Friday, June 20, 2014

ციფრული თაღლითობა


როგორც ანრი კარტიე-ბრესონმა თქვა, ფოტოგრაფის პირველი 10 ათასი სურათი ყველაზე ცუდია. ჰენრი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 35 მილიმეტრიანი ფირის გამოყენება დაიწყო, ამბობს, რომ მისი პირველი 280 ფირი ნაგავი იყო. თუ საშუალოდ კვირაში 2 ფირს ხარჯავდა, მაშინ მისი ფოტოგრაფიული ცხოვრების პირველ 2.5 წელიწადს ფუჭად ჩაუვლია.
ახლა გადავხედოთ ჩვენს ბოლო 2.5 წელიწადში დაგროვებულ სურათებს. საქაღალდეზე მარჯვენა წკაპით გადათვალეთ, რამდენი სურათი გაქვთ გადაღებული? 50 ათასი? 100 ათასი? გააჩნია, რა სიხშირით იღებთ.

მოდით, სხვანაირად მივუდგეთ საკითხს. წახვედით გადაღებაზე. აჩხაკუნეთ უაზროდ. მერე მოხვედით სახლში და გადაგაქვთ სურათები კომპში. "copying 268 of 1247" - გეცნობათ მესიჯი? წახვედით, ყავა დაისხით, დაბრუნდით კომპთან და "estimated time remaining 1 minute 27 seconds" - გახსენდებათ ასეთი?

ანრი 2004 წელს გარდაიცვალა, ანუ იქამდე, სანამ ციფრული ფოტოაპარატები შესაძლებლობებით ფირის აპარატებს გაასწრებდნენ. დღეს, 10 წლის შემდეგ, დამკვიდრებული სტერეოტიპეია, რომ ფირით მარტო ჰიფსტერებიღა იღებენ. ანრი რომ 1908 კი არა 2008 წელს დაბადებულიყო, ალბათ პირველი 10 ათასის ნაცვლად 100 ათას სურათს მოისვრიდა სანაგვეზე.

მე ფოტოგრაფიაში ფეხი ციფრულ აპარატთან ერთად ავიდგი. წლები გავიდა, სანამ პირველად მომიწევდა ფირით გადაღება. 2010 წელს Zenit EM მაჩუქეს. დღეს ის უკვე თაროზე დევს, მაგრამ თავის დროზე ზენიტით გადაღებისას აღმოვაჩინე, რომ რეალურად არაფერი გამეგებოდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ექსპოზიცია, კომპოზიცია, ფოკუსირება. 

მაინც რა ყრია ამისთანა ფირში? იმ კასპელი კაცისა არ იყოს, მე ასეთი ფსიქოლოგიურ-რაღაცნაირი დასკვნა გამოვიტანე: კადრების რაოდენობა შეზღუდული რომ არის, უფრო უფრთხილდები, ნაკლებს რისკავ, მეტს ფიქრობ გაადღებამდე. ანუ 100-ჯერ აწონი და ერთხელ ჭრი. ამის საილუსტრაციოდ ჩემს საქაღალდეებს გადავავლე თვალი. ვნახე, გადაღებული კადრიდან მოწონებულების რაოდენობა. საშუალოდ, ერთი 36-კადრიანი ფირიდან 20 მაინც გამოდის ისეთი, რომ გამოვფინო სახალხოდ. დანარჩენებში ან ფოკუსია გაქცეული, ან ექსპოზიცია არეული. ეს უკანასკნელი კი, ეჭვი მაქვს, გამჟღავნების ბრალიცაა ნაწილობრივ (შეიძლება ვცდები). 

ახლა გვერდით საქაღალდეებს გადავხედო - ციფრულ ფოტოებს. 2 კვირის წინ ვიყავით გადაღებაზე. თან მქონდა ფირიც და ციფრულიც. ახალი ფირი ჩავდე და სულ 15 კადრი გადავიღე 2 საათის განმავლობაში. ციფრულით კი - 275 სურათი. ამ 275-დან, 10 გადავარჩიე და 3 სახალხოდ გამოვფინე, დანარჩენები კი ციფრული მტვრისთვის არიან სამუდამოდ განწირულები.

