Sunday, September 28, 2014

ფრთხილად წინასწარი შეკვეთისას | Caution: Pre-order!

ოდესღაც მარკეტინგში, ან მასთან დაკავშირებულ საგანში ვისწავლე და არ მეგონა ოდესმე თუ გამოვიყენებდი ამ ტერმინს - early adopter. აი, ეგ ვარ ახლა მე. პროდუქტი ჯერ გამოსული არ იყო, მე რომ წინასწარი შეკვეთა, ანუ ფრეორდერი განვათავსე ჩემს საყვარელ B&H-ზე. არანაირი გამოცდილება იქამდე არ მქონია, უბრალოდ საჭიროება და ჩემი დაუოკებელი სურვილი მოითხოვდა, რაც შეიძლებოდა მალე მეყიდა ახალი კამერა. როგორც აღმოჩნდა, ბევრი რამ უნდა გამეთვალისწინებინა...


დასაწყისისთვის, მთელ ამ ამბავს დროის ღერძზე დავხატავ:

2014 წლის მისადგომები - გადავწყვიტე ახალი აპარატის ყიდვა.
ივლისი, 2014 - ნიკონის ჭორბიურომ გაავრცელა ხმა, რომ ნიკონი აპირებდა ახალი "სპორტული" ფულფრეიმ აპარატის გამოშვებას. დაუზუსტებელი მონაცემები მე სრულად მაკმაყოფილებდა.
12 სექტემბერი - ნიკონმა ოფიციალურად წარადგინა ახალი მოდელი D750 და განაცხადა, რომ დახლებზე გასაყიდად 23 სექტემბერს გამოვა.
21 სექტემბერი - მე განვათავსე წინასწარი შეკვეთა B&H-ზე
23 სექტემბერი - უმეტესობა გამყიდველებს (B&H, Adorama, Amazon, etc.) ჯერ არ მიუღიათ პირველი პარტია.
24 სექტემბერი, დილა - პირველი პარტიები მიიღეს პატარა მაღაზიებმა, მათ შორის გამოჩნდა ამაზონზეც, ოღონდ გამყიდველი იყო რომელიღაც პატარა მაღაზია. იმავე საღამოს თავად ამაზონსაც უკვე მზად ჰქონდა პირველი პარტია გასაყიდად.
24 სექტემბერი, საღამო - B&H-ზე გავაუქმე წინასწარი შეკვეთა, რათა ამაზონზე ან სხვაგან მეყიდა.
24 სექტემბერი, საღამო - B&H-ში უკვე გაჩნდა პირველი მარაგები, სამწუხაროდ მას შემდეგ, რაც გავაუქმე შეკვეთა. ამავე დღეს B&H და ყველა ებრაული მაღაზია კვირის ბოლომდე დაიხურა მათი დღესასწაულის გამო. აღარ შეიძლებოდა მათ შორის ონლაინ შეკვეთებიც.
26 სექტემბერი - B&H-მა დამიბრუნა გადახდილი ფული და აისახა ჩემს ბარათზე. იმავე წამს შევუკვეთე აპარატი ამაზონზე და მოვითხოვე ყველაზე სწრაფი ტრანსპორტირება.
27 სექტემბერი - აპარატი მომიტანეს სასტუმროში შუადღისას.

ახლა, რატომ მოვყევი ეს ყველაფერი. რამდენიმე რამეა, რაც უნდა გაითვალისწინოთ წინასწარი შეკვეთისას:

  1. როდესაც წინასწარ შეკვეთას აკეთებ, გამყიდველი გეუბნება დაუზუსტებელ დროს, როცა ისინი ელიან პროდუქტის პირველ ნაკადს. ეს თარიღი შეიძლება შეიცვალოს 1 დღით, 1 კვირით ან 1 თვით;
  2. როდესაც ბევრი კლიენტისგან იღებენ წინასწარ განაცხადს, ისინი მოქმედებენ ასეთი პრინციპით: ვინც პირველად შეუკვეთავს, პირველად იმასთან გაიგზავნება პროდუქტი;
  3. უმეტეს შემთხვევებში პროდუქტის პირველი პარტია შეზღუდული რაოდენობით არის. თუ ეს პროდუქტი მომხმარებლებში პოპულრობით სარგებლობს, შეიძლება თქვენი წინასწარი შეკვეთა ვერ დაკმაყოფილდეს და მეორე პარტის მიღებამდე მოგიწიოთ ლოდინი;
  4. ყველაზე ცუდ შემთხვევებში, როგორც მოვიკვლიე, შეკვეთიდან რამდენიმე თვეც  დასჭირვებია პირველ მიწოდებას.
ეს, სავარაუდოდ, არასრული სიაა, რაც უნდა იცოდეთ წინასწარი შეკვეთის განხორციელებამდე. ასე რომ, გაითვალისწინეთ და იფრთხილეთ, თუ დრო თქვენთვის პრიორიტეტულია.

No comments:

Post a Comment