Sunday, October 19, 2014

პირისპირ D750 და D610

მადლობა სანდროს!
დღეს პირველად მქონდა შანსი, რომ ეს ორი კამერა გვერდიგვერდ მენახა და შემედარებინა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო სანდროს! ამ პოსტში მოკლედ მოგიყვებით ჩემს შთაბეჭდილებებს და მათ შორის განსხვავებებს. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კამერების ტექნიკური ნაწილის განხილვა, რადგან ინტერნეტში უკვე ისედაც მრავლად არის ხარისხიანი შედარებები. 


სანამ D750 დაანონსდებოდა, ჩემი სამიზნე სწორედ D610 იყო. თუმცა რეალურად ეს კამერა თვალით არ მქონდა ნანახი, არც იშოვებოდა მაინცდამაინც საქართველოში, რომ მივსულიყავი რომელიმე მაღაზიაში და თვალი შემევლო. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აპარატი მოსახერხებელი იყოს, ხელში კარგად ჯდებოდეს და გადაღებისას კომფორტულად გრძნობდე თავს. რას ვიზამთ, საქართველოში ამის ფუფუნება არ გვექნება ალბათ ახლო მომავალში.

როცა დადგა ის დრო და შანსი, რომ ახალი კამერა უნდა მეყიდა, მოვხვდი იქ, სადაც ეს ორივე მოდელი დახლზე იდო. ისედაც გადაწყვეტილი მქონდა ახალი მოდელის ყიდვა, მაგრამ ბოლო შემოწმების მიზნით კიდევ ერთხელ წავითამაშე ორივე მათგანით. დრო ბევრი არ მქონდა და ზედაპირული შედარებით D750 უფრო მომწონდა. საბოლოოდ, სწორედ ეს უკანასკნელი მოდელი ვიყიდე (ისტორია სრულად).

თუ D750-ზე რამე წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რომ ამ მატყუარა სახელის მიღმა რეალურად D610-ის შთამომავალი დგას და არანაირად არ არის ეს ლეგენდარული D700-ის ხაზის გაგრძელება. ბევრი ამბობს და მეც ვეთანხმები, რომ სამართლიანი სახელი ამ მოდელისთვის D650 იქნებოდა, მაგრამ მარკეტოლოგებმა სხვანაირად მონათლეს და ჯერჯერობით კარგი შედეგიც აქვთ - ამაზონზე ეს კამერა #1 ბესტსელერად არის გამოცხადებული.

გადავიდეთ ძირითად განსხვავებებზე, რაც ამ ორი მოდელის კორპუსებს შორის დავინახე. დიდი სხვაობაა კორპუსში გამოყენებულ მასალებში. D750-ში გამოყენებული მაგნიუმის შენადნობი და ძალიან მსუბუქი კარონის ბოჭკოვანი მასალები, რის გამოც წონა სხვა ფულფრეიმ მოდელებთან შედარებით მნიშვნელოვნა არის შემცირებული. D610-თან შედარებითაც მსუბუქია, თუმცა უმნიშვნელოდ (10 გრამით).

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა D610-სა და D750-ს შორის არის გაცილებით ღრმა სახელური. ქვემოთ სურათზეც ჩანს, რომ D750-ს ე.წ. გრიფი უფრო ღრმა აქვს, რაც მოსახერხებელია. ამავე სურათზე შეამჩნევთ, რომ D750-ის დამხმარე ეკრანი უფრო პატარაა, რაც ალბათ სწორედ ღრმა სახელურით არის გამოწვეული. ჩემთვის თავიდან ძალიან პატარა ჩანდა, თუმცა ახლა იმდენად შევეჩვიე, რომ დისკომფორტს საერთოდ არ მიქმნის.
მარცხნივ D750, მარჯვნივ D610
კიდევ ერთი სხვაობა, რაც D750-ს უფრო მოსახერხებელს ხდის, არის დამატებითი რეზინი მეხსიერების მარათის კარზე. მცირე გაუმჯობესებაა, თუმცა ბევრად მოსახერხებელია ასე. ბარემ აქვე აღვნიშნავ, რომ ეს კარი თითქოს უფრო ადვილად იხსნება D610-ზე ვიდრე D750-ზე. 
მარცხნივ D610, მარჯვნივ D750
ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება არის გადმოსაშლელი ეკრანი. ყოველთვის შურის თვალით ვუყურებდი დაბალი კლასის აპარატებს, რომლებსაც გადმოსაშლელი ეკრანი ჰქონდათ. ჩემი აზრით ძალიან მოსახერხებელია. განსაკუთრებით მაკრო რეჟიმში, ან დაბალ შტატივზე სამუშაოდ, ასევე მაღალი ხედით გადასაღებად. მე უკვე ძალიან დამეხმარა აბასთუმანში ლაშქრობისას, როცა ღამის გადაღებისთვის კომპოზიციის შესარჩევად მიწაზე გაწოლის და ხედმაძიებელში გახედვის მაგივრად კომფორტულად გადმოვშალე ეკრანი და გავასწორე კამერა ჩემს გემოზე. მაგრამ ეკრანი არც ისე დიდზე იშლება, რომ ე.წ. სელfებისთვის გამოდგეს :-)


ხედმაძიებელში განსხვავება თითქმის არ არის. მგონი საერთოდაც იგივეა. იმავე ზომისაა და საკმაოდ დიდი, განსაკუთრებით თუ DX კამერებზე ხართ ჩემსავით მიჩვეული.
D750-ის ხედმაძიებელი

D610-ის ხედმაძიებელი
პირველ დღეებში დიდი თავსატეხი გამიჩინა ავტოფოკუსის რეჟიმის ღილაკმა, რომელსაც ვერაფრით მივაგენი. ჩემს ძველ D90-ზე თვალსაჩინოდ იყო გამოტანილი დამხმარე ეკრანთან, ხოლო ამ ახალ მოდელებზე გადაუტანიათ ავტო/მანუალ ფოკუსზე გადამრთველთან.

ბოლოს რამდენიმე დამატებითი სურათი და ბმული ნასიმ მანსუროვის ბლოგზე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ D750-ის არაჩვეულებრივი განხილვა და სურათის ხარისხის შედარებები სხვადასხვა კამერასთან


No comments:

Post a Comment