Tuesday, May 13, 2014

სენსორის გაწმენდა მტვრისა და ზეთისგან

ერთ-ერთ წინა პოსტში გიყვებოდით ციფრული ფოტოაპარატებისა და მტვრის მეგობრობაზე. ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ გავწმინდე ჩემი ანტიკვარი Nikon D100-ის სენსორი მტვრისა და ლაქებისგან.
Nikon D100
ეს აპარატი რამდენიმე თვის წინ შევიძინე adorama.com-ზე მეორადებში. თუ ნიკონის მოდელების ქრონოლოგია არ იცით, გეტყვით, რომ D100 2002 წელს გამოვიდა ბაზარზე და 2005 წლამდე იწარმოებოდა. შესაბამისად, კარგ შემთხვევაში 10 წლის ნახმარი ფოტოაპარატი შევიძინე. არ გამკვირვებია, როცა მისი სენსორი საკმაოდ მტვრიანი აღმოჩნდა. აი, ქვემოთ სურათში კარგად ჩანს, თუ როგორი დასვრილი იყო მისი სენსორი

წითლად მოვხაზე მტვერი სენსორზე
ბევრი კითხვის და ვიდეო-გაკვეთილების გაზეპირების შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე და სენსორის საწმენდი საშუელებები გამოვიწერე. თუ თქვენც გადაწყვეტთ, აუცილებლად დაგჭირდებათ:
  1. "ოყნა", იგივე RocketBlower
  2. სენსორის საწმენდი "შვაბრა"
  3. სენსორის საწმენდი სითხე
"ოყნა", სენსორის საწმენდი სითხე და 3 ცალი "შვაბრა"

აქვე უნდა გითხრათ, რომ სენსორის საწმენდი სხვადასხვა საშუალება არსებობს. მე სენსორის სველი წმენდა ვცადე. ეს მეთოდი საკმაოდ რისკიანია და თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ გარისკვა გინდათ, უბრალოდ იცხოვრეთ მტვერთან ერთად იდილიაში. მით უმეტეს, რომ მტვერი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოჩნდება თქვენს სურათებზე (იხილეთ ჩემი სტატია მტვერზე).

სანამ უშუალოდ წმენდის პროცედურაზე გადავალ, მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურებოდა სენსორი გაწმენდამდე:
სენსორი გაწმენდამდე
შავი წერტილები, რასაც ხედავთ, მტვერია. თეთრი ლაქა სურათის შუაში კი ცხიმი.
საბედნიეროდ, მტვრის მოცილება ადვილია; საუბედუროდ, ცხიმი ძნელად შორდება.

პირველ რიგში, შეამოწმეთ აქვს თუ არა თქვენს აპარატს ფუნქცია - სენსორის ავტომატური წმენდა. ამ დროს აპარატის სენსორი ვიბრაციის საშუალებით თავისით იშორებს მტვერს. თუ გაგიმართლათ და ამ გზით მთელი პრობლემა მოგვარდა, ბედნიერი ბრძანდებით. თუარადა, მაშინ განაგრძეთ კითხვა.

მზადება
როცა ზემოთ ჩამოთვლილ საწმენდ საშუალებებს მოიმარაგებთ, კარგად დაიბანეთ ხელები, შეარჩიეთ მტვრისგან დაცული ოთახი, ჩარაზეთ ფანჯრები, არავინ შემოუშვათ ოთახში და თქვენც ქარიშხალს ნუ დაატრიალებთ.
შეამოწმეთ, რომ ფოტოაპარატის ელემენტი ბოლომდე იყოს დატენილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვა შემთხვევაში შეიძლება აპარატის სარკე დააზიანოთ.

გაწმენდა "ოყნით"
მოხსენით ფოტოაპარატს ლინზა. ამ დროს თქვენ დაინახავთ აპარატის სარკეს. მენიუში იპოვეთ "სარკის აკეცვა" ანუ mirror lock-up და გაააქტიურეთ ეს ფუნქცია. ამის შემდეგ როგორც კი გადაღების ღილაკს დააჭერთ, სარკე აიკეცება და სენსორს დაინახავთ.
აიღეთ ოყნა, აპარატი დაიჭირეთ ისე, რომ სენსორი იატაკს უყურებდეს. ოყნით დაბერეთ ჰაერი სენსორს რამდენჯერმე. გათიშეთ აპარატი, რაც სარკეს დაკეცავს და სენსორი ისევ დაიმალება. შეამოწმეთ, მოაშორა თუ არა ჰაერის დაბერვამ მთელი მტვერი. ჩემს ჩემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე ნაწილაკის მოშორება შევძელი:
სენსორი "ოყნით" გაწმენდის შემდეგ
სველი წმენდა
თუ ოყნამ არ უშველა პაციენტს, მაშინ სველ წმდენაზე უნდა გადახვიდეთ. ეს ყველაზე სარისკო ნაწილია. აიღეთ "შვაბრა" და ზედ დააწვეთეთ 2 წვეთი საწმენდი სითხე. ეს სითხე თანაბრად უნდა გაანაწილოთ შვაბრაზე.
ამის შემდეგ ისევ "სარკის აკეცვის" ფუნქციით გამოაჩინეთ სენსორი და შვაბრით ნაზად გაწმინდეთ. 2-ჯერ ან 3-ჯერ გადასმა საკმარისია. არ დაატანოთ ძალა. ამის შემდეგ დახურეთ სარკე და შეამოწმეთ კიდევ ერთხელ - გაწმენდილია თუ არა სენსორი. აი, ჩემი შედეგი:
სენსორი სველი წმენდის შემდეგ
მე შედეგით კმაყოფილი ვარ. სენსორი თითქმის ახალივითაა და მხოლოდ ერთი ცალი მტვრის ნაწილაკი დარჩა. ჩემთვის სრულებით მისაღებია. 

1 comment: