Monday, October 20, 2014

ლაშქრობა: აბასთუმანი-ზეკარი

ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად პოპულარული ბილიკია. N5 სალაშქრო ბილიკი იწყება აბასთუმნის მცველთა საგუშაგოსთან და ჩრდილოეთით ზეკარის უღელტეხილისკენ მიდის. შემდეგ რუკა გვეუბნება, რომ ბილიკი ჯერ დასავლეთით, შემდეგ კი სამხრეთით მიდის და ისევ აბასთუმანში ბრუნდება. ბოლო ინფორმაციით სრული წრის გავლა შეუძლებელია და მოლაშქრეებს არ უშვებენ, რადგან გარკვეული მონაკვეთები დაზიანებულია. ამიტომ ორი ვარიანტია: ზეკარის უღელტეხილიდან ან იმერეთისკენ აიღოთ გეზი და სამანქანო გზას გაუყვეთ საირმემდე, ანდა უკან დაბრუნდეთ იმავე ბილიკით, ან სამანქანო გზით. სხვათაშორის, აბასთუმანსა და საირმეს შორის არის გრუნტის გზა და ძალიან პოპულარულია ჯიპ ტურებისთვის.


ტრანსპორტი
რამდენიმე ვარიანტია. იდეალურია, თუ საკუთარი მანქანით წახვალთ. ერთი მიმართულებით გზა (თბილისი-ხაშური-ბორჯომი-ახალციხე-აბასთუმანი) დაახლოებით 240 კილომეტრია. თუ მანქანა არ გყავთ, მაშინ დიდუბის ავტოსადგურიდან გადის მარშუტკა და მგზავრობა 14 ლარი ღირს. არ გირჩევთ ავტოსტოპს. ამ ზაფხულში ბორჯომამდე კარგად ჩავედით, იქედან აბასთუმანისკენ კი ავტოსტოპი არის შეუძლებელთან ძალიან ახლოს. ფაქტობრივად ჩიხია.

რეგისტრაცია ლიკანში
ეროვნულ პარკში შესასვლელად საჭიროა ლიკანის ვიზიტორთა ცენტრში გაიაროთ რეგისტრაცია. აქვე შეგიძლიათ იქირაოთ საჭირო აღჭურვილობაც, თუ არ გაქვთ (საძილე ტომარა, კარავი და ა.შ.). ეროვნულ პარკში საკუთარი კარვით თუ მიდიხართ, ერთი ღამით დარჩენის საფასური კაცზე 5 ლარია, ხოლო კოტეჯში - 10 ლარი.

სალაშქრო ბილიკი
არსებული მოცემულობით ამ ბილიკის გავლა (თავისი მგზავრობიანად) 2 დღეში არის შესაძლებელი. თუ ვინმე ყოფილხართ შედარებით პოპულარულ ლომისმთის ბილიკზე, მინდა გითხრათ, რომ დიდმაღალას კოტეჯამდე მისასვლელად (9 კმ) იგივე ძალისხმევა გჭირდებათ, რაც ლომისმთის კოტეჯამდე (15 კმ). ბილიკი არის რთული, რადგან უმეტესად სულ აღმართია. ძირითადად მიდიხარ ტყეში და არ გხვდება ისეთი ადგილები, სადაც ჩამოჯდები და ხედით დატკბები. ბილიკი მარკირებულია, მარკირება 2014 წლის აგვისტოში განაახლეს და რუკის გარეშეც შეიძლება გზის გაგნება. საშუალო სტატისტიკური მოლეშქრე ამ ბილიკს ალბათ 4 საათში დაფარავს.

წყაროები ბილიკზე
ამჟამად არსებულ მარკირებას თუ გაყვებით, ბილიკზე წყარო არ შეგხვდებათ. თუმცა, ძველი ბილიკით თუ წახვალთ და გზას 1 კილომეტრით გაიგრძელებთ, წყლის ავსებას შეძლებთ. სამწუხაროდ არანაირი ნიშნული არ დგას გზაზე, რაც წყაროზე მიანიშნებს. არადა წყალი ზედ გზაზევეა და საძებარი არ არის. უბრალოდ, სანამ ახალი მარკირებით მინიშნებულ უღმერთო აღმართს შეუყვებით, გზას კიდევ ცოტაც უნდა გაჰყვეთ და 10 წუთში წყაროს მიადგებით. შემდეგ კი ზუსტად წყაროს თავზე, ხელმაჯვნივ, აღმართს შეუყვებით და ეს ძველი ბილიკი ახალ მარკირებულ ბილიკს შეუერთდება 500 მეტრში.

დიდმაღალას ტურისტული თავშესაფარი (aka კოტეჯი)
ინფრასტრუქტურა 2014 წელს განაახლეს. შეაკეთეს საწოლები, ჩასვეს მეტალოპლასმასი კარფანჯარა და კოტეჯი შეღებეს (თუ რამე გამომრჩა, მაპატიეთ). კოტეჯში არ არის ღუმელი, გარეთ არის მოწყობილი საკოცნაო ადგილი (ანუ კოცონის ასანთები ადგილი, ან თუნდაც... რავიცი). წყაროსკენ ნიშნული აქაც არ დგას, მაგრამ რომც იდგეს, იდგეი რაა! წყარო დამშრალია! ერთადერთი საშუალებაა, რომ ბილიკს გაუყვეთ, მწყემსების ბინებამდე ახვიდეთ და იქ აავსოთ. თუ იქაც არ დაგხვდათ წყალი (და არც მწყემსები), მაშინ ზეკარის უღელტეხილისკენ გაუყევით სამანქანო გზას და მალევე შეგხვდებათ მარჯვნივ წყარო. თუ ეგეც დამშრალი დაგხვდათ, ლოცვა გააძლიერეთ და წვიმას დაელოდეთ!


საჭირო კონტაქტები
თუ რამე გაგიჭირდათ, დაურეკეთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ექსპერტ-სპეციალისტ-ყველაფროლოგს: გაგა მუმლაძე 577640480
აბასთუმნის მცველთა საგუშაგოს რეინჯერები: ალეკო 577640425 ანზორი 577640422

შემოდგომის ხედები:




#აბასთუმანი #ზეკარი #ლაშქრობა

No comments:

Post a Comment