Thursday, May 8, 2014

ღამის ფოტოგრაფია

ჩემი ერთ-ერთი გატაცება ღამის ფოტოგრაფიაა. პირველად 4 წლის წინ ვცადე ვარსკვლავების გადაღება და ეგრევე მოვიწამლე. აღმოჩნდა, რომ ამ ტიპის სურათების გადაღებას დიდი ინვესტიცია სჭირდება როგორც ფოტო-ტექნიკაში, ისე დროში. ბევრი უნდა წაიკითხო ინტერნეტში; სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრები დაათვალიერო; იკითხო, როგორ გადაიღეს და, რაც მთავარია, შენითაც გაივარჯიშო პრაქტიკისთვის.


 ფოტო-აღჭურვილობა
მზად იყავით დიდი ინვესტიციებისთვის. აუცილებლად დაგჭირდებათ კარგი ფოროაპარატი, შუქმგრძნობელი ლინზა, მყარი შტატივი და დისტანციური პულტი.

აპარატი
ღამის ფოტოგრაფიისთვის ყველაზე მინიმალური მოთხოვნაა აპარატი ხელით მართვადი ექსპოზიციით.
დაბალ განათებაში Full-Frame აპარატები ყველაზე მაღალი ხარისხის სურათს იძლევა. ამჟამად ბაზარზე არსებული მოდელებიდან "ღამის მეფედ" მონათლულია Nikon Df ($3,000). შედარებით ხელმისაწვდომი Nikon D610 ($1,900) ტესტების მიხედვით მე-3 ადგილზეა და, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი ვარიანტია მოყვარული ფოტოგრაფებისთვის.
უბრალოდ მოკვდავთათვის, ვისაც ჩემსავით კროპ-სენსორიანი აპარატი გაქვთ: სასურველია ფოტოაპარატი მაღალ ISO-ზე სუფთა გამოსახულებას იძლეოდეს. ჩემი Nikon D90 მისაღებ ხარისხ ინარჩუნებს ISO 1000-ის ჩათვლით.

ლინზებში არჩევანი დიდია. კროპ სენსორებისთვის გირჩევდით Tokina 11-16mm f/2.8-ს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი ხარისხით. ნაკლებად გამოგადგებათ ე.წ. "კიტ" ლინზები, როგორიცაა 18-55მმ. სასურველია ლინზა ფართე კუთხიანი იყოს და თანაც შუქმგრძნობელი.

შტატივში ინვესტიცია არ უნდა დაგენანოთ. დრო მიდის, შტატივი რჩება (lol). მე მაქვს საკმაოდ კარგი და მისაღებ ფასად ნაყიდი Oben-ის წარმოების შტატივი, მასზე კი ამავე წარმოების ბურთულიანი თავაკი მიყენია. აუცილებელია შტატივი იყოს მყარი. ოდნავი ვიბრაციაც კი სურათს გააფუჭებს.

პულტი საჭიროა იმისთვის, რომ სასურველი ხანგრძლივობის დაყოვნებით გადაიღოთ. აპარატების უმეტესობას 30 წამზე ხანგრძლივი დაყოვნება არ აქვთ, ამიტომ პულტი აუცილებელია. მე მაქვს Vello-ს წარმოების უშნურო პულტი, ძალიან კარგი რამეა. თუ პულტის გარეშე 30 წამიანი დაყოვნებით გინდათ გადაღება, მაშინ აპარატი დააყენეთ 10-15 წამიან ტაიმერზე (self-timer), რათა თავიდან აიცილოთ ვიბრაცია.

ენერგია. ღამით გადასაღებად გრძელი ექსპოზიცია და სურათის უმაღლესი ხარისხი დაგჭირდებათ. ორივე მათგანი, განსაკუთრებით კი ერთდროულად, დიდ ენერგიას მოიხმარს. იქონიეთ ბოლომდე დატენილი ელემენტი და გეგდოთ ერთი სათადარიგოც.

გადაღების ადგილი
ვარსკვლავების გადასაღებად ყველაზე კარგი ადგილი ბუნწიაღია (=ბუნების წიაღი). ქალაქებში მტვერი და განათება ხელს გიშლის ვარსკვლავების დანახვაში. მიცდია მიყრუებულ სოფელში გადაღებაც, მაგრამ იქაც კი, იმ ოდნავი განათების და მტვრის გამო, ვარსკვნავები კარგად არ ჩანს. აუცილებელია, ცა გამჭვირვალე იყოს. ასეთი კი, უფრო ხშირად, მთაშია.


გადაღების დრო
თუ აქამდე არ აკონკტროლებდით, ახლა მოგიწევთ მთვარის ფაზებზე დაკვირვება. ვარსკვლავების გადაღებისას სავსე მთვარეს უნდა მოერიდოთ მისი დიდი განათების გამო.
ახალი ან ძველი მთვარის დროს მე მზის ჩასვლიდან 1 საათის შემდეგ ვიწყებ გადაღებას. იქამდე დროს კი აპარატურის გამართვას და მომზადებას ვუთმობ. გაითვალისწინეთ, მზის ჩასვლისას, განსაკუთრებით თუ მთაში იღებთ, ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და ფოტოაპარატის წინასწარ მომართვა ჯობს.

გადაღება

  • მზის ჩასვლამდე მოამზადეთ ფოტოაპარატი.
  • შეამოწმეთ, რომ ელემენტი კარგად არის დატენილი
  • დაამაგრეთ აპარატი შტატივზე
  • გაამზადეთ პულტი დისტანციურად გადაღებისთვის 
  • აპარატზე/ლინზაზე გათიშეთ ავტოფოკუსი, ავტო-ISO, ვიბრაციის შემცირება
  • სურათის ხარისხად აირჩიეთ RAW
  • ექსპოზიცია მომართეთ ხელით მართვაზე (M რეჟიმი)
  • ფერთა ბალანსიც გადაიყვანეთ ხელით მართვაზე და შეამცირეთ დაახლოებით 3000K-მდე.
  • ფოკუსი გაასწორეთ უსასრულობაზე
  • დიაფრაგმა გახსენით ბოლომდე
  • დაყოვნება გადაიყვანეთ Bulb-ზე
  • ღრმად ჩაისუნთქეთ და
  • გადაიღეთ



დამუშავება
დამუშავების დიდი მცოდნე არ ვარ. მაგრამ ღამის სურათების შემდგომი დამუშავება აუცილებელია.
Lightroom-ში ვასწორებ ძირითადად ფერთა ბალანსს და ექსპოზიციას. RAW ფაილები ძალიან კარგად მუშავდება, რადგან ბევრ ინფორმაციას ინახავს.

კითხვა-პასუხი

შემიძლია თუ არა ვარსკვლავების გადაღება კომპაქტური ფოტოაპარატით?
90% შემთხვევაში არა, რადგან დაბალ განათებაში კომპაქტური ფოტოაპარატები ცუდად იღებს, ხოლო ექსპოზიციის ხელით მართვის ფუნქცია მათ საერთოდ არ აქვთ.

თბილისში სად შეიძლება ვცადო ვარსკვლავების გადაღება?
სცადეთ ლისის ტბაზე ან კუს ტბაზე. შეარჩიეთ ნაკლებად განათებული ადგილი და ლინზას აუცილებად დაუმაგრეთ საჩრდილობელი.

დისტანციური პულტი არ მაქვს, მაინც შემიძლია გადავიღო ვარსკვლავები?
კი, თუ გადაიღებთ self-timer-ით. უნდა მოერიდოთ აპარატის გამოძრავებას გადაღებისას.

რამდენ წამზე უნდა გავასწორო დაყოვნება?
სასურველია 30 წამიდან 45 წამამდე. ამის ზემოთ ვარსკვლავები მოძრაობის კვალს ტოვებენ

თუ რამე სხვა კითხვა გაგიჩნდათ, იკითხეთ.





2 comments:

  1. ჩემი ფოტოაპარატია ნიკონ დ 3100 ეს ლინზა ღამე როგორ გადაიღებს? მალე უნდა ჩამომიტანონ, მადლობა წინასწარრ
    Nikon 18-35mm f/3.5-4.5G ED AF-S

    ReplyDelete
    Replies
    1. გამარჯობა, ბლოგი გადავიდა ვორდპრესზე და გთხოვთ მეწვიოთ ახალ მისამართზე www.verdzeuli.wordpress.com
      კითხვაზე მოკლედ გიპასუხებთ - ეგ ლინზა ღამის გადაღებაზე არაა გათვლილი, f/2.8 ლინზასთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებ შუქს აგროვებს. ცდა მაინც შეიძლება. 30 წმ ექსპოზიცია და მაღალი ISO

      Delete