Monday, August 4, 2014

მოგზაურობა საქართველოს გარშემო #AcrossGeorgia


ასეთი მოგზაურობის სურვილი ყოველთვის მქონდა მაგრამ ხან თავს ვერ ვაბამდი, ხან იმდენად რთული მეგონა, რომ ვერ ვბედავდი. ამ მოგზაურობის ფარგლებში, რომელსაც მე Across Georgia დავარქვი, მოვიარეთ 4 რეგიონი, ვილაშქრეთ 100 კილომეტრამდე და ავტოსტოპით გავიარეთ 800 კილომეტრამდე.

თავდაპირველად, რა არის Across Georgia: მიზანი იყო მეტი თავგადასავლებისთვის გზატკეცილზე გადასაადგილებლად გამოგვეყენებინა ავტოსტოპი, ხოლო რეგიონიდან რეგიონში გადავსულიყვით ბილიკებზე ლაშქრობით. ერთ კვირაში მთელი საქართველო ვერ მოვიარეთ, მაგრამ რადგან ჩვენ თბილისიდან ბათუმამდე ჩავედით, ლაშქრობას წარმატებული შემიძლია დავარქვა.

დღე 1


ახლა თავად მოგზაურობას რაც შეეხება. ვიყავით ორნი, ლევანი და ლევანი (aka თავთუხა). შაბათს დილით შევიკრიბეთ დიდუბის ავტოსადგურში და გადავწყვიტეთ თბილისს გავცილებოდით და საგურამოდან დაგვეწყო ავტოსტოპი. ასეც მოვიქეცით.

ჩემთვის ავტოსტოპით ასე დიდ მანძილზე მგზავრობა სიახლე იყო, თავთუხასთვის კი ჩვეულებრივი ამბავი. რაღა დაგიმალოთ და ნამეტანი არაქართული შესახედაობა აქვს და ალბათ ამის გამო იყო, მანქანები რომ ადვილად გვიჩერებდნენ. პირველმა ავტოსტოპმა სოფელ ოკამის გადასახვევამდე მიგვიყვანა, საიდანაც ძალიან მალე გავყევით მორიგ მანქანას უკვე ბაკურიანის გადასახვევამდე. აი აქ კი გავიჭედეთ. ეს ადგილი ჩიხი აღმოჩნდა. ჯერ ეს ერთი, ძალიან ცოტა მანქანა მოძრაობდა და მერე კიდევ ამათი უმრავლესობა ბორჯომს არ სცილდებოდა და ავტოსტოპისთვის არ გამოდგებოდა. ჩვენც ავდექით და ბორჯომში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მივადექით, სადაც აგვიხსნეს, რომ აბასთუმანში მოხვედრის ერთადერთი საშუალება სამარშრუტო ტაქსი იქნებოდა. რაღას ვიზამდით, დავუბერეთ ჯერ ახალციხეში, იქედან კი აბასთუმანში აღმოვჩნდით.

ჩვენი მოგზაურობა აბასთუმანში დაიწყო, სადაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მეხუთე ბილიკი მდებარეობს. ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ამ ბილიკზე გაცილებით ნაკლები ტურისტი დადის სხვებთან შედარებით, ამიტომ მარკირებები თითქმის წაშლილი, ხოლო ბილიკები ძირითადად შეუმჩნეველი და გაბალახებული იყო. უფრო მეტად ჯიპ-ტურებზე დადიან, ზეკარის უღელტეხილით გადადიან საირმეში. ჩვენი მიზანიც ეს იყო, ოღონდ ჩვენ სამანქანო გზის ნაცვლად ბილიკებით სიარული ვამჯობინეთ (სადაც შესაძლებელი იყო).


 ბილიკის დასაწყისში, კურორტ აბასთუმანთან, რეინჯერის საგუშაგოა. ნამგზავრებმა იქ ცოტა ხნით შევისვენეთ და გავიცანით რეინჯერი ანზორი. კარგი კაცი ნამეტნავად. გავისაუბრეთ, მოგვიყვა იქაურ ამბებს და დაგვაკვალიანა ბილიკის და მარკირებების შესახებ. მოგვიყვა ასევე ეროვნული პარკის იმ ნაწილში არსებულ ვითარებას და გვაჩვენა მის მიერ დაგებული ფოტო-ხაფანგების "მსხვერპლთა" სურათები - ირემი და დათვი. ჩვენ აღვფრთოვანდით, რა თქმა უნდა, და ასე კარგ ხასიათზე გამოვემშვიდობეთ ანზორს. იმ დღეს უნდა ავსულიყავით უღელტეხილამდე და იქ გაგვეთია ღამე.

