Saturday, October 11, 2014

Nikon D750 - გასათვალისწინებელი გარემოებები

ახალი ფოტოაპარატი ნამვილად კარგი რამ არის. ახალი ტექნოლოგიები, ახალი შესაძლებლობები, ახალი ფუნქციები - ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ჟღერს. მაგრამ, ახალი მოდელის ყიდვას თავისი კუდებიც აქვს. 2 კვირაა, რაც D750 შევიძინე და ბევრი გარემოება აღმოჩნდა, რაც წინასწარ შეიძლება არც მქონდა ნაფიქრი. რამდენიმე მათგანს ამ პოსტში მოგიყვებით და, იმედია, ოდესმე თქვენ გამოგადგებათ.


RAW ფორმატი
ეს რა ფორმატია, ალბათ კარგად იცით. როცა საშუალება მაქვს, სწორედ ამ ფორმატით ვიღებ სურათებს, შემდეგ კი Adobe Lightroom-ში ვუკეთებ რედაქტირებას და საბოლოოდ ვინახავ კომპრესირებულ ფაილებს (JPEG) არქივში, ან ვაქვეყნებ სოც.ქსელებში. თუმცა, ფოტო რედაქტორების უმრავლესობას ჯერჯერობით ახალი მოდელის RAW ფორმატის მხარდაჭერა არ აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ მე მათი დამუშავება არ შემიძლია, ჩემი Lightroom ვერ აღიქვამს D750-ით გადაღებული RAW სურათების ფორმატს. სავარაუდოდ, მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში გამოვა განახლება ყველა მნიშვნელოვანი ფოტო რედაქტორისთვის, იქამდე კი, მიწევს JPEG-ებთან თამაში.

აქსესუარები
ძალიან უსამართლოა, მაგრამ ფაქტია, რომ სხვადასხვა ხაზის მოდელებს შორის ბევრი აქსესუარი თავსებადი არ არის. ამიტომ მომიწევს ზოგიერთი მათგანის ხელახლა ყიდვა. მაგალითად, სათადარიგო ელემენტები, დისტანციური პულტი და ა.შ. აქსესუარები ფოტოაპარატის ფასთან შედარებით თითქოს უმნიშვნელო ხარჯია, მაგრამ სინამდვილეში იმდენი აქსესუარის ყიდვა გიწევს, რომ ჯამში მათ ფასად რამე კარგ ოპტიკას მიამატებდი კოლექციას.

მონსტრი ფაილები
ჩემი D90-ის ფაილების ზომა იმდენად მისაღები იყო, რომ ულტრაბუქის პროცესორიც მარტივად ერეოდა მათ დამუშავება-კონვერტაცია-შენახვას. ახლა თითოეული სურათი 2-ჯერ მეტი პიქსელისგან შედგება და მათი ზომაც გეომეტრიულად გაიზარდა. ჯერ მარტო JPEG-ების ზომაა მნიშვნელოვნად დიდი და წარმომიდგენია, RAW ფაილების დამუშავება რა სირთულე იქნება არსებული კომპით. ალბათ გაცილებით დიდ დროს წაიღებს. შედარებისთვის, D90-ის RAW ფაილის საშუალო ზომა 10 mb იყო, ხოლო D750-ის შემთხვევაში ზომა 30 მეგაბაიტს აღწევს.
დამუშავების გარდა მათ შენახვაზეც მეტი რესურსი წავა. სავარაუდოდ, მომიწევს ახალი გარე მყარი დისკის ყიდვა.
ასევე, ფაილების გაზრდილი ზომის გამო ფოტოაპარატში უფრო სწრაფი SD ბარათი უნდა ჩავდო, რათა აპარატმა სისწრაფე არ დაკარგოს.

ლინზები
კიდევ ერთი უსამართლობა. ე.წ. "კროპიან" და "ფულფრეიმ" კამერებზე განსხვავებული ლინზებია საჭირო. DX ტიპის ლინზები გათვლილია მცირე ზომის სენსორიანი, ანუ კროპიანი აპარატებისთვის. ჩემი პირველი რამდენიმე ლინზა DX-ია, ანუ მათ გამოყენებას ახალ აპარატზე ვერ შევძლებ. ეს ახალი აღმოჩენა არ არის ჩემთვის და ფულფრეიმისთვის მზადება უკვე რამდენიმე წელია დავიწყე ლინზების ხაზის განახლებით, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი გარემოებაა.

No comments:

Post a Comment