Sunday, June 1, 2014

როგორ გადავიღე სურათი #7

ეს არ არის ინდუსტრიის სტანდარტული ფოტოსურათი. ერთი ჩვეულებრივი პროდუქტის ფოტოა. უბრალოდ, ამ სურათით მინდოდა მეჩვენებინა, თუ რა შეიძლება გადაიღოთ სახლის პირობებში. ასევე, ნუ მიიღებთ ამ პოსტს, როგორც რეკომენდაციას ღვინის ბოთლის გადაღებისთვის. მთავარია, იყოთ შემოქმედებითი და სცადოთ ბევრი სხვადასხვა განლაგება სასურველი შედეგის მისაღებად. აქვე, მინდა მოგიწოდოთ ჯანსაღი კრიტიკისკენ, რადგან პროდუქტის ფოტოგრაფია სიახლეა ჩემთვის და ბევრი მაქვს სასწავლი.


ამ გადაღებაში გაწეული ინტელექტუალურ-მატერიალურ-და ა.შ. სახის დახმარების გაწევისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს თაკოს, ნიკოს და ლევანს!
ასევე ჩემს მშობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, თელასს, დურასელს და... ჰო, კაი, ვიწყებ პოსტის არსებითი ნაწილის წერას:


როგორც დასაწყისში ვთქვი, ეს სურათი ჩემს სახლში, მისაღებ ოთახში გადავიღე, სადაც საკმარისი ფართი მქონდა საჭირო განათებების და ფონის განსათავსებლად და, აგრეთვე, შევძლებდი ტელეფოტო ლინზით გადაღებას. "სცენის მიღმა" სურთები ჩემი აპოდით არის გადაღებული და ხარისხზე ნუ აღშფოთდებით.

სცენის მიღმა
როგორც დავასკვენი, პროდუქტის გადასაღებად უმთავრესი სწორი განათებაა. შეიძლება არ გქონდეს ფონი, არს კარგი მაგიდა, მაგრამ განათება თუ არ გაქვს, ხარისხიანი ფოტოსგან შედეგი შორს იქნება.

გადაღების პირველ დღეს მქონდა 2 ცალი მაშუქი. ერთი მათგანი ჩემს ერთადერთ სოფთბოქსს დავუმაგდე (კვადრატული ფორმისაა, დაახლოებით 60-60-ზე სანტიმეტრი), მეორე კი შტატივზე და ზედ "წინდა დიფუზორი" მოვარგე, რათა გაბნეული და თანაბარი შუქი მიმეღო. სოფთბოქსი დავაყენე ბოთლის წინ 45 გრადუსით, მარჯვნივ და დაახლოებით 1.5 მეტრის დაშორებით. მეორე მაშუქი კი ზუსტად ასევე, ოღონდ ბოთლის უკან. ამით მინდოდა, რომ ბოთლის სილუეტი გამოკვეთილი ყოფილიყო ფონისგან. მეტი განათება ამ სურათში არ გამომიყენებია, მათ შორის, არც ოთახის და არც ფანჯრიდან შემოსული შუქი. აი, შედეგი:


მაგრამ ეს სურათი დიდად არ მომწონდა. 1) ბნელ ფონზე მუქი ფერის ბოთლი კარგად მაინც არ ჩანდა. ასევე, ბოთლის მარცხენა მხარეს შუქი თითქმის არ ხვდებოდა, რის გამოც ეს ადგლის სრულიად ჩაბნელებული ჩანდა. 2) როდესაც ამ ღვინის მწარმოებელს დავეკითხე აზრს, აღმოჩნდა, რომ ღვინის ფერი რეალურისგან განსხვავდებოდა და, ამას გარდა,  3) ჭიქაც შეუსაბამო მქონდა არჩეული.

მოკლედ, გადავწყვიტე მეორე დღეს გამეგრძელებინა გადაღება.

ნიკომ (მწარმოებელი) მეორე დღეს მომიტანა ჭიქა და ღვინო, რომელიც სახლში მისვლისთანავე გავაცივე მაცივარში. თეთრი ღვინო ხომ ცივი ისმევა და მინდოდა ეს სურათზე გამოჩენილიყო.
საღამოს წავედი და შევიძინე თეთრი ნაჭერი. შემდეგ მეგობარს ვეთხოვე დამატებით მესამე განათება და იუთუბზე ვნახე ფაქტობრივად ყველა ვიდეო, რაც ბოთლების გადაღებას ეხებოდა.

