Monday, October 20, 2014

მე ავტოსტოპერი გავხდი


ბავშვობაშივე მივხვდი, რომ ბუნებასთან სიახლოვე მიყვარდა. მთაში „ხეტიალი“ მეგობრებთან ერთად და იმ ადგილების ხილვა, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია ნახო, თუკი „იხეტიალებ“. შეიგრძნო ის, რისი შეგრძნებაც არც თუ ისე ბევრს შეუძლია...))) ამ მხრივ ბედნიერი ვიყავი ყოველთვის, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხის - რაჭის „შვილი“ ვარ. ალბათ ჩემმა ადგილმდებარეობამ განაპირობა, რომ ბუნება ბავშვობიდანვე მიყვარდა. ჰოდამ, დავხეტიალობდი სკოლის პერიოდში რაჭის მთებში და მათი სილამაზით ვტკბებოდი.

სკოლა რომ დავამთავრე და თბილისს გადმოვედი საცხოვრებლად, მეგონა, რომ ბუნებასთან სიახლოვე დავკარგე. მივხვდი, რომ იმდენად ხშირად ვერ ვივლიდი მთაში, როგორც ადრე. პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ სტუდენტი ვარ და ხეტიალობებისთვის იმდენი ფული აღარ მქონდა, რამდენიც საჭირო იყო. დამეთანხმებით და ტრანსპორტი საკმაოდ ძვირია.

ერთ დიდებულ დილას, როცა მე და ჩემს დებს რაჭაში წასვლა მოგვინდა და 120 ლარი არ გვემეტებოდა ტრანსპორტში გადასაყრელად გადავწყვიტეთ, რომ გამვლელ მანქანას გავყოლოდით, ანუ ავტოსტოპზე დავმდგარიყავით.

ასე დაიწყო ჩვენი ავტოსტოპი...

აბარგულები თბილისი მოლის ბოლოში დავდექით და მანქანის გაჩერება დავიწყეთ, 5 წუთიც არ გასულა, რომ ერთმა კეთილმა ადამიანმა გაგვიჩერა, რომელიც გორამდე მიდიოდა. ჩვენც წავყევით. გორიდან გაგვიმართლა და თერჯოლის გადასახვევამდე გავყევით გამვლელს და იქედან პირდაპირ რაჭისკენ მიმავალმა გაგვიჩერა. სულ რაღაც 3 საათი და 30 წთ მოვანდომეთ რაჭაში ჩასვლას, როცა ტრანსპორტით 5-6 საათია საჭირო.

ამ დროს რას ფიქრობენ მშობლები ?

არაფერს, იმიტომ რომ არ იციან რომ მივდივართ და მითუმეტეს ავტოსტოპით. ვიცოდით ინერვიულებდნენ და გვერჩივნა მერე გვეთქვა, მშვიდობით ჩასულებს, რომ დაგვინახავდნენ.

და მართლა რამე საფრთხე რომ შეგვქმნოდა? რატომ არ გვეშინოდა?

ალბათ შიშის ფაქტორი, რომ გვქონოდა, აზრადაც არ მოგვივიდოდა მსგავსი რამ თავში.

ავტოსტოპით მცირე მასშტაბებზე ბავშვობაშიც ვმოძრაობდით და ეს ყველასთვის მისაღები იყო, უტრანსპორტობიდან გამომდინარე, მაგრამ ეხლა უკვე მასშტაბი ძალიან გავზარდეთ ))

არ გვეშინოდა იმიტომ რომ ჩვენს თავში საკმაოდ, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენ ვერავინ ვერაფერს გაგვიბედავდა.

ის კი თავიდანვე ვიცოდით ,რომ სისწრაფის მოყვარულს არ უნდა ჩავსხდომოდით და გაჩერებისთანავე პირველი კითხვა ეს იყო.. ))

აი ასე! დებიუტმა დიდებულად ჩაიარა და მივხვდით, რომ იმას მივაგენით, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.

დროთა განმავლობაში მშობლებიც შევაგუეთ იმ ფაქტს, რომ ავტოსტოპით გადავაადგილდებით და ამაში ცუდი არაფერია. პირიქით ,საზოგადოების მრავალ ტიპს ხვდები, დიდ გამოცდილებას იღებ და რაც მთავარია ფულს ზოგავ, სათავგადასავლო და საინტერესო ცხოვრების სტილში ერთვები, რაც ყველაზე მაგარია!

გინდა გახდე ავტოსტოპერი?

კარგი, მაშინ პირველ რიგში იცოდე, რომ შიში არ უნდა გქონდეს არაფრის, თუმცა საფრთხეს ყოველთვის უნდა ელოდე და იმდენად ძლიერი უნდა იყო, რომ გაუმკლავდე ნებისმიერ საფრთხეს.