ბილიკზე (ბორჯომ-ხარაგაულის N5 ბილიკი) მარკირება ძალიან ცუდად ჩანდა. რამდენიმე ადგილას რომ არა ყურადღება და მახვილი თვალი, აუცილებლად ავცდებოდით გზას. ჩვენ ასაკრეფი გვქონდა 800 მეტრი ტურისტულ თავშესაფრამდე, მანძილი კი დაახლოებით 9 კმ. თავიდან გზა კარგად დაიწყო, მაგრამ მერე მოგვიწია დიდ ბალახებსა და ჭინჭრებში გავლაც. გზადაგზა ვისვენებდით. წყარო მხოლოდ ბილიკის დასაწყისში შეგვხვდა, ფერდობზე კი აღარ იყო სანამ ტურისტულ თავშესაფარს არ მივაღწიეთ.
დიდმაღალას ტურისტული თავშესაფარი

ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი
ზემოთ ასულებმა მწყემსების ბინები შევნიშნეთ მთის წვერზე. აქ მთელი ზაფხულის განმავლობაში ჰყავთ საქონელი ალპურ საძოვრებზე. გადავწყვიტეთ იქ ავსულიყავით და ის ხალხი გაგვეცნო. როგორც კი ავედით, ძაღლები გამოენთნენ ღრენით, მაგრამ საბოლოოდ დავიძმაკაცეთ. მწყემსებიდან ერთ-ერთმა ჩვენი მასპინძლობა გადაწყვიტა. გაუხარდა, ქართველები რომ აღმოვჩნდით. საერთოდ, ყველას უხაროდა ქართველების გამოჩენა, რადგან ძირითადად უცხოელები დადიანო.

ჩვენი მასპინძელი გუარამი (გურამი) მიმტკიცებდა, შენ შარშანაც იყავიო აქ. არა მეთქი, მაგრამ მაინც ეჭვებში დარჩა. იმ დღეს თავისთან დაგვიტოვა, სუფრა გაიშალა და გაგვიმასპინძლდნენ თავიანთი ყველით და არაჟნით. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი.
ჩვენი მასპინძელი გურამი

ზეკარის უღელტეხილის სამანქანო გზა
იმ დღეს კარავი არ გაგვაშლევინეს და თავისთან დაგვიტოვეს.

დღე 2


დილით უთენია ადგნენ მწყემსები, მე კი 7 საათამდე ვიზლაზნებოდი. ბინას მხოლოდ ერთი მოგრძო სარკმელი ჰქონდა, საიდანაც დილით ასეთი ხედი იშლებოდა:

ავდექით, გავიზმორეთ, ვისაუზმეთ, დავილოცეთ და გავუდექით გზას. წინ ცოტა მოსაწყენი სამანქანო გზა გველოდებოდა, რომლითაც იმერეთში ჩავიდოდით. შიგადაშიგ ფრინველებზე ფოტო-ნადირობით ვერთობოდი

იმერეთის მხარეს რომ გადავედით, ისევ მწყემსების ბინები შეგვხვდა, უკვე იმერელი მასპინძლები გამოვიდნენ და შეგვიპატიჟეს. ისე ჩავლა არ შეიძლებაო, უნდა ჩამოსხდეთო. ახალი ყველი გაგვიჭრეს და დავილოცეთ. იმერლებმა გვითხრეს, ბინის წესი ასეთიაო, გაჭრილი ყველი რომც გქონდეს, სტუმარს მაინც ახალი უნდა გამოუტანოო. ეგრევე მივხვდით, რომ სხვა რეგიონში მოვხვდით და უფრო მოგვეწონა ჩვენი მოგზაურობა. მწყემსებს მალე გამოვემშვიდობეთ, რადგან შორი გზა გვქონდა გასავლელი. იქვე მიგვანიშნეს, სადაც ბილიკით სამანქანო გზის მოჭრას შევძლებდით და ჩვენც ასე მოვიქეცით, 2 კილომეტრი მოვიგეთ.

შემდეგ საირმემდე ისევ სამანქანო გზა გაგრძელდა. საკმაოდ მოსაწყენი იყო და რომ არა გზად ველური მარწყვის პოვნა, ასე ავტოპილოტით ჩამოვიდოდით საირმეში.