საღამოს სახლში რომ მოვედი, თავიდან შევუდექი საქმეს. პირველი, რაც მოვამზადე, იყო ბოთლის ფორმის ამრეკლი. ავიღე ჩვეულებრივი კარდონი, გამოვჭერი ბოთლის ფორმის ფიგურა და ზედ გადავაკარი ვერცხლისფერი ფოლგა. მივაწებე კუსტარული ფეხი, რათა 90 გრადუსით დამდგარიყო "ფეხზე". ეს ტექნიკა იუთუბზე, ერთ-ერთი ვიდეოდან დამამახსოვრდა და ძალიანაც გამომადგა. ამრეკლი ბოთლის უკან ისე განვათავსე, რომ სურათზე საერთოდ არ გამოჩენილიყო. ამრეკლის მთავარი ფუნქცია კი იყო ბოთლის მომწვანო ფერის გამოჩენა.

ამის შემდეგ ავაწყე განათება. ამჯერად ასეთი განლაგება ავირჩიე:
1) ფონის განათება - მაჩუქი დავაყენე მაგიდის ქვემოთ და მივმართე ფონზე, განათების ძალა 1/16
2) სოფთბოქსი დავაყენე ბოთლის წინ და მარჯვნივ 45 გრადუსით და დაახლოებით 1.5-2 მეტრის დაშორებით. განათების ძალა 1/8
3) მესამე განათება ზედ დამაგრებული დიფუზორით დავაყენე ბოთლის წინ და მარცხნივ 45 გრადუსით და დაახლოებით 1.5-2 მეტრის დაშორებით. განათების ძალა 1/32

ამას გარდა, თაკო მეხმარებოდა ამრეკლის მინათებაში, რომელიც სოფთბოქსიდან წამოსულ შუქს ანათებდა ბოთლს, ანუ გადასაღები ობიექტის უკან იდგა დაახლოებით 45 გრადუსზე.

ამ ყველაფრის სურათები, როგორც შესაძლებელი იყო გადაღება:




გადაღება დავიწყე ცარიელი ჭიქით, რათა შემემოწმებინე იდეალური განათება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიღე მაცივრიდან ცივი ღვინო. ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან საბოლოო სურათის გადაღებისას ჭიქას ცვარი ჰქონდა მოკიდებული, მანამდე კი 1-2 საათი ამ იდეალური განათების აწყობაზე დავხარჯე, რა დროსაც ღვინო გათბებოდა.

როცა საბოლოოდ მზად ვიყავი გადასაღებად, ჭიქაში ჩავასხი ღვინო 1/3-დან ნახევრამდე რაოდენობით. ეს რჩევაც ნიკოსგან მივიღე. რამდენიმე ცდის შემდეგ სურათი მზად იყო. თუმცა არც მთლად!

დამუშავება

ეს ის ნაწილია ფოტოგრაფიაში, რაც ყველაზე ნაკლებად მიყვარს და ყველაზე ნაკლებად ვერკვევი. თუმცა ამის გარეშე პროდუქტის ფოტოგრაფია შეუძლებელი მეჩვენება.
საბოლოო ვარიანტის შერჩევისას აღმოჩნდა, რომ ღვინის ფერი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც განსხვავდებოდა რეალურისგან. ამიტომ მცირე მანიპულაცია დამჭირდა. Adobe Lightroom-ში ვეცადე მხოლოდ ჭიქაში ჩამოსხმული ღვინის ფერი შემეცვალა. გთავაზობთ ე.წ. "before & after" სურათს საილუსტრაციოდ:


ამას გარდა, ბოთლის ეტიკეტზეც წავიმაიმუნე, რათა უკეთ გამომჩნდარიყო წარწერები და სიმკვეთრეც მეტი ჰქონოდა.
და ბოლოს, სურათი ცოტა მარჯვნიმ მე ჩვენა გადახრილი და შესაბამისად შევასწორე.

ეს კი გვერდიგვერდ ორიგინალი და საბოლოო შედეგი:

და ბოლოს, ამ გადაღებაში გამოყენებული აღჭურვილობის შესახებ:

კამერა: Nikon D90
ლინზა: Nikkor 80-200mm f/2.8
განათებები: 2 ცალი Nikon Sb-700 და ერთი ცალი Vivitar 383
გადაღების პარამეტრები: ISO 200, 120mm, F4.0, 1/200 sec.

მადლობა ყურადღებისთვის და ველი კრიტიკას.

No comments:

Post a Comment