Tuesday, June 17, 2014

როგორ გადავიღე სურათი #8

ღამის ფოტოგრაფია ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა და როცა ბუნწიაღში მივდივარ სალაშქროდ, ყოველთვის ვცდილობ ვისარგებლო გამჭვირვალე ჰაერით და კაშკაშა ვარსკვლავები გადავიღო. სამწუხაროდ, წელს გაზაფხული წვიმიანი აღმოჩნდა და თანაც ჩვენი ლაშქრობა ლომისმთისკენ სავსე მთვარეს დაემთხვა. ამიტომ იმ ღამეს რაღაც განსხვავებულის გადაღება გადავწყვიტე.
ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი

ეს სურათი არის რამდენიმე ტექნიკის სინთეზი, კერძოდ - გრძელი ექსპოზიცია და სინათლით ხატვა. თუმცა ეს ჩანაფიქრი თავიდანვე არ მქონია და მხოლოდ გადაღების პირობების სირთულის გამო მომიხდა სინათლით დახატვა.

როცა წვიმამ გადაიღო, უკვე ღამის 10 საათი იქნებოდა. როგორც ზემოთ ვთქვი, მთვარიანი ღამე იყო და ღრუბლები რომ გადაიყარა, მთვარემ ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი წინიდან გაანათა. გადაღება მხოლოდ გრძელი ექსპოზიციით დავიწყე, მაგრამ შედეგები სავალალო იყო. კადრი, რასაც ქვია, მკვდარი გამოდიოდა.
ერთ-ერთი წარუმატებელი შედეგი
მერე უცებ გონება გამინათდა და შევნიშნე, რომ თავშესაფარში ღუმელი ენთო და საკვამურიდან ბოლი ამოდიოდა, რაც ამ სცენას უფრო საინტერესოს ხდიდა. თუმცა, როგორც ზემოთ სურათზე ჩანს, კვამლი იმდენად მკრთალი იყო, რომ გრძელი ექსპოზიციით გადაღებულ სურათზე არაფრით გამოჩნდა. რამე უნდა მომეფიქრებინა და სინათლით დახატვა გადავწყვიტე. ავიღე ჩემი LED ფანარი და გადაღებისას ვცდილობდი წერტილოვანი განათებით მხოლოდ კვამლისთვის მიმენათებინა. საქმეს ის მირთულებდა, რომ ფოტოაპარატის დისტანციური პულტი იმ ლაშქრობაში არ მქონდა თან. ამიტომ განათება ფოტოაპარატთან გვერდით მდგომს მიხდებოდა.

ასე იყო თუ ისე, დამხმარე ძალის ჩართვა გახდა საჭირო. ჩემი თანამოლაშქრე, ნიკო, აღმოჩნდა დაუზარელი და მომდევნო ნახევარი საათი ერთად ვეჭიდავეთ ამ კადრს. ნიკომ სახლს შემოუარა და უკნიდან განათებით ვცადეთ შემდეგი დუბლის გადაღება. პროგრესი აშკარა იყო, თუმცა შუქი ზედმეტი აღმოჩნდა.


ბოლო რამდენიმე დუბლის გადაღებისას განათებაში მეც ჩავერთე და ფანრით ჩრდილში მყოფ კედლებს და მწვანე კარავს ვანათებდი, რადგან მთვარე ზუსტად ჩემს მარცხნივ იყო და საკმაოდ უხეშ ჩრდილებს ტოვებდა როგორც სახლზე, ისე კარავზე.

საბოლოოდ, აი, ეს გამოვიდა ყველაზე კარგი დუბლი:

გადაღებაში გამოყენებული ტექნიკა:
Nikon D90
Tokina 11-16mm
Oben-ის შტატივი
2 ცალი LED ფანარი

No comments:

Post a Comment