საირმეს რაც შეეხება. ეს ის იშვიათი ადგილია, სადაც კარვის გაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ვიწრო ხეობაში სამანქანო გზა, სასტუმროს კომპლექსი და მდინარე სრულად ითვისებს მიდამოს. საირმეში ერთი სუპერკომფორტული და დანარჩენი სუპერ არაკომფორტული სასტუმროებია. კომფორტული სასტუმრო, სადაც სამკურნალო წყლები მდებარეობს და მთელი საირმის 80%-ს იკავებს, ძალიან ძვირი ღირს. იქ ძირითადად არაქართველი ტურისტები ისვენებენ. აღსანიშნავი, რომ სამკურნალო წყლების მიღება უფასოა, თუმცა ექიმის დანიშნულების გარეშე ბევრის მიღება არ შეიძლება. იაფიანი სასტუმროები ძირითადად "კოიკებად" ქირავდება. ჩვენ ისეთ შენობას მივადექით, სადაც უსწორმასწორო იატაკზე ლინოლიუმია გადაკრული და არც ერთ ოთახს თავისი საპირფარეშო არ აქვს. უფრო მეტიც, სასმელი წყალი ეზოში მოდის. ჩვენი პატარა ოთახი შედგებოდა სამი საწოლისგან, 3 სკამისგან და ერთი მაგიდისგან. საირმეში იმ საღამოს ჩავედით, როცა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი უნდა გამართულიყო. ბევრი არ გვიფიქრია და ფეხბურთის ყურებას თავთუხას ჭაჭის მიღება ვამჯობინეთ. იმ ღამეს გემრიელად გვეძინა რკინის ბადიან ბატუტივით საწოლებში.

დღე 3


დილით სამარშრუტო ტაქსს გავყევით ქუთაისამდე. გზაში ყველა ერთმანეთს ელაპარაკებოდა, რადგან ყველა ერთმანეთს იცნობდა. ზოგიც ჩასვლისას ფულს არ იხდიდა, რადგან მძღოლი მისი მაზლიშვილი იყო - "მადლობა ჯემალი".

ქუთაისში ჩამოსვლისთანავე პირველი რაც გავიგეთ, იყო "გასწინიცუ ნე ხაწიწე?" და "ტაქსი ნე ნადა?". ჩვენ შევიფერეთ უცხოელობა და ამაყად ვიუარეთ რუსულადვე, რადგან არც ერთი გვინდოდა და არც მეორე. მხოლოდ მაკდონალდსში გვინდოდა სადილი. რა იქნებოდა ჩვენი მოგზაურობა, ქუთაისის მაკში რომ არ შეგვეარა?! იქვე დავტენეთ ტელეფონები, ვისარგებლეთ კულტურული საპირფარეშოთი და დავადექით გზას ქუთაისის გასასვლელისკენ. ჩვენ ამჯერად ოზურგეთისკენ გვქონდა გეზი აღებული.

ქუთაისიდან ოზურგეთამდე 4 მანქანის გამოცვლით მივაღწიეთ. ჯერ სამტრედიის გადასახვევამდე გავყევით ვინმე ნორჩ ქართველ ვაჟკაცს, რომელმაც 10 წუთში 3-ჯერ მოგვასმენინა "კომპიუტერზე აწყობილი" ელექტრონული ვეში, სადაც ძირითადად ფიგურირებდა სიტყვები "შუმახერ ცვაი სეკუნდენ" და ისმოდა F1-ის ბოლიდების წუილი. ძნელი გამოსაცნობი არ არის როგორ ჩავედით სამტრედიამდე 10 წუთში.

იქედან ერთმა კაცმა დაგვიმგზავრა საჯავახომდე, რომელიც საბჭოთა კავშირს მისტიროდა. მანვე გვითხრა, რომ ახლა გაფუჭდა დრო და უცხო კაცს მანქანას ვინ გაუჩერებს, მაგრამ ჩვენ რა გვეტყობოდა იმნაირი და ამიტომ გაგვიჩერა.

დანარჩენი ორი ავტოსტოპი უინტერესოდ დასრულდა. ერთადერთი ის იყო, რომ ბოლო მანქანაში ჩემი ბაფი დამრჩა და ძალიან დამწყდა გული.
ავტოსტოპი ჩოხატაურში
ასე აღმოვჩნდით გურიაში. იმ ღამეს თავთუხას ბიძასთან, სოფელ ზემო ბახვში ვრჩებოდით. გურიაში თხილის კრეფა აქტიურ ფაზაში იყო შესული, რადგან იმჟამად კარგ ფასად იბარებდნენ. თხილის გარჩევაში ჩვენც ჩვენი წვლილი შევიტანეთ, რასაც მოჰყვა ვაშამი და ადესით გაჭყეპა. იმ ღამეს ამინდი აირია და იწვიმა.


დღე 4

დილით 6 საათიდან დავიწყეთ გაღვიძება. რომ ავდექით, მასპინძელს უკვე ხაჭაპური ჰქონდა გამომცხვარი ჩვენთვის. მალე ვისაუზმეთ, დავილოცეთ და მერე თავთუხას ბიძამ სოფელ ვაკიჯვარში წაგვიყვანა, საიდანაც იწყებოდა ბილიკი ბახმაროს მიმართულებით. ჩვენ თავიდანვე დავუშვით დიდი შეცდომა და წყლის ბოთლები ცარიელი წავიღეთ წყაროების იმედად. წყაროები კი კარგახანს ვერ ვიპოვეთ.

