Thursday, September 4, 2014

მოგზაურობა შვეიცარიაში

როგორ წარმოგიდგენიათ მოგზაურობა შვეიცარიაში? ალბათ თვალწინ წარმოგიდგებათ მაღალი მთები, ვრცელი ტბები, ლამაზი სახლები და დიდ ცურიანი ძროხები. თქვენ კი, ზურგჩანთა მოკიდებული დააბიჯებთ ხან პატარა და ლამაზ ქალაქებში, ხან კი ლაშქრობთ ალპებში. საღამოობით კი მიირთმევთ შვეიცარულ ყველს და ჭიქა ღვინოს ამატებთ ზემოდან. ჰო, მეც ასე წარმომედგინა, მაგრამ ამჯერად ჩემი მოგზაურობის მიზანი სემინარზე დასწრება იყო. არც ისე კარგად ჟღერს, მაგრამ ვეცადე მაქსიმუმი გამეკეთებინა ერთ კვირაში.


ვიზა

თავიდან, დავიწყოთ ქვეყანაში შესვლის უფლებით. ქართველებს, რა გასაკვირია, ვიზა გვჭირდება. საბედნიეროდ, შვეიცარიის საელჩო თბილისში არის. პროცედურა სტანდარტულია, აპლიკაციაც მსგავსი შენგენის სხვა ქვეყნებისა. ვიზის საფასური ამ პოსტის დაწერის მომენტში $49-ს შეადგენს. ერთი რამ, რაც ადვილად შეიძლება შეგეშალოთ: სამოგზაურო დაზღვევა უნდა გააკეთოთ მთელი შენგენის ზონისთვის, ან მთელი მსოფლიოსთვის. განგება არ გაგიწყრეთ და მხოლოდ შვეიცარიის დაზღვევა არ გააკეთოთ, თორემ ვიზაზე მარტივად გტყვლეპენ უარს.
დამატებითი და სრული ინფო მოიძიეთ ამ ბმულზე: http://www.eda.admin.ch/tbilisi

ფული

შვეიცარიის ეროვნული ვალუტაა შვეიცარული ფრანკი. თუმცა, ევროც ჭრის, თითქმის ყველა პუნქტში შეგიძლიათ ევროთი გადახდა. მაგრამ ფასები ფრანკებშია და რა კურსით ანგარიშობენ, მხოლოდ შვეიცარიის წმინდა ძროხამ იცის. ამიტომ უმჯობესია, შეიძინოთ ფრანკები, ან ჩასვლისთანავე გადაახურდავოთ.
თბლისში ფრანკების შოვნა ადვილი არ არის. ვალურის გადამცვლელ ჯიხურებს თითქმის არასდროს აქვთ. ამიტომ კომერციულ ბანკებს უნდა მიმართოთ. მე პირადად საქართველოს ბანკის პუშკინის ფილიალში შევიძინე. მოკვლევის შედეგად ფრანკები აღმოვაჩინე აგრეთვე თიბისი ბანკსა და კორ სტანდარტ ბანკში.
მათი ბანკნოტები ძალიან ლამაზია. დახარჯვა არ მოგინდებათ. ალბათ ამიტომაა, რომ ქეში ამ ქვეყანაში არ იციან რა არის, ყველა სადებეტ-კრედიტო ბარათით სარგებლობს.

სასაუბრო ენები

უხეშად რომ ვთქვათ, შვეიცარიის 60% საუბრობს გერმანულად, 30% ფრანგულად და დანარჩენი იტალიურად. თუმცა ინგლისური ყველამ იცის. ქართული - არავინ. არც მეგრული.

დიდი ქალაქები

შვეიცარიას ოთხი მეტ-ნაკლებად დიდი ქალაქი აქვს: ციურიხი, ბაზელი, ბერნი, ჟენევა. ამ სამიდან ბაზელი ყველაზე მეტად ინდუსტრიულია. აქ თავმოყრილია ქიმიურ-სამედიცინო მრეწველობის რამდენიმე დიდი კომპანია. ქარხნები პირდაპირ ქალაქშია, დიახ. თუმცა, ამის მიუხედავად, მდინარე რაინი კამკამაა და ხალხი ბანაობს.
ციურიხი გაცილებით ლამაზი და მდიდრული ქალაქია. ბერნსა და ჟენევაზე ინფოს არ ვდებ, აქ არ ვყოფილვარ და ვიკიპედიას თქვენ ჩემზე კარგად ნახავთ.

