდეალურია)

DX vs FX
ნიკონი თავისი კამერების ხაზს სენსორის ზომის მიხედვით ჰყოფს DX და FX ტიპად. DX-ის სენსორის ზომაა 24x16, ხოლო FX კამერებს კი 36x24 ზომის სენსორი აქვთ (35 მილიმეტრინი ფირის კადრის ზომის).
ბევრი სტატია მინახავს, სადაც საუბრობენ პატარა სენსორიანი კამერის უპირატესობაზე სპორტის გადაღებისთვის. თუმცა ეს უბრალოდ არასწორია. DX, ანუ მცირე ზომის სენსორიანი კამერები მხოლოდ იმის გამო მოიგონეს, რომ ცოფრული ფოტოაპარატების გამოჩენისას სენსორის დამზადება ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამიტომ მისი ზომა შეამცირეს და ამით ციფრული კამერა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს.
FX, ანუ Full Frame კამერების დიდი უპირატესობა არის მათი შუქმგრძნობელობა. სპორტის გადაღებისას კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თამაშები ხშირად დღის მეორე ნახევარში, ან საერთოდაც საღამოს იმართება. აღარაფერს ვამბობ სურათის სიღრმის შეგრძნებაზე, რაც სრულიად განსხვავებული ამ ორი ტიპის კამერებს შორის.

აქსესუარები
როცა ფოტოაპარატი ვიყიდე, მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ერთი აპარატის ფასს მოგვიანებით მის აქსესუარებში დავხარჯავდი. ფრთხილად იყავით! ნარკოტიკივით არის და ჩათრევა იცის! 
თუ ცხოვრების გამარტივება და ტექნიკის დაცვა გსურთ, აქსესუარების შემდეგი ნაკრები უნდა შეაგროვოთ:
UV ფილტრი ლინზისთვის - მას ოპტიკური ეფექტი არ აქვს, უბრალოდ იცავს ლინზას ნაკაწრებისა და მტვრისგან.
წვიმისგან დამცავი - რაგბის თამაშები ღია ცის ქვეშ იმართება და მე არ გავრისკავდი კადრების ხელიდან გაშვებას წვიმის გამო
მონოპოდი - თუ თქვენი ტექნიკა ისე დამძმდება, რომ 2 საათის განმავლობაში არ გინდათ კისერზე გედოთ მთელი სიმძიმე, მაშინ მონოპოდი უნდა შეიძინოთ.
კამერის საკიდი - რაც თქვენს ფოტოაპარატს მოყვა, ფრთხილად მოხსენით და უჯრაში შეინახეთ. თქვენ კი უფრო კომფორტული და მოსახერხებელი შეიძინეთ.

რა უნდა იცოდეთ
მხოლოდ ის ფაქტი, რომ თქვენ კარგი აპარატი გაქვთ, საკმარისი არ არის მოედანზე მოსახვედრად. ყოველი თამაშის ან ტურნირის წინ საქართველოს რაგბის კავშირი აცხადებს ჟურნალისტთა აკრედიტაციას. როგორც წესი, ეს პროცესი 2-3 კვირით ადრე იწყება და თამაშამდე 5-7 დღით ადრე მთავრდება. ამიტომ უნდა მოასწროთ და განაცხადი გააგზავნოთ.
აკრედიტაციის მიღების შემდეგ რაგბის კავშირიდან დაგიკავშირდებიან და გაგაცნობენ ღონისძიების განრიგს. როგორც წესი, თამაშის წინა დღეს იმართება ღია ვარჯიში, კაპიტნის ვარჯიში და/ან პრესკონფერენცია. თქვენ საშუალება გაქვთ მიხვიდეთ და გადაიღოთ. ეს კარგიც არის იმ შემთხვევაში, თუ თამაში იმავე მოედანზე იმართება - შეძლებთ დაზვეროთ პერიმეტრი, განათების წერტილები, ტრიბუნები და გადაღების გეგმა მოიფიქროთ წინასწარ.
თამაშის დღეს სტაგიონზე დროულად უნდა მიხვიდეთ და ფოტოგრაფებისთვის განკუთვნილი შესასვლელით ისარგებლოთ. აკრედიტაცია "ქსივა" არ არის, რომ სადაც მოისურვებთ, იქ იაროთ. მოედანზე გარკვეული შეზღუდვებია, რასაც იქვე აგიხსნიან - ძირითადა ტელეკამერების მხარეს მოძრაობაა შეზღუდული და, ცხადია, სათამაშო სივრცეში შესვლა.
არ შეიძლება მოედანზე საჭმლის წაღება. ერთხელ შესვენებისას სნიკერსს ვჭამდი ჩემთვის და საყვედური მივიღე ამის გამო.

1 თებერვლიდან ერთა თასის თამაშები იწყება. ასე რომ მოემზადეთ - ზოგი საქომაგოდ, ზოგიც გადასაღებად!

ქართველი მორაგბეები ზეიმობენ გამარჯვებას. საქართველო - სამოა

No comments:

Post a Comment