ამ ბილიკზე ტურისტები თითქმის არ დადიან. ტურიტები კი არა, მწყემსებსაც ადრე ზაფხულშ რომ აჰყავთ საქონელი ალპურ საძოვრებზე, მერე მთელი ზაფხული იქ არიან და შემოდგომაზე ჩამოჰყავთ. ამიტომ გზაზე კაციშვილი არ შეგხვდებათ. სამაგიეროდ ბილიკი არის დიდებული. ჩვენ ნისლი დაგვემთხვა, რაც ძალიან მისტიკურს ხდიდა იქაურობას.


ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, წყაროებს ვერ მივაგენით. არადა სიმაღლეს სწრაფად ვიღებდით და გზაც არ სრულდებოდა (იმ დღეს 33 კმ ვიარეთ). მე ისედაც რომ ბევრ წყას ვსვამ, არ ვიცოდი რა მექნა და ბოლოს ფოთლებიდან წინა ღამეს ნაწვიმარ წყალს ვსვამდი. თავთუხა თავიდან დამცინოდა, მაგრამ მერე თვითოკაც დააყენა გვალვა ერთ ბუჩქზე. ასე ვიარეთ დაახლოებით 15 კმ. მერე უცებ შევამჩნიე, რომ ბილიკზე წყალი მოდიოდა, ანუ ეს გუბე არ იყო, გამდინარე წყალი იყო. მაშინვე სახელდახელოდ მოვაწყეთ წყარო და წყლის მარაგები შევივსეთ.

მერე მოხდა სასწაული. წყლის ეს მარაგებიც რომ ავითვისეთ და დაღლილები მივტანტალებდით ბილიკზე, ლიკანის სავსე ბოთლი შევნიშნე. ბოთლები იქამდეც ეყარა, ეტყობა მწყემსები ყრიდნენ, მაგრამ სავსე ბოთლი ახალი იყო. ავიღე, დავსუნე და არყის სუნი ჰქონდა. დავაფარე თავზე და ისევ იქ დავტოვე, არაყი და ჭაჭა ჩვენ უკეთესი გვქონდა, დამატებითი წონის თრევის "თავი" კი  არ მქონდა. თავთუხამ არყის დატოვება ვერ აიტანა და გადაწყვიტა ის მაინც გაეგო, რისი არაყი იყო :))) მოსვა და მიყურებს. მიყურებს. "შეეეეენ კაცი ხარ ახლა?!" თურმე არყიან ბოთლში ესხა წყალი. სასმელი წყალი. სუფთა წყალი, მთელი ერთი ლიტრი. აი, ასე ვიპოვეთ წყალი, უკვე ავსებული და თან ცივი ცივი. ამ წყალმა ალპურ ზონამდე გაგვატანინა თავი, იქ კი მერე წყაროები ბევრი იყო.

გურიაში ალპური ზონა მოსალოდნელზე მაღლა დაიწყო. ის კი არა, თითქმის 2000 მეტრზე ვიყავით უკვე, ჯერ კიდევ რომ უშველებელი ხეები გვხვდებოდა, 30-40 მეტრი სიმაღლის. სხვა მხარეში ასეთი რამე არ შემინიშნავს.

ასე იყო თუ ისე, ალპურში გამოსვლიდან მალევე დავინახეთ მწყემსების დასახლება. ეს სოფელი ბაისურა იყო. ბაისურა აჭარელების დასახლებაა. აქ, ძირითადად, ქალები არ გესალმებიან. როგორც მერე ამიხსნეს, არც შენ უნდა გამოელაპარაკო მაინცდამაინც. ასე რომ, ჩუმად ჩავიარეთ ბაისურა, მხოლოდ რამდენიმე ბავშვს გაველაპარკეთ.

ბახმარო კი ხელის გაწვდენაზე ჩანდა ბაისურადან, მაგრამ საათზე მეტი მოვანდომეთ იქამდე მისვლას, რადგან გზა შორიდან უვლიდა. ჩვენს სახლთან რომ მივედი, GPS-ს დავხედე და გავლილი გვქონდა ზუსტად 33.33 კმ. მე კმაყოფილმა ჩავიღიმე და ტრეკი შევინახე, ტრაკი კი მიწაზე დავდე და სიამოვნებისგან კრუტუნი დავიწყე :)))))
ბახმარო, როგორც ბაისურადან ჩანს

დღე 5

ბაxმაროში 1 დღე გავჩერდით კუთვნილი და დამსახურებული დასვენების მოტივით. გაგვიმართლა და კარგი ამინდი იყო, ამიტომ მეორე საღამოს გადავწყვიტეთ, მზის ჩასასვლელ გორაზე ავსულიყავით. კარგ ამინდში აქედან ჩანს შავი ზღვის სანაპირო და მზე პირდაპირ ზღვაში ჩადის. თუ ბარში ღრუბლებია (ბახმარო კი ღრუბლებს ზემოთ არის), მაშინ მზე ღრუბლებში მიცურავს.

