Tuesday, June 24, 2014

შენი შემდეგი ლინზა - Nifty Fifty

ამ პოსტში მინდა ჩემს საყვარელ ლინზაზე ვისაუბრო. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილ ფოტოგრაფიაში (ანუ ყვავილების გადაღებას რაც შევეშვი) ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ ამ ლინზას უკავშირდება. ეს ერთ-ერთია იმ ლინზებს შორის, ყუთიდან ამოღებისთანავე რომ შეგიყვარდება. სიტყვას შევამოკლებ, მინდა 50 მილიმეტრიან ლინზაზე ვთქვა 2 სიტყვა.



დაუმიზნე, გადაიღე და ისიამოვნე. რა გინდა მეტი? რამდენიმე მიზეზია, რატომაც 50 მილიმეტრიანი ლინზა ყველა ფოტოგრაფს უნდა ჰქონდეს:

შუქმგრძნობელია - 1.8 დიაფრაგმა 3-ჯერ უფრო მეტ შუქს აგროვებს, ვიდრე 3.5 დიაფრაგმა (მაგალითად სტანდარტული 18-55 მილიმეტრიანი ლინზა)

ხარისხიანია - ფიქსირებული ლინზები, ზოგადად, მაღალი ხარისხით გამოირჩევიან ზუმ ლინზებთან შედარებით.

იაფია - მათი წარმოება მარტივია და ამის გამო ნიკონის ავტოფოკუსიან ლინზებს შორის Nikkor AF 50mm f/1.8D ყველაზე იაფია

მრავალფუნქციურია - გამოგადგებათ პორტრეტებისთვის, პეიზაჟებისთვის, სამოგზაუროდ, დაბალ განათებაში... როგორც რადიო 105-ის რეკლამაში იყო "გადაიღე რაც გინდა, ძმაკაცი თუ კურდღელი".

ერთხელ წავიკითხე სუპერ-ჭკ ფოტოგრაფის ბლოგზე, რომელსაც 20-მდე უმაღლესი ხარისხის ლინზა ჰქონდა, რომ 50 მილიმეტრიან ლინზას ფოტოაპარატის ხუფად ვხმარობო. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და, როგორც აღმოჩნდა, არამარტო მე. ბევრმა რიგიანმა ფოტოგრაფმა დაუწუნა ეს ნათქვამი.

50 მილიმეტრიანი ლინზა იმდენად მიყვარს, რომ ორი ცალი მაქვს! პირველი (1.8D) რამდენიმე წლის წინ შევიძინე, როცა მივხვდი, რომ ჩემი 18-200mm VR II უკვე აღარ მაკმაყოფილებდა (sorry, bro!). მეორე (1.4G) მარტში შევიძინე ფასდაკლებისას.
რად მინდა ორი ცალი? ხშირად დავდივარ გადასაღებად ფირით და ციფრულით ერთდროულად. არ გაგიკვირდეთ ორივეზე რომ 50 მილიმეტრიანი ლინზით მნახოთ.
გვერდიგვერდ: f/1.8D და f/1.4G

რა ვისწავლე ფოტოგრაფიაში 50 მილიმეტრიანი ლინზით:
  1. საგნები ყოველთვის შენთან არ მოვლენ და ხშირად ფოტოგრაფმა თავად უნდა იმოძრაოს სასურველი კადრის დასაჭერად. საერთოდაც, ზუმ ლინზები რყვნის და აზარმაცებს ფოტოგრაფს.
  2. მიუხედავდ ამ შესაძლებლობისა, ყოველთვის f/1.4 ან f/1.8-ით არ უნდა გადაიღო. სიტუაციიდან გამომდინარე დიაფრაგმის საჭირო ნიშნული უნდა შეარჩიო
  3. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. მე მქონდა მთელი დიაპაზონი 18-დან 200 მილიმეტრამდე, მაგრამ აქედან არც ერთი მილიმეტრი არ მაძლევდა იმ ხარისხს, რასაც ერთი 50 მილიმეტრი
კიდევ ერთხელ და საბოლოოდ რომ შევამოკლო სიტყვა, მიზეზს ვერ ნახავთ, რატომ არ უნდა გქონდეთ ჩანთაში ეს ლინზა.

იყიდეთ B&H-ზე
იყიდეთ Adorama-ზე
იყიდეთ Amazon.com-ზე

ქართულ მაღაზიებსაც გეტყოდით, მაგრამ მე რა ხეირი?!

აგრეთვე იხილეთ ჩემი ძველი სტატიები 50 მილიმეტრიან ლინზებზე:

No comments:

Post a Comment