Wednesday, July 2, 2014

[ენთუზიასტი] ფოტოგრაფის ცხოვრების ეტაპები


ბევრი ვიდეო და ინფოგრაფიკა მინახავს ფოტოგრაფის ცხოვრების ეტაპებზე, მაგრამ ყველას აკლდა რაღაც, რეალისტური და ჩვენს გარემოზე მორგებული. ეს პოსტი ჩემი ფოტოგრაფიული ავტობიოგრაფიასავითაა, თუმცა მგონია, უმეტესობა ენთუზიასთ ფოტოგრაფს ერთი გზა გვაქვს გავლილი და რაღაც საერთოდ აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენსა და ჩემს შორის. აი, ასე გამოიყურება ჩემნაირი ფოტოგრაფის ცხოვრება ეტაპებად:



1) ყვავილების, ეკლესიების და აის-დაისის გადაღება - რა თქმა უნდა, აბა სხვა რა უნდა გადაიღო, როცა ასეთი სილამაზეა შენს ირგვლივ.

2) ხედმაძიებლის აღმოჩენა - ჰმ, მარტო ბავშვები იღებენ ხედმაძიებლის გარეშე, ჩვენ ამბიციური ფოტოგრაფები ვართ და აუცილებლად უნდა გავიჭყიტოთ გადაღებისას ხედმაძიებელში. LCD საერთოდ აღარ გვჭირდება.

3) ფოტოშოფის ძირითადი ფუნქციების აღმოჩენა - ვინიეტირების გზით "1)" პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტების გამოკვეთა, რომლებიც, გაგიკვირდებათ და, რაღაც ჯადოსნური გზით აუცილებლად სურათის ცენტრშია მოხვედრილი, უკლებლივ ყველა! ხელმოწერის დასმა სურათზე, ვინძლო, ემანდ ვინმემ არ მოგვპაროს და თავისად არ გაასაღოს ჩვენი შედევრები!

4) HDR ტექნოლოგიის აღმოჩენა - აქამდე სად ვიყავით, აი, თურმე რა არის ნამდვილი ფოტოგრაფია! ჩვენი შემდეგი 10 ათასი კადრი ეძღვნება HDR-ს.

5) ვყიდულობთ ბუსტერს - დროა ვიზუალურადაც დავემსგავსოთ პროფესიონალ ფოტოგრაფებს. ჩვენი აპარატი აუცილებლად დიდი და მძიმე უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რაში გვჭირდება, მაინც ნახევარი კილოგრამით ვამძიმებთ ფოტოაპარატს. პორტრეტების ვერტიკალურად გადაღებისას კი მაინც აპარატის ღილაკს ვიყენებთ ბუსტერის ნაცვლად - მიჩვეულები ვართ ხოიცით რაიყოთ?!

6) ვყიდულობთ იაფ ტელეფოტო ლინზას - ბუსტერის შემდეგ დიდი ლინზის ჯერია. დიდი ლინზის გარეშე ხომ საერთოდ წარმოუდგენელია ფოტოგრაფია? უბრალოდ, ფული არ გვაქვს მეტი, რომ 70-300 მილიმეტრზე უკეთესი ვიყიდოთ. ვიბრაციის შემცირების გარეშე, ის ძვირია. ჩვენ ხომ ქანდაკებებივით შეგვიძლია დგომა გადაღებისას, ჰო კი მჰ.

7) "პიისიატკა" - ახლა მართლა ნამდვილი ფოტოგრაფები ვართ. რაში ვყრიდით ფულს, როცა არსებობს პატარა, იაფი, მსუბუქი, სუპერ-ჭკ ლინზა 50MM F/1.8D ??? ამიერიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჩვენი ფოტოაპარატი ძალიან უცნაურად გამოიყურება ბუმბერაზი კორპუსით და პუჭურა 50 მილიმეტრიანი ლინზით. ჰმ, დაე დაგვცინონ გამვლელებმა, რა იციან მაგათ ნამდვილი ფოტოგრაფია რა არის?

7-1) ანუ წინა პუნქტის ალტერნატივა, ზენიტის გადამყვანი ნიკონზე/ქენონზე - ო-ლა-ლა ახალი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში. არ გვჭირდება ავტოფოკუსი, ექსპოზიციასაც ზურგის ტვინით გავასწორებთ, მთავარია ეს "ვინთიჯ" ეფექტი ჩვენს ციფრულ სურათებზე.

8) ზენიტი - ეს არის ფოტოგრაფიის ზენიტი! ნუთუ მშრალ ხიდზე ყოველთვის იყიდებოდა ეს საოცრება? დღეიდან მომდევნო ექვსი თვე დავდივართ ზენიტით, ვიწერთ ფირებს, რადგან აქ ხო მარტო ნაგავი იყიდება, გავიგებთ ვინ არის ნიკო მელიქიშვილზე და ვიღებთ ახალგაზრდა გოგოებს რეტრო სტილში. მიუხედვად იმისა, რომ ფირით ვიღებთ, წარმოდგენა არ გვაქს და არც გვინდა ვიცოდეთ, როგორ მჟღავნდება ფირი და ერთხელაც არ დაგვიბეჭდავს სურათი, ვაციფრულებთ და C დისკზე ვინახავთ. ამავე დროს უკუვაგდებთ ყოველგვარ ფოტოშოფს და ჩვენი რელიგია ხდება მხოლოდ დაუმუშავებელი სურათები!

9) RAW - თურმე ციფრულ აპარატებსაც შესძლებიათ რაღაც. სად წასულა ტეხნიკა, უყურე შენ?! დღეიდან ყველაფერს ვიღებთ მარტო RAW-ში, JPEG-ები ბავშვებისთვისაა ;-)

10) წუწუნი - უკვე საკმარისად გავერკვიეთ ფოტოგრაფიაში, თანამედროვე ტექნოლოგიებში და აღმოვაჩნიეთ ისეთი საიტები, როგორებიცაა dpreview, imaging-resource და ა.შ. რის საფუძველზეც დავრწმუნდით, რომ ჩვენი იაფიანი ტელევიკი, ჩვენი ბუსტერი და თავად კამერაც უკვე წინა თაობის ტექნოლოგიაა და არსებობს გაცილებით უკეთესები, რომელთა ყიდვის ტაკოც არ გვაქვს. ამიტომ ვაშეარებთ ფეისბუქზე ამაზონის ბმულებს ტექსტით "აუ როგორ მინდააააააა"

11) ინვესტიცია - წლობით ადგილის ტკეპნის შემდეგ (ამასობაში წესიერი სამსახურიც იშოვეთ), რისკავ და აკეთებ ინვესტიციას, დიდ ინვესტიციას. ყიდულობ წესიერ აპარატს და ლინზებს. ცოტას, მაგრამ ხარისხიანს.

12) ამბიცია - წინა პუნქტის საფუძველზე და დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით გიჩნდება ამბიცია, გაგიცნონ როგორც ფოტოგრაფი. უარს არ იტყვი არც ფულის გამომუშავებაზე ამ მხრივ. სუართებს ტვირთავ ყველა შესაძლო საიტზე, ოღონდ ძერსკად, ანუ კვირაში ერთხელ ან ორჯერ. უფრო ხშირად იცი, მაინც არავინ ნახავს.

13) ცივი შხაპი - რაც უფრო მეტად ერკვევი ფოტოგრაფიაში, იწყებ ლიტერატური კითხვას, ექსპერიმენტების ჩატარებას, გამომგონებლობას, მით უფრო ხვდები, რომ დიდ საქმეს ხარ შეჭიდებული და წინა პუნქტის ამბიცია სრულიად გადაჭარბებული იყო. ესეც შენი ცივი შხაპი, გინდა მთელი ტექნიკა გაყიდო და მთაში წახვიდე მეცხვარედ.

14) ნებისყოფა - ფარხმალს არ ყრი, მთელ ენერგიას დებ ფოტოგრაფიაში და ეჭიდები რთულ საქმეებს, რთულ თემებს. ამ ეტაპზე ძალიან ბევრია იმედგაცრუება, წარუმატებლობა, მაგრამ მაინც ჯიუტად აგრძელებ გადაღებას.

16) აქსესუარები - ანუ მწარე გამოცდილება, როცა ხვდები აქსესუარების მნიშვნელობას, ყიდულობ უკეთეს კისერზე სამაგრს, პულტებს, შტატივს, განათებებს. ბოლოს აღმოაჩენ, რომ ერთი კამერის ფული აქსესუარებში გაქვს დახარჯული

17) პირველი შეკვეთა - ანუ ის დღე, როცა პირველად გირეკავენ და სურათის ან ფოტოსესიის მიყიდვას გთხოვენ. ეს ბედნიეი დღეა, არა იმიტომ, რომ ფულს შოულობ (რაარის 100-200 ლარი?! მეტს მაინც არავინ იხდის!), არამედ იმიტომ, რომ ფიქრობ რაღაცას მიაღწიე, დაიხვეწე და მთლად სანაგვეზე გადასაგდები არ ხარ. პირველ სურათებს ყიდი კაპიკებში, ოღონდ გაიყიდოს და მეტი არც არაფერი გინდა.

18) იწყებ ბლოგის წერას - და აი მოვადექით დღევანდელ დღეს :)))) ამ პუნქტზე ჯერ არ ვიცი რა ვთქვა, თქვად ხედავთ რაც არის. იმედია მკითხველი ჰყავს. ავტორს ისევ აქვს ამბიციები და ხედვა მომავალზე.

ერთი წლის შემდეგ, როცა ამ პოსტს გადავხედავ, ალბათ მორიგ პუნქტებს მივამატებ და ასეთივე წარმატებით დასცინებს მომავალი მე ჩემს ახლანდელ მეს. თქვენ კი, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, სანამ ვინმეს დასცინებდეთ მზის ჩასვლის გადაღებისას, გაითვალისწინეთ, რომ ეგ ტიპი შეიძლება მომავალი წარმატებული ფოტოგრაფია.

No comments:

Post a Comment