ავედით ამ მთაზე დაახლოებით 19:30-ზე. საათი და GPS მაუწყებდა, რომ მზე ზუსტად 20:35-ზე ჩადიოდა. იქვე ბავშვები ბალახისგან მათრახებს აკეთებდნენ, როგორც ჩანს, ეს ყველაზე კარგი გასართობია მზის ჩასვლის მოლოდინში. ჩვენ მხართეძოზე წამოვწექით. ამ დროს რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფიც ამოვიდა. სიუჟეტს აკეთებდნენ ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებზე. ჩვენი ამბავი რომ გაიგეს, ინტერვიუ ჩაიწერეს. მზე კი ჩასვლას აგვიანებდა. 20:35 რომ დადგან, კაი ერთ მტკაველზე იყო მზე ჯერ კიდევ. რომ დავფიქრდით, მივხვდით, ბარში მზე უფრო ადრე ჩადის, ჩვენთვის კი მზე დაახლოებით 20 წუთი კიდევ ანათებდა. საინტერესო მოვლენა იყო, რასაც აქამდე არ დავკვირვებივარ.




მზემ რომ დააყენა საშველი ჩასვლას, ჩვენ სირბილით ჩამოვედით მთიდან. იქვე ბახმაროს ცენტრში ვიყიდეთ ცოტა პური, ცოტა კამფეტი (გზად მწყემსებისთვის რომ დაგვერიგებინა - ტკბილი უყვართ), ცოტაც ლუდი და გავქუსლეთ სახლისკენ, რადგან მთვარის ამოსვლამდე ცაზე ძალიან კარგად ჩანდა ვარსკვლავები. აი, ეს გადავიღე სახლშ მისულმა, მერე მთვარემ გაანათა და გადაღება უკვე შეუძლებელი იყო.


მეორე დღეს დილით ადრე ავდექით და აჭარის გზას დავადექით.

დღე 6

აჭარისკენ გადასასვლელად საყორნიას მთის (2752 მ.) ძირში უნდა გაგვეარა. ეს მთა და საყორნიას ქედი ერთმანეთისგან ჰყოფს ბახვისწყლისა და ნატანების ხეობებს. ჩვენ ფაფარას მხრიდან დავიძარით, იქვე ადგილობრივებთან დავაზუსტეთ მარშრუტი და შევუყევით მონოტონურ აღმართს. მზე უკვე კარგად აჭერდა და სვენებ-სვენებით ავდიოდით. ბახმარო ნელნელა იკარგებოდა თვალთახედვიდან. რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით მეტი წყარო გვხვდებოდა და მე გამახსენდა მაღაზიაში ნაყიდი ყველა ბოთლი წყალი "ბახმარო". ახლა იმ წყალს პირდაპირ მიწიდან გადმოხეთქილს ვსვამდით.
წყაროს წყალი ბახმარო პირდაპირ მისი სათავეებიდან

ასე მოსჩანდა ბახმარო საყორნიას მთისკენ მიმავალი გზიდან
ასვლისას გვქონდა ერთი სჯა-ბაასი, რომელი მხრიდან მოგვეარა საყორნიას მთისთვის. საბოლოოდ, GPS-ზე დაყრდნობით მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მარცხნიდან შემოგვეარა. დავიძარით და ბოლო 150 მეტრი ვერტიკალი რომ ავწიეთ, უნაგირს მივადექით, სადაც აჭარა და გურია ერთმანეთს ხვდებიან.
ქედს აქეთ გურიაა, ქედს იქეთ აჭარა
როგორც კი გადავედით აჭარის მხარეს, უკვე დავინახეთ აჭარელების პირველი სოფელი მერიაყელი. ესეც მწყემსების სოფელია, სადაც მუდმივი მაცხოვრებელი არ არის. აქ ზაფხულში საქონელი ამოჰყავთ საძოვრებზე.