თუმცა თუკი ავტოსტოპზე წესიერ პიროვნებებს შევხვდებით საფრთხეც რასაკვირველია არანაირი არ არსებობს.

როგორ მივხვდეთ ვინ არის კარგი პიროვნება და ვინ არა?

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ადამიანს თვალებში, რომ შევხედავთ და მისი გამოხედვა თუ არ მოგვეწონა იმ ადამიანს არ ვუსხდებით, შეიძლება კი კარგი პიროვნებაა, მაგრამ მაინც თავს ვიზღვევთ.

გაჩერებისთანავე ვკითხულობთ სისწრაფე უყვარს თუ არა და როცა ამ ყველაფერს გავარკვევთ მას შემდეგ ვსხდებით.

როგორ ჩაიცვა?

გირჩევ, რომ ფერადი იყო ყოველთვის და ავტოსტოპზე მით უმეტეს, რადგან ფერადოვნება ადამიანებს შენს მიმართ ყოველთვის დადებითად განაწყობს (მძღოლებს უთქვამთ მრავალჯერ).

ჰო, კიდევ...

უნდა იყო შეგუებული იმ ფაქტს ,რომ შეიძლება ძალიანაც არ გაგიმართლოს ავტოსტპოპზე და რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხითაც მოგიწიოს.

უკვირთ თუ არა ?

კი, უკვირთ რომ ავტოსტოპით ვმოძრაობთ, ახალი ხილია ჯერ მაინც და...

გვეკითხებიან როგორ არ გეშინიათო, მაგრამ ჩვენი პასუხი ყოველთვის ზემოთ აღნიშნულია )).

რამეს გავიხსენებდი თუ არა?

როგორ არა. ბევრი რამის გახსენება შემიძლია, ძალიან ბევრის და ძალიან კარგების, მაგრამ მართალი გითხრათ და ამდენის წერა მეზარება J

ამიტომ ერთ კარგ და ერთ საკმაოდ ხიფათიან ისტორიას გავიხსენებ...

ერთ-ერთი ავტოსტოპის დროს მამაომ გაგვიჩერა(ლოკაცია რაჭა) და გავყევით, შოვში მივდიოდით და გზად ბევრი ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა რელიგიაზე. შოვამდე არ მისულები იქვე მდინარის პირას ჩამოგვსხა და რაღაც კენკრვან მცენარესთან მიგვიყვანა და გვითხრა, რომ ილია მეორის მიერ ნაკურთხი კენკრა იყო და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო, ამიტომ გვირჩია გვეჭამა. თავადაც ჭამა და ჩვენც ვჭამეთ. შემდეგ მამისონზე წაგვიყვანა (მანქანა მანამდე არ გაგვიჩერა), მართალი გითხრათ რაღაც კი გვეუცნაურებოდა ეს სიტუაცია, მაგრამ არ შეგვშინებია და არაფერში დავეჭვებულვართ.

შემდეგ უკან დავბრუნდით, გზად ტყეში ხალხი ვნახეთ, იმათთან ვისაუბრეთ და უკან რომ გამოვბრუნდით ძალიან ცუდად გავხდით.

ეს ჩვენი ცუდად გახდომა კი იმით დამთავრდა, რომ 2 დღე თბილისში, რეანიმაციაში ექიმები ჩვენს გადარჩენას ცდილობდნენ.

და შემდეგ გაირკვა, რომ ეს კაცი სულაც არ ყოფილა სასულიერო პირი და ასე დაეხეტებოდა იქეთ-აქეთ. კენკრა (ბელადონა) კი, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზა ჰალუცინოგენი, რამაც გამოიწვია ჩვენი მოწამვლა.

ღვთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს უფრო ინტენსიურად ვმოძრაობთ ავტოსტოპით.

კარგი ?

კარგი ძალიან ბევრია. ერთს გავიხსენებ...

სვანეთში ვიყავით 5 დღით სახეტიალოდ წასულები, იმდენად კარგი ხალხი შეგვხვდა ავტოსტოპზე, რომ არც ტრანსპორტი და არც საკვები ჩვენი საფიქრალი აღარ იყო. ძალიან დიდი პატივი გვცეს და დღეს კარგი მეგობრები ვართ და ძალიან მიხარია.

ასეთი ისტორია კი ბევრია!

პ.ს.

ჰოდამ ასე, მე ასე გავხდი ავტოსტოპერი! :-)


სტატიის და სურათების ავტორები: თამარ და მირანდუხტ დავითულიანები


1 comment:

  1. კარგი ბლოგი გაქვთ ძალიან. მალე ავტოსტოპით პირველად ვაპირებ გადაადგილებას. მგონი თქვენი ბლოგი გარკვეულ წილად დამეხმარება ^_^

    ReplyDelete