Wednesday, May 21, 2014

ლაშქრობა ლომისმთისკენ

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 11 მარკირებული ბილიკია. მათგან ყველაზე მეტად მონახულებადი ლომისმთის მარშრუტი გახლავთ. ეს ორ დღიანი სალაშქრო ბილიკი ლიკანის მცველთა საგუშაგოსთან იწყება და იქვე მთავრდება.
ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი


ზოგადად, ეროვნულ პარკში ლაშქრობას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • მარკირებული ბილიკები საშუალებას აძლევს მოლაშქრეს, გამყოლის გარეშე მოიაროს უცხო ადგილები. მარკირება იმდენად თვალსაჩინოა, რომ გამოუცდელი მოლაშქრეც ადვილად გაიგნებს გზას.
  • ტურისტული თავშესაფარი არის ხის კოტეჯი, სადაც შესაძლებელია ღამისთევა. კოტეჯში ან კოტეჯთან მოწყობილია ცეცხლის დასანთები ადგილი. ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი 12 ვიზიტორს იტევს.
  • ინფრასტრუქტურა - გზადაგზა გხვდებათ მოწყობილი დასასვენებელი და საპიკნიკე ადგილები. პანორამული ხედების ადგილას არის სკამები შესასვენებლად.
ეროვნულ პარკამდე მისასვლელად საჭიროა ჩახვიდეთ ლიკანში და დარეგისტრირდეთ ვიზიტორთა ცენტრში. სხვაგვარად ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია. აქვე შეგიძლიათ აიღოთ ეროვნული პარკის რუკა და მოიძიოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. ღამისთევა ლომისმთის ტურისტულ თავშესაფარში კაცზე 10 ლარი ღირს, ხოლო თუ კარვით წახვალთ - კაცზე 5 ლარი.

ვიზიტორთა ცენტრიდან ლიკანის რეინჯერთა საგუშაგომდე 5 კილომეტრის გზაა, ამიტომ უმჯობესია, თუ ტაქსით წახვალთ.

ტაქსის კომპანიების ნომრები ბორჯომში:
0 367 22 1111
0 367 22 0606
ტაქსი სავარაუდოდ 5-6 ლარს გამოგართმევთ.

ლომისმთის მარშრუტი 2-დღანია:
დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი, 15 კმ. საშუალოდ 5-6 საათი (ბილიკი N1)

პირველ დღეს უმეტესად აღმართის ავლა გიწევთ, ასაკრეფი ვერტიკალი თითქმის 1 კილომეტრია სიმაღლეში. გაითვალისწინეთ, რომ ბილიკის დასაწყისიდან თავშესაფრამდე სასმელი წყალი არ გხვდებათ, ამიტომ მინიმუმ 1.5 ლიტრიანი წყლის ჭურჭელი უნდა იქნიოთ თან.



ჩვენი ლაშქრობა მაისის დასაწყისში შედგა, როცა ბორჯომში წვიმის სეზონია. ამიტომ პირველ დღეს ბევრი სურათი არ გადამიღია. უხვად იყო ტალახი, ბოლოს კი ისეთმა წვიმამ დასცხო, თავიდან ბოლომდე დავსველდი.

დანიშნულების წერტილთან მისულს 2 სასიამოვნო სიურპრიზი დაგვხვდა. იქ უკვე იყვნენ ტურისტები, რომლებსაც ჩვენს მისვლამდე დაენთოთ ცეცხლი. მეორე სიურპრიზი იყო სასმელი წყალი, რომელიც კოტეჯთან ახლოს მოუყვანიათ და უკვე 300-400 მეტრშია (შარშან 1.5 კმ მანძილზე იყო).

ამ დღეს კარგად დავისვენეთ, გავშრით და გემრიელად დავიძინეთ.



დღე 2: ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი - ქვაბისხევის მცველთა საგუშაგო, 15 კმ. საშუალოდ 4-5 საათი (ბილიკი N6)

დილით კარგი ამინდი დაგვხვდა და გამოვფინეთ მზეზე გასაშრობად ჩანთები და ტანსაცმელი. აი, ასე გვეთამაშებოდა ნისლი:


ისევ წვიმას აპირებდა და ამიტომ ლომისმთაზე (2200 მეტრი) აღარ ავსულვართ, პირდაპირ უკან გამოვემართეთ.
უკან დაბრუნება შეიძლება იმავე გზით, თუმცა გაცილებით უფრო სანახაობრივია მე-6 ბილიკით დაბრუნება და ჩვენც ასე მოვიქეცით.
ამ ბილიკზე გვხვდება რამდენიმე ლამაზი პანორამა, რასაც მოსდევს ციცაბო დაღმართი. ფაქტობრივად მთელ სიმაღლეს ერთ პატარა მონაკვეთში აგდებ. ამის შემდეგ ბილიკი ქვაბისხევის ლამაზ ხეობაში გადის და სწორზე მიუყვება ეროვნული პარკის გასასვლელისკენ. 

აქედან ცენტრალურ მაგისტრალამდე 3 კილომეტრია, რომელიც შეგიძლიათ ფეხით გამოიაროთ, ან ისევ ტაქსი გამოიძახოთ. ტაქსი ლიკანამდე საშუალოდ 20-25 ლარი დაგიჯდებათ.

რამდენიმე სურათი ამ ლაშქრობიდან:





No comments:

Post a Comment