მერიაყელი
მერიაყელისკენ ციცაბო ფერდობს ჩავუყევით, სადაც საქონელს და მწყემსებს ბევრი ბილიკი აქვთ გაბმული ობობას ქსელივით. ჩავედით თუ არა ხეობაში, ერთ პაწაწინა ნაკადულთან აღმოვჩნდით, რომელიც, როგორც GPS მეუბნებოდა, მდინარე ნატანები იყო. ჩვენ მდინარის სათავეში ვიყავით, რომელიც ზღვისპირეთში საკმაოდ წყალუხვად მოედინება, აქ კი ასე მოწანწკარებს:
მდინარე ნატანების სათავე
ჩვენ გეგმასთან შედარებით ჩქარა ვმოძრაობდით და დღის 2 საათზე უკვე მერიაყელში ვიყავით. აქ რამდენიმე ადამიანს გამოველაპარაკეთ. ერთ-ერთმა, ბატონმა ავთომ, სახლში შეგვიპატიჟა და სადილზე რომ უარი ვუთხარით, მხოლოდ ცივ წყალზე გააგზავნა ბავშვი. ჩვენი წინასწარ ნაყიდი კამფეტები სწორედ ამ ბავშვებს ვაჩუქეთ და ძალიან ბედნიერები დარჩნენ. ავთომ დაგვაკვალიანა, თუ სად შეიძლებოდა მოვხვედრილიყავით მერიაყელიდან და 15 წუთის დასვენების შემდეგ, მას გამოვემშვიდობეთ.

მერიაყელი ორად შეიძლება დავყოთ. ქვემო მერიაყელი მდინარე ნატანების პირას მდებარეობს, უფრო ზემოთ კი, დაახლოებით 100-150 მეტრით ზემოთ, უფრო დიდი დასახლებაა და პირობითად "ზემო" მერიაყელი დავარქვი. მთელ სოფელშ სახლები ერთნაირი კონსტრუქციისაა: ორ სართულიან სახლში პირველ სართულზე საქონლის სადგომია, მეორეზე კი ადამიანების საცხოვრებელი.


ზემო სოფელში გავიცანით ორი აგრონომი. ისინი შუახევის რაიონის სოფლებში იყვნენ მივლინებულები და საქონლის ხელოვნურ განაყოფიერებაზე მუშაობდნენ. სოფელ-სოფელ დადიოდნენ და მწყემსებს აცნობდნენ ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშების უპირატესობებს. სურვილის შემთხვევაში კი იქვე ჰქონდათ მთელი "აღჭურვილობა" და "საქმესაც" ეფად გააკეთებდნენ. მაგრამ მუშაობა არ არისო, წუწუნებდნენ. მთაში განაყოფიერების პრობლემა არ არისო, ამიტომ მუშაობა უფრო მეტად ბარშიაო. საინტერესო ხალხი იყო, საინტერესო საქმით. ცოტა ხნის ბაასის შემდეგ მათაც გამოვემშვიდობეთ და გზას დავადექით.

ჯერ არ ვიცოდით, რა გველოდა წინ. არადა წინ ჩვენი მოგზაურობის ყველაზე ექსტრემალური თავგადასავლი იყო ჩასაფრებული.

შეთანხმებულები ვიყავით, რომ გეზი კინტრიშის ხეობის მიმართულებით აგვეღო. მერიაყელიდან იმ მიმართულებით გზა რამდენიმე მთის გადავლით მიდიოდა. ჰოდა ჩვენც დავადექით პირველი მთისკენ გზას. სად იყო და სად არა, თავთუხამ გზიდან გადასახვევი პატარა ბილიკი დალანდა. მოდი, ბარემ ბილიკს დავადგეთო, გზას მოვჭრითო, კარგი იქნებაო, ისაო ესაო და მეც დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია. შევუყევით ამ ბილიკს. ბილიკი თავიდან ნორმალური ჩანდა, მაგრამ მერე აშკარად გადაიზარდა საკმაოდ ციცაბო და ვიწრო, ძირითადად რომ ძროხები დადიან, ისეთ გზად.  მზე მაგრად აჭერდა.

თავთუხა, გამოუსწორებელი ოპტიმისტი, მაიმედებდა, ა, აგერ ყურის ძირში დამთავრდება ეს ბილიკი და გზას შეუერთდებაო. მაგრამ GPS სხვა რამეს ამბობდა. ბილიკი უფრო ციცაბო ფერდობისკენ მიიწევდა. მაგრამ სრული ბედნიერებისთვის ეს საკმარისი არ იყო. ხეობიდან ნისლმა დაიწყო ამოსვლა. სასწრაფოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბილიკიდან დროზე მოგვეძუძგა და მაღლა ავსულიყავით.

არ გაგიკვირდეთ თუ გეტყვით, რომ ამ ბილიკზე სურათი არ გადამიღია. ფოტოაპარატზე როგორ გადავიტანტი ყურადღებას, წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებდი იმ დაკიდებულზე.