ტრანსპორტის პრიორიტეტულობა

დიდ ქალაქებში ყველაზე დიდი პრიორიტეტი ენიჭება ტრამვაის. როცა ის მოძრაობს, ყველა სხვა სახის ტრანსპორტი ჩერდება. ამის შემდეგ ველოსიპედი მოდის. თუ ბიჭი ხარ მაგათ ზოლზე გაიარე აბა. გადაგივლის და აქეთ მოგაკურთხებს. მართალიც არის, ჩახვედი და იქაური ქუდი მოირგე, ძმაო!

ტრანსპორტის საფასური

ძვირია! ყველაფერი ძვირია ამ ქვეყანაში.
საქალაქთაშორისო მატარებელ-ავტობუსში ჯამში 71 ფრანკი გადავიხადე. ამ ფასად თბილისიდან ბათუმში ლიმუზინით ჩახვალ. მაგრამ ეგ არის რაც არის.
უფასო ფეხით სიარულია, ქალაქში მაინც. ამიტომ გირჩევთ ფეხით გაიაროთ. შემდეგ ყველაზე იაფი ტრამვაია. ტაქსი მე საერთოდ არ მინახავს, ან იმდენად ცოტაა, რომ ვერ შევამჩნიე.

ციურიხი

ჩემი პირველი ზიარება შვეიცარიასთან სწორედ ციურიხში მოხდა. გამოვედი აეროპორტიდან და პირდაპირ ქალაქის ცენტრში დავაწექი, ცენტრალური სადგურისკენ. მაშინვე თვალში მეცა სიმდიდრის და ბედნიერების სუნი. აქ ყველა ბედნიერია. ღვინოს სვამენ და ნავებით სეირნობენ ტბაში. ცენტრალური სადგურიდან გამოსვლისთანავე ფეხით შეგიძლიათ დაუბეროთ ტბისკენ, ნახევარ საათში მიხვალთ. ეს არის ცენტრალური ნაწილი, სადაც ტურისტების უმრავლესობა იყრის თავს.








ბაზელი

ეს ქალაქი სამი ქვეყნის საზღვარზე მდებარეობს. აეროპორტი საფრანგეთის ტერიტორიაზეა და გამოსასვლელი ორი აქვს - ერთი საფრანგეთში, მეორე კი შვეიცარიაში. ასე რომ, ყურადღება გმართებთ :-)

ბაზელი პატარა ქალაქია. აქ პროდუქტები ძვირია, ამიტომ ხორცის საყიდლად გერმანიაში დადიან, ყველს საფრანგეთში ყიდულობენ, დანარჩენს კი შვეიცარიაში. ასეთია შენგენური რეალობა.

შაბათ-კვირას ბაზელის ცენტრალურ მოედანზე, ანუ მარკეტპლაცზე, იმართება სახალხო ვაჭრობა. იყიდება ყველი, ხილ-ბოსტანი და სხვა. ყველაფერი ძვირია!




მთები

ტკბილი ნაწილი ბოლოსთვის მოვიტოვე. მქონდა ბედნიერება, მეცხოვრა ერთ ჩვეულებრივ სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს და ევროპაჭი ყველაზე გრძელი სოფლის სახელს ატარებს. სოფელი ბეატენბერგი ტუნის ტბის თავზეა შეფენილი ფერდობზე. მისი სიგრძე 12 კილომეტრია. ბეატენბერგის უკან არის მთა ნიდერჰორნი (1950), საიდანაც საკმაოდ ლამაზი პანორამული ხედი იშლება.
აქ ხალხი მესაქონლეობას მისდევს. მათი ძროხები დიდია, ისინი ბევრს იწველიან, მათი რძისგან გემრიელი ყველი კეთდება, ყველი ძვირი ღირს, გლეხები მდიდრები არიან, მათი სახლებიც დიდია.




მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი სოფელია, თავისი ძროხებით და ფერმერებით, ქუჩები არის ძალიან სუფთა, ასევეა საძოვრებიც, ტყეებიც, სალაშქრო ბილიკებიც და ყველაფერიც. ამ ქვეყანაში ყველაფერი არის საათივით აწყობილი.
ბეატენბერგიდან ნიდერჰორნზე ასასვლელად საშუალო სტატისტიკურ ადამიანს 2 სთ 45 წთ სჭირდება. თუმცა, ალტერნატიულად, შეგიძლიათ საბაგიროს გაჰყვეთ, რომელიც ყოველ 10 წუთში დადის.

ბეატენბერგიდან იშლება ხედი შვეიცარიის ალპებზე. აქედან მოსჩანს სამი მწვერვალი: იანგფრაუ, აიგერ, მონქ. სწორედ ამ მთებისკენ გავილაშქრეთ ერთ მშვენიერ დღეს.