ახლა მითხარით, ხომ არის ერთი ფინთი გამოთქმა, ათასში ერთხელ მძ$% აყვავდებაო. ჰოდა 1000 ციფრული სურათიდან ერთი თუ გამოდის, რაღაა ფოტოგრაფის ამბიცია? ვართ კი ჩვენ, ციფრული თაობის ფოტოგრაფები, ნამდვილი ფოტოგრაფები?

სკოტ კელბი, ერთი თანამედროვე ფოტოგრაფი, ლექტორი, ბიზნესმენი და ვოღრაში კაცი, თავის ვიდეო ლექციაში ყვება, როგორ იღებს სურათებს. ისიც იგივეს ამბობს, რომ თითო სესიის შემდეგ ტონობით ნაგავი კადრი უგროვდება და გადარჩევის პროცესს საათები, დღეები მიაქვს. სკოტს რომ თავი დავანებოთ, National Geographic-ის ფოტოგრაფებისგანაც იგივე ისმის. ჩაუსაფრდებიან სერენგეთის ლომებს და მთელი თვე უღებენ იმ ერთი კადრის დაჭერის იმედით. 

ციფრული ფოტოგრაფია ერთ დიდ თაღლითობად იქცა, თანაც ყველასთვის ხელმისაწვდომ თაღლითობად. ფოტოაპარატები გაიაფდა და იყიდება ყველგან. ფოტოშოფი, ინსტაგრამი და ათასი აჯღა-ბუჯღა აპლიკაცია ჩვენს სურათებს შემოქმედებითი (aka კრეატიული) ნიღბით აკეთილშობილებს. დღევანდელი კომერციული ფოტოგრაფია ხომ საერთოდ წარმოუდგენელია ფოტომანიპულაციების გარეშე. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია. მაგრამ, მგონი არც კარგია. ამ პოსტით სულაც არ მინდა ხოტბა შევასხა მათ, ვინც ფირით იღებს და შევურაცხყო ისინი, ვინც ფოტო და კომპიუტერულ მიღწევებს სარფიანად იყენებენ. ორივეს თავისი ადგილი აქვს და თავისი მუღამი. მაგრამ ამ ციფრულ სამყაროში ფირით გადაღება ჩემთვის უფრო "ნაღდი" გახდა. ფირის ფოტოსესიის დროს შეგრძნებაც კი უფრო მძაფრი მაქვს, როცა გადაღებისთანავე არ ვიცი, რა იქნება შედეგი. 

კარგი ფოტოგრაფის ხელში ნებისმიერი სახის აპარატი მხოლოდ ინსტრუმენტი იქნება, რომ სურათად აქციოს მისი აზრი და ხედვა. ფირს აქვს თავისი ხიბლი, ციფრულს უსაზღვრო შესაძლებლობები. ისევ ანრის სიტყვებით დავამთავრებ: "ილუზიაა, რომ სურათები ფოტოაპარატით იქმნება. სურათს ქმნის თვალი, გული და გონება".

2 comments:

  1. ძალიან მომეწონა ეს პოსტი. მე ფირით არ ვიღებ, თუმცა ადრე მქონდა უბრალო ფირის კამერა და ის მოლოდინის შეგრძნება გამომიცდია – როცა აარ იცი, როგორი კადრი გამოვიდა.
    პირველი 10 ათასი კი ძალიან ბევრი მგონია. ჩემი წინა ციფრულით მგონი სულ 8 ათასი კადრი გადავიღე და გამოდის, ყველა ნაგავია :))

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეთი, გამონაკლისები ყველა წესს აქვს :)) თან ეს წესი სულაც არ არის.

      Delete