Saturday, September 20, 2014

ისთანბულ ჰავა(არცისე)იოლარი


ახლო წარსულში რამდენჯერმე მომიწია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში საათობით ყურყუტი. ახლაც აქ ვარ და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა მომავალი მოგზაურებისთვის აქაურობის ავან-ჩავანის გაცნობა. მით უმეტეს, რომ, უმეტესობა შემთხვევაში, თბილისი მსოფლიოს სტამბოლის გავლით უკავშირდება. ორი სიტყვით რომ აღვწერო იქაურობა (აქაურობა), ეს ორი სიტყვა იქნებოდა "ყველაფერი ძვირია". თუმცა ეს ყველა აეროპორტისთვის საერთო დამახასიათებელი ღირსებაა. ამიტომ ორ სიტყვას ამაზე არ დავხარჯავ და სხვა ღირსების წარმოსჩენას ვეცდები. "მყრალი ქაოსი" არის, ჩემი აზრით, აქაურობის საუკეთესო დახასიათება. დღის ნებისმიერ მონაკვეთში აქაურობა გუგუნებს. დეზერტირების ბაზარში გეგონება თავი. დროის მეტ-ნაკლებად კომფორტულად გასატარებლად აქ რამდენიმე რამის ცოდნა გჭირდებათ. ქვემოთ ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და რამდენიმე მინიშნება მოგცეთ, რაც თქვენს აქ ყოფნას ცოტა კომფორტს მაინც შემატებს.

ათათურქის აეროპორტში არ არის უფასო ინტერნეტი

შეეგუეთ ამ ფაქტს. ყველა წერტილი დავიარე, ყველა სახელს მივუერთდი, მათ შორის ზოგ სახელში ცბიერად ერია სიტყვა "free". მაგრამ ტყუილად ნუ დაიმედდებით. აქ არც სტარბაქსს აქვს უფასო ინტერნეტი. ყველაზე იაფად აქ 2 ევროდ შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთდღიანი ინტერნეტ-საშვით.

საპირფარეშოები არის ბინძური და ხალხმრავალი

ათათურქის საერთაშორისო ტერმინალი არის საკმაოდ მცირე ზომის და ემსახურება ზღვა ხალხს. ამის გამო საპირფარეშოებში "privacy"-ს არ ელოდოთ. შედარებით "მყურდოა" საპირფარეშო Prime Class Lounge-ის მხარეს, სადაც ნაკლები ხალხი ხვდება.

ტერასა - aka მოსაწევი ადგილი, სადაც თავს (თავმოყვარე) ადამიანი ცუდად იგრძნობს

სწრაფი კვების ზონის თავზე არის ე.წ. ტერასა, ანუ ღია სივრცე, რომელსაც ადამიანები სიგარეტის მოსაწევად იყენებენ. ეს არის საკმაოდ პატარა ღიობი, სადაც, ჩემი აზრით, საკმაოდ დამთრგუნველი აურა სუფევს. მაგრამ თუ გეწევინებათ, რაღას იზამთ.

(ფასიანი) მოსასვენებელი დარბაზები

თუ ფრენებს შორის 3 და მეტი საათი გაქვთ, ვფიქრობ გონივრული გადაწყვეტილებაა ფასიანი მოსასვენებელი დარბაზებით სარგებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ 3+ საათის განმავლობაში ერთხელ მაინც გადაწყვეტთ იკვებოთ ან ყავა დალიოთ, აეროპორტის რესტორნებში ამავე რაოდენობის თანხა მაინც დაგეხარჯებათ. ათათურქის აეროპორტში რამდენიმე მოსასვენებელი დარბაზია. ფასი $40-დან იწყება და მომსახურებაში შედის ინტერნეტი, საჭმელი, სასმელი და, თუ გაგიმართლათ, დასაძინებელ ადგილსაც გამოჰკრავთ ხელს - თუმცა მე ჯერ ასე არ გამმართლებია. რამდენჯერაც აქ მოვხვდი, იმდენჯერ დაკავებული აქვთ შავებით შემოსილ ქალბატონებს წამოსაწოლი ადგილები. ასე მგონია ეს სულ ერთი და იგივე ქალბატონები არიან. თითქოს მთელი ცხოვრებაა აქ არიან. ადგილიდან არ იძვრიან, გვერდსაც კი არ იცვლიან ძილის დროს. ასე რომ წამოწოლის იმედი ნუ გექნებათ, თუ მაინცდამაინც სასწაულების არ გჯერათ.
თუ 40 ევროს გადახდის სურვილი და საშუალება გაქვთ, თქვენ გვერდით მოსასვენებელ დარბაზში დამატებით მიიღებთ საკეტიან კარადას პირადი ნივთების უსაფრთხოდ შესანახად, სუფთა და მყუდრო საპირფარეშოებს და, რაც მთავარია, საშხაპეს!
არის კიდევ ერთი ვარიანტი - ტერმინალის მეორე ბოლოში არის აეროპორტის სასტუმრო. ოთახები ქირავდება საათობითაც. თუ თქვენ მარტო არ მოგზაურობთ, შეიძლება ეს ვარიანტი უფრო სარფიანი იყოს. ორ კაცზე ოთახი 3 საათით ღირს დაახლოებით 130 ევრო.
თუ არც ერთი ვარიანტი არ მოგეწონათ, მაშინ შეიძლება ქალაქ სტამბოლის დათვალიერება გერჩივნოთ.

ქალაქში გასვლა

თავიდანვე რომ აღვნიშნო, მე აქედან ქალაში არასდროს გავსულვარ, უბრალოდ იმიტომ, რომ ცუდ დროს ვხვდები ხოლმე აქ და ამ დროს ქალაქში გასვლას დიდი აზრი არ აქვს მგონი. თუმცა თუ 6 საათი მაინც გაქვთ ფრენებს შორის, აზრიანი იქნება მოინახულოთ ეს ლამაზი ქალაქი და ერთი-ორი სელFი შეჰმატოთ თქვენს სოც.ქსელს. აეროპორტიდან ქალაცის მიმართულებით დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც 11 ლირა დაგიჯდებათ (Havatas Bus) და საშუალოდ 40 წუთში მოხვდებით სტამბოლის ისტორიულ ნაწილში.
თურქეთის ავიახაზები ქალაქის ტურს უფასოდ გთავაზობთ. საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა, თუ თქვენი გრაფიკი ამის საშალებას გაძლევთ. დამატებით ინფორმაციას გაეცანით აქ: http://www.turkishairlines.com/en-int/corporate/press-room/press-releases/press-release-detail/city-tours-while-in-transit-provided-by-touristanbul

წარმატებულ და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

No comments:

Post a Comment