Friday, August 1, 2014

ლაშქრობის შვიდი პრინციპი

ბოლო პერიოდში ერთი დიდი ლაშქრობა და ერთიც შაბათ-კვირის გასეირნება მოვასწარი. ნელნელა ვწერ ამ ლაშქრობების რეპორტაჟებს და იქამდე ერთი პატარა პოსტი მინდა ჩავაკვეტო.



ახლა ლაშქრობის სეზონია. თან ლაშქრობა მოდაშია. და თან სვუპზე ყრია "ხევსურეთის ტურები კაპიკებში". შედეგად, მე საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორი გამოუცდელი, აღუჭურველი ხალხი მიჰყავთ სოკოებივით მომრავლებულ ე.წ. ტურისტულ სააგენტოებს სალაშქროდ. თუ დაფიქრდებით, თქვენითაც მიხვდებით, თუარადა სიტყვაზე მენდეთ, რომ ეს საკმაოდ სარისკო საქმეა. სათანადო მომზადების და მინიმალური ცოდნის გარეშე გირჩევთ არ წახვიდეთ ლაშქრობაში. აი, ამის ერთი მაგალითი:

26-27 ივლისს ხევსურეთში, აბუდელაურის ლურჯ ტბასთან ვიყავით დაბანაკებულები. ღამე იყო უკვე, როცა ჯუთას მხიდან მომავალი მოლაშქრეები შევნიშნეთ უღელტეხილის წვერში. უკვე სრული სიბნელე იყო. თავიდან ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ როცა ერთი საათის შემდეგაც იმავე ადგილას იდგნენ და თან ამინდი აირია, უკვე ავნერვიულდით. აშკარა იყო, რომ ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მართლაც ასე აღმოჩნდა, ის ღამე 3000 მეტრის სიმაღლეზე გაუტარებიათ. იმ ღამეს იწვიმა და წარმომიდგენია, რა სიცივე იქნებოდა იქ. საბედნიეროდ, მეორე დღეს ყველანი უვნებლად დაბრუნდნენ, მაგრამ მეეჭვება დასასვენებლად წამოსულ ახალგაზრდებს კარგი დრო გაეტარებინათ.

გარდა უსაფრთხოებისა, დიდ პრობლემად რჩება გარემოს დაბინძურებაც. ვერა და ვერ ვისწავლეთ, რომ შოკოლადის ქაღალდიც კი არ და დავაგდოთ ბუნებაში, საუბარი აღარ მაქვს პოლიეთილენის ჩანთებსა და ბოთლებზე.

და ბოლოს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება. ლაშქრობის დროს ისე უნდა მოიქცეთ, რომ სხვა თქვენსავით მისულ დამსვენებლებს ხელი არ შეუშალოთ განტვირთვასა და ბუნებით ტკბობაში. აბუდელაურის ლურჯ ტბასთან, მაგალითად, ისეთი მოძრაობა იყო, რომ შუქნიშნის საჭიროება გაჩნდა. ამას გარდა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დასაბანაკებლად ზედ ტბის პირას არ უნდა გაშალოთ კარავი. გარდა იმისა, რომ წყალთან ასე ახლოს კარვის გაშლა ისედაც არაა კარგი, თქვენ დამატებით "თვალში გაეჩხირებით ყველა მნახველს, რომელიც მხოლოდ ტბის სანახავად მოვიდა და არა თქვენი კარვის (რაც არ უნდა კარგი კარავი გქონდეთ). ასევე, იქნებ არ უნდა ადამიანს, რომ ყველა სურათში თქვენი კარავი ჩანდეს?! ამ თემაზე ერთი ფაქტი გამახსენდა, ისევ აბუდელაურის ლურჯი ტბიდან. ტურისტების 4 კაციანი ჯგუფი მოვიდა, ორი ქართველი და ორიც მგონი ჩეხი. ფიქრობდნენ, სად გავშალოთო კარვები. ქართველებმა, მოდი პირდაპირ ტბებს შორისო (ლურჯი ტბა ორად არის გაყოფილი). ამაზე ჩეხებმა საოცრად უპასუხეს  - მანდ რომ გავშალოთ რა გამოვა, ყველა ვინც მოვა, ტბასთან ერთად ჩვენს სახლს დაინახავს და რა პონტიაო, ხედს გავაფუჭებთო. გული სიხარულით ამევსო.

მოკლედ, არის ასეთი ორგანიზაცია Leave No Trace Center for Outdoor Ethics.
რაც ზემოთ დავწერე, მათ აქვთ ჩამოყალიბებული ყველა ეს საკითხი შვიდ პრინციპად, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მოლაშქრე ბუნწიაღში.

1. დაგეგმე და მოემზადე
2. ბანაკი გაშალე მყარ ზედაპირზე
3. არ დატოვოთ ნაგავი
4. თუ რამეს იპოვი, თან არ წამოიღო
5. ბანაკის ცეცხლით ნუ დააზიანებთ გარემოს
6. პატივი ეცით ფაუნას
7. ნუ შეაწუხებთ სხვა მოლაშქრეებს

კარგი იქნება, თუ ყველანი გავითვალისწინებთ და უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ბუნებას, საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს.

No comments:

Post a Comment