ჩვენი მოგზაურობა ალპებისკენ ავტობუსით დაიწყო, რომელმაც ერთ პატარა და ძალიან ლამაზ ქალაქში მიგვიყვანა

აქედან ჯერ მატარებლით წავედით მთაში, იქედან კი საბაგიროთი აღმოვჩნდით რაღაც მთის წვერზე, საიდანაც სალაშქრო ბილიკი იწყებოდა.


სალაშქროს ვამბობ, თორემ იქ ინფრასტრუქტურაა, მიმიქარავს ავტობანი. არც რუკა გჭირდება, არც GPS. დააწექი, გაჰყევი გაკვალულ გზას, უყურე ნიშნულებს, წაიკითხე საინფორმაციო დაფები და ეგ არის. ალბათ ამიტომ ჩამოდიან ევროპელები ჩვენთან სალაშქროდ, ჩვენთან უფრო ველურია ბუნება, იქ კი თითქოს კაცს დაუმორჩილებია.


ამ დღეს ყველაზე მეტი ხედი და საოცარი სანახაობა გველოდებოდა, მაგრამ ნისლმა არ გაგვახარა. გავილაშქრეთ მწვერვალებისკენ იანგფრაუ (Jungfrau), აიგერ (Eiger) და მონქ (Monch). ქვემოთ სურათზე ჩანს აიგერის ნაწილი, კერძოდ, the north face. ამ კლდეზე/კედელზე ძალიან ბევრი ალპინისტია დაღუპული, რადგან წლების წინ ღია შეჯიბრი იყო გამოცხადებული ამ კედლის გავლაზე, ხოლო წესები/უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა.
აქვე, ვისაც გაინტერესებთ, ამ კედლის საპატივცემულოდ ქვია ცნობილ ბრენდს The North Face


ასეთი იყო ჩემი მოკლე მოგზაურობა შვეიცარიაში. მეკითხებიან, რომელი ჯობს, კავკასიონი თუ აპლები :) ჩემი აზრით, კარგი კონკურენტები არიან ერთმანეთისთვის. თუ გაგიმართლათ და შვეიცარიის ალპებში ლაშქრობის საშუალება გექნათ, არაფერზე სადარდებელი არ გექნებათ. მე მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ არასდროს ვიყავი მარტო. ყველგან იყო საინფორმაციო დაფები, რომლებიც თქვენ მაგივრად აზროვნებენ და გეუბნებიან საით გაუხვიოთ და რამდენ ხანში მიხვალთ დანიშნულების ადგილას. საქართველოში ლაშქრობა კი ყოველთვის დიდ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. wild ტურიზმისთვის საქართველო უკეთესია.

ბოლოს, რამდენიმე ბმული, რაც შეიძლება გამოგადგეთ:
ტრანსპორტის განრიგი, დაგეგმვა, ბილეთების ყიდვა: www.sbb.ch
ყველა ინფო ლაშქრობაზე, რუკები, ტრეკები: www.myswitzerland.ch


13 comments:

  1. სასიამოვნო პოსტია:)

    ReplyDelete
  2. არაჩვეულებრივი ფოტოებია, ლევან
    და როგორც ვხედავ, სასიამოვნო და საინტერესო მოგზაურობა გქონია! :)

    ReplyDelete
  3. მადლობა! მოგზაურობა მართლა დაუვიწყარი იყო

    ReplyDelete
  4. Replies
    1. დიდი მადლობა, შემოიარეთ ხოლმე

      Delete
  5. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  6. ზეგ მივფრინავ და ვიფიქრე გადავხედავ რა შეიძლება დავათვალიეროთქო . ამ ბლოგის შემდეგ ათმაგად მიხარია მართლა ასეთი კარგგი თუ არის

    ReplyDelete
    Replies
    1. მართლა ასეთი კარგია :))

      Delete
  7. სასიამოვნო წასაკითხია მართლაც.. ჩემი უსაყვარლესი ადგილები.. მაინტერესებს სულ მინიმუმი რამდენია საჩირო რომ ჩახ იდე და ჩამოხვიდე ?

    ReplyDelete
  8. ვიცხოვრებდი მანდ, ვიმუშავებდი იქაურ გლეხებთან, პოსტმა გადამაგდო ფიქრებში კარგი იყო. Levan.

    ReplyDelete
  9. ვიცხოვრებდი მანდ, ვიმუშავებდი იქაურ გლეხებთან, პოსტმა გადამაგდო ფიქრებში კარგი იყო. Levan.

    ReplyDelete
  10. მიგრაციაზე თუ გაქვს რამე ინფორმაცია?

    ReplyDelete