ფერდობი ძალიან ციცაბო იყო, ამიტომ ზიგზაგით ავდიოდი. ეს ფერდობი კი არადა არ მთავრდებობდა. დაღლილზე, დასიცხულზე, განერვიულებულზე და ცოტა შეშინებულზეც ეს აღმართი უსასრულოდ მომეჩვენა. ნისლი კი ამოდიოდა. თავთუხა, მთელი გზა რომ წინ მასწრებდა და სკუპ-სკუპით დადიოდა საცალფეხო ბილიკზე, ჩამომრჩა. არადა ნისლი ამოდიოდა და თავთუხას უკვე 50 მეტრით მაინც ვასწრებდი. ეს, ცხადია, არასწორი იყო, ამიტომ სასწრაფოდ მოვიხსენი ჩანთა და კონტაქტზე გავედი თავთუხასთან.  ჯერ ხმას არ მცემდა, მერე კი, ქვემოთ ჩავედი და დავინახე, იჯდა და ისვენებდა. ცოტა ჰაერის უკმარისობას შეუტევია. მერე მე გავიაზრე, რომ მე მუხლი მაგრად მტკიოდა. თავთუხა ნელნელა დამეწია და იქედან ახლო-ახლოს დავდიოდით. იმ მთას ოლიმპო შევარქვით, ალბათ დამსახურებულად. მთაზე ასულებმა ქვემოთ რომ გადავიხედეთ, ნისლს უკვე ის ბილიკიც და უფრო მეტიც სრულად დაეფარა.
თავთუხა ოლიმპოს მთაზე ასვლისას

 ხიფათს გადავრჩით, მაგრამ ჩემი თხოვნით უკან, მერიაყელში დავბრუნდით. კარგად შებრაწულები ვიყავით მზისგან და ჩემი ნატკენი მუხლი არ ვიცოდი რამდენ ხანს მატარებდა კიდევ. თან წინ ბევრი დაღმართი გველოდა და ყველაზე მეტად ჩასვლისას ადგებოდა ძალა მუხლს. ჩვენი მოგზაურობა ნელნელა დასასრულისკენ უნდა წაგვეყვანა.

მერიაყელში დაბრუნებისას ისევ აგრონომებთან გავჩერდით. მათ შემოგვთავაზეს დაბინავება თავიანთ სახლში. თუმცა ჩვენ კარვის გაშლა ვარჩიეთ. ნისლი უკვე მერიაყელშიც შემოდიოდა. ნისლი კი არა, ინჰალაცია იყო ნამდვილი, ოღონდ ცივი. ცხვირით ღრმად რომ ვისუნთქავდი, ვგრძნობდი როგორ მისველდებოდა ყელ-ყურ-ცხვირი. სასწრაფოდ შევარჩიეთ კარვისთვის ადგილი  და დავიწყეთ გაშლა. ამ პროეცსმა მიიზიდა სრულიად მერიაყელის ბავშვების ყურადღება, რომლებიც იქვე თამაშობდნენ ფეხბურთს. გადიდებული თვალებით გვიყურებდნენ. აინტერესებდათ, ან როგორ ეტევითო აქ, ან არ გცივათო, ან წვიმა არ ჩამოგდითო. საბოლოოდ, გაოცებულები დარჩნენ, ისიც კი თქვეს, ამისთანა რომ მქონდეს, სახლში რაღა დამაძინებდაო.


აღვმართეთ კარავი, გავშალეთ "სპალნები" და ჩვენი სურსათ-სანოვაგე წავიღეთ აგრონომებთან, სადაც იმ საღამოს კარგად მოვულხინეთ და მერე დაღლილებმა და ცოტა შეზარხოშებულებმა, გემრიელად დავიძინეთ.

დღე 7

დილით ისევ ნისლი დაგვხვდა სოფელში. ხან წაიყრებოდა, ხან მოიყრებოდა. ჩვენ სასწრაფოდ ავკეცეთ კარავი, ჩავლაგდით, თითო სნიკერსი გავიყავით აგრონომებთან და ის იყო წასვლას ვაპირებდით შუახევის სოფელ ნაღვარევის მიმართულებით, რომ მეზობელი სახლიდან "კოფეზე" დაგვპატიჟეს. ძალიან სასიამოვნო იყო ნისლში ტკბილი თურქული "კოფეს" დალევა. ამ პროცესის დროს აჭარელმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერეს ეჭვიანი თვალებით.

მერე ჩვენ დავემშვიდობეთ მერიაყელს და აგრონომებთან ერთად გავუყევით ნაღვარევისკენ მიმავალ გზას. გზას ნისლში მივიკვლევდით, მაგრამ სამანქანო გზა იყო და სწრაფად დავდიოდით.


ნაღვარევი შუახევის ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელია. აქედან დღეში ერთხელ, 2 საათზე, ბათუმის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსი დადის. ავტოსტოპის იმედი არ უნდა გქონდეთ. ამიტომ ჩვენ ამ მარშუტკაზე ავიღეთ გეზი.

ნაღვარევში 12 საათზე ჩავედით, ანუ დრო ბევრი გვქონდა. ჩვენი აგრონომები ერთ-ერთ სახლს მიადგნენ, რომელიც იქ მაღაზიის სახელით იყო ცნობილი. გამიკვირდა, როცა მასპინძელს პირდაპირ მიახალეს, გვაჭამეო სადილი. ალბათ მიღებულია იქ, მაღაზიაშივე მომზადება.

მასპინძელმა გააცხელა საქონლის ხორცის კონსერვი. ასევე, გამოგვიტანა და უფასოდ მოგვართვა თავისი სახლიდან ცხელი შეჭამანდი (მგონი ქათმის ხარჩო), ახალგამომცხვარი სახლის პური, ვიყიდეთ ცოტა ლუდიც და ვისადილეთ. ეს ყველაფერი 12 ლარი დაჯდა და იმაზეც აგრონომებმა დაგვპატიჟეს.

მერე ველოდეთ მარშუტკას, რომელმაც დააგვიანა, მერე ნაღვარევიდან რამდენიმე საათი ვიარეთ საშინელ გზაზე, მერე კიდევ ასვალტზე, მერე ნესტმა მოიმატა და ცივილიზაცია გამოჩნდა, ბევრი თურქული მაღაზიით და ჩვენ უკვე ზღვისპირეთში ვიყავით. მარშუტკამ ბათუმის ავტოსადგურში მიგვიყვანა, იქედან ჩვენ პირდაპირ აჭარულების საჭმელად წავედით. მერე ცოტა საჭმელ-სასმელი ვიყიდეთ და ციხისძირში გავქუსლეთ, სადაც საკემპინგე ადგილი გვეგულებოდა. ამინდი იყო ცუდი, წვიმდა.

ციხისძირში ვიპოვეთ ზემოთნახსენები ადგილი და შევუერთდით იქ მოკემპინგე დანარჩენ ხალხს, რომლებიც, რატომღაც თავს ვალდებულად თვლიდნენ ესწავლებინათ, სად და როგორ უნდა გავშალო ჩემი კარავი. ჰმ. სხვა მხრივ კარგი ხალხი ჩანდა. წვიმის გამო მალევე შევეყარეთ კარავში და გვალვა დავაყენეთ ბათუმში ნაყიდ ჭაჭის ბოთლში. ეგ რომ არა, იმ ნესტში ვერ დავიძინებდი.
ბათუმი, როგორც ციხისძირიდან ჩანს

დღე 8


ეს იყო ჩვენი მოგზაურობის ბოლო დღე. ციხისძირში დილიდან მზემ გამოანათა, ამიტომ კარავი მალე გაშრა და მაშინვე ავკეცეთ. იმ შაბათ-კვირას ბათუმში ჩვენი მეგობრები ისვენებდნენ და იმათ სანახავად წავედით. ვიბანავეთ ზღვაში, და კიდევ ერთხელ დავცხეთ აჭარული ხაჭაპური. მერე მახინჯაურამდე ჩავყევით საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც კონდენცირებული იყო და ძალიან იაფი ღირდა. 6 საათი ხდებოდა, მახინჯაურში რომ ჩამოვხტით. იქედან ისევ ავტოსტოპით გამოგვაზეთ თბილისისკენ. გამოვიცვალეთ 7 მანქანა, შვიდივე ძალიან საინტერესო მძღოლი შეგვხვდა. ერთმა, რომელმაც არგვეთადან ხაშურამდე წამოგვიყვანა, ძალიან გაგვამხიარულა გზაში. თვითნ სურამში მიდიოდა, მაგრამ ხაშურამდე ჩაგვიყვანა, განათებულ ადგილას უფრო გაგიჩერებენო. მერე სალაშქრო ნაჯახიც გვაჩუქა და ნომერიც დაგვიტოვა, თუ გაგიჭირდეთ წასვლა, დამირეკეთო. მოკლედ, კარგი კაცი შეგვხვდა ნამეტნავად.

თბილისში ღამის 1 საათზე ჩამოვედით. თბილისი იყო ისევ ისეთი ცხელი და მოგუდული. ჩვენ ვიყავით საქართველომოვლილები და სასიამოვნოდ დაღლილები.

რუკაზე არის ის ადგილები, სადაც ვილაშქრეთ. თუ ვინმეს დაგჭირდებათ GPS-ის ტრეკები, მომწერეთ. თუ თქვენც გიმოგზაურიათ ასე რეგიონიდან რეგიონში ლაშქრობით, სოცქსელებში მიაჰაშთეგეთ #AcrossGeorgia რომ ადვილად იძებნებოდეს.








No comments:

